კიდევ ხმა მესმის ციდამა
კიდევ ხმა მესმის ციდამა, ცამ გრძნობა გამიზიარა: სამოთხის კარი გამიღო, ბნელეთი გამიმზიანა, დაკუტებული ოცნება განკურნა, გააფთიანა; საამო ჟრჟოლამ შემიპყრო, მთელს ტანში ჩამომიარა… სხვა თვალზე ვნახე სამყარო ჭალა-ველებით, მთიანა. გუშინ რო გული ეჭვობდა, დაკოდილიყო მძიმედა, თავსაც სწყევლიდა, ბედსაცა, ნუგეშს გვაძლევდა მცირედა, დღეს ნავთსადგური იპოვნა იმ ვრცელს განგების მხარესა, ხან რომ გვალაღებს, ტკბილს გვასმევს, ხან მოგვაწოდებს მწარესა, უკლებ-უვსები რა შექმნა, თუნდა შევხედოთ მთვარესა! დღეს მტირალს, ბედის მომდურავს, ხვალ ისევ გაახარებსა. ღარიბს ამდიდრებს, მდიდრისას სიმდიდრეს გაათავებსა, დაბმულს აუშვებს და ახსნილს დააბამს, გააკავებსა… საწუთროს ჟინი შეიგნო, დღე-ღამეობა ჟამისა; ხვალ განთიადის მომლოდნეს შიში არა აქვ ღამისა; ზამთარს ზაფხული მოჰყვება, ყნოსვითა ვსტკბებით მწვანისა… სულდგმულს რად დაეძინაო, ვისა აქვს ღონე დავისა?! აქ საკვირველი რა არი, დიდად სახეთქი თავისა?!.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი