გიგლია (პოემა)
თ ა ლ ა ლ ი (დედა) პურა შაჭამე, ნუ სჩქარობ, შვილო, სილაღევ დედისა, ჯერ ვერ-ოთ გადაავლიეს, კდევ მაასწრობ მთებისა. გ ი გ ლ ი ა (შვილი) რას ამბობ, დედავ, ნეტარა? განა ქორწილში ვარაო?.. ხმალი რა იქნა აქითა, ან ჩემი თოფი ხარაო? აღარსად სამკლავენი ჩნან, აღარც ფარი და ჩაჩქანი!.. ვინ რა-რა ფიქრობს გიგლიას გააღებინოს ალმანი?[1] დ ე დ ა შენ არ მაუკვდე დედასა, შენზედ არ დავჯდე მტირალი, სხვა მე აქ არვინ მინახავ, დილას კი იყო მყვირალი. აბჯარნიც თავისნი ჰქონდენ, თავის ლურჯაზედ იჯდაო: ცხენზეით არ ჩამამხდარა, თამარს შენ ამბავ ჰკითხაო და დაგიბარა: აჩქარდი, წამო ახადის გზითაო; მე სალეკოს ყელს შაუკრავ, გიგლია – საყორნისასო; ეს ორი გზა აქვს ლეკებსა… ჯავრსაც არ შავჭამთ მტრისასო. თუ ისრე გადაავლევენ ლეკნი გოდერძათ თინასო, უთხროდი, თოფი დაჰკროდეს იმ დაღისტანელს წინასო. გ ი გ ლ ი ა მართლა, ი ქალ-კუპრ რა იქნა? იმის ონარი იქნება! დ ე დ ა შენს საჩოხეს სძახს, სილაღევ, და ცხარის ცრემლით იღვრება. გ ი გ ლ ი ა წადი, გამიგე, დედაო, შორი გზა მაქვის სავალი: მათურის-თავი, ხოშარა, – მთები მაქვ გადასავალი. დ ე დ ა (გადის თამართან) ქალო, გიგლია კითხულობს აბჯართ, შენ დაუმალეო? თ ა მ ა რ ი მე. ნუ გავუშვებთ გიგლიას, წუხელ ცუდ სიზმარ ვნახეო. ემაგას მტერი მოგვიკლავს, ცა თავზედ დაგვეხურება. დ ე დ ა სირცხვილი არი კაცისად – ქვეყანა დაემდურება… ან კი ისითა რა ჰნახე? შენ ხომ არა ხარ მისანი? თ ა მ ა რ ი მე ისი ვნახე, დედაო, სხივნ გამქრალიყვნენ მზისანი; დალეწილები ეყარნენ აბჯარნი ჩემის ძმისანი. ჩვენ სახლ-კარ ჩამოშლილიყო, იდგა ოხერი, ტიალი, თავს დაჰბრუნავდნენ ყორნები, – ჩხაოდენ, ედგათ გრიალი. ვტიროდი, ვაჰმეს ვიძახდი, თმანიც სუ ჩამომდიოდა; ჩვენის გიგლიას ლურჯაი ჭალაზედ შამოჰხვიოდა. დ ე დ ა რა გაიგება. ჩვენ მაინც ვერ დავაბრუნებთ სიზმრითა, მდევრად ათასჯერ ყოფილა, ჩემო სილაღევ, – იმითა. კაცს მიტომ კაცსა ვეძახით, უნდა წელს ერტყას ხმალია. მაშ რა უნდა ვქნათ, ხომ ჰხედავ, ფშავლები მტერმა დალია?! ახადი ლეკებს აუკლავ, იქით წაუსხამ ტყვეები… სუ სისხლით გადაუბასრავ უკვენა-ფშავის კლდეები. (თამარ ადგება, გააღებს კიდობანს და ამოიღებს გიგლიას იარაღს. დედა და თამარი გამოვლენ გიგლიასთან,თამარი ტირილით მისცემს გიგლიას: ხმალს, თოფს, ფარს, ჩაჩქანს და სხვა საომარს იარაღს; უნდა უთხრას რამე, მაგრამ ვერ ამბობს, გული ყელში ებჯინება. ამ დროს გიგლიასთან აჩქარებით მოვარდება მეზობლის ქალი). მ ე ზ ო ბ ლ ი ს ქ ა ლ ი (გიგლიას) შენს თვალთ ენაცვლოს შენი და, შე ფშავის ხევის იმედო! წადი, დაღისტნელთ აჩვენე, როგორს ყმებსა ჰზრდის ჩარგალი[2], სვავებს დაუგდე სადილად იმ ძაღთი ძაღლი სარდალი. შამასწვრას ლაშარის ჯვარმა, მოხვიდე გამარჯვებული, გეკიდოს მტრისა ხელები, მხარ-იღლივ გადაგდებული. ჰა, გიდი, გოდერძათ ქალო, ლეკთა სატყვეოდ გაჰხდეო, მეშვლად მოგივა გიგლია – ფშავის არწივი ნახეო. არწივმა მხარნი დაშალნეს, დაპრპიალებდეს ფრანგული. მთა-კლდეთაც გააკვირვებენ მაგის ლეკისად დაკრული! (მეზობლის ქალი ჩამოართმევს გიგლიას ცხენს და შორს გაჰყვება, გააცილებს. დედა და და გიგლიას უკან მისდევენ. თამარი ტირის, დედა გზას დაულოცავს). დ ე დ ა ფშაველთ სალოცავმ შამასწვრას შენს შინ მშვიდობით მოსვლასა, ხერხით მაიქე მტერთანა, ნუ გასწევ ჯიუტობასა. მშვიდობით! ჯვარი გეწეროს! II არაგვის პირ-პირ აჩქამებს გიგლიას ცხენი ნალებსა; აქა-იქ ავლებს ლომივით იმ ცეცხლმოდებულს თვალებსა. გახდა გიგლია ხომურას[3], საწყინარ ეტყვის მხარია. ცუდს ლიშანს არას დაგიდევს, ამობუბუნდა ხარია: “წადი, გენაცვლე, ლურჯაო, ძალა მაიეც მუხლშია, ნათელი ჩამააყენე გაბოროტებულს გულშია. აგერ ტირიან ტყვეები, ელიან ჩვენსა მისვლასა, მალი-მალ გამაჰხედნებენ ყელსა ახადის მთისასა; ამბობენ, სუ როგორ გასწყდა ფშავლებში ქუდოსანიო, სალეკოდ როგორ გაგვხადეს ლაშარის-ჯვარის ყმანიო?” III ახადს ტიროდა თმიანი თინიბექაის რძალიო: “ავაჰმე, ჩვენო სახ-კარო, ვაჰმე, დამიდგეს თვალიო! ავაჰმე, ჩვენო ციხეო, ნაგებო ქვითკირისაო, ჩამოშლილ-ჩამონგრეულო, გადათელილო მტრისაო! მამამთილს თოფი დამიკრეს, დედამთილს ძუძუ მასჭრესო, თინიბექაანთ ბიჭები სუ ლუკმა-ლუკმა ასჭრესო”. მზე გორის პირას გაჰკროდა, ელამებოდა ჩასვლასა, გაღმა-გამოღმა გრილები ტყეს და მთებს უდგმენ ტაბლასა. უკვენა-ფშავის ქედები დაწყობილიყვნენ ჯარადა. ამ დროს შამოჩნდა ჭალაზედ გიგლია, მომსხო ტანადა. ირევა მაღლით და ძირით მაგრილებელი ნიავი, მიიბრძვის მხედრის ლურჯაი, მიიბრძვის, მიაქვ თქრიალი, სუ თან მიაქვის ფეხითა ტყე-მთა, ნათოსი[4] ტიალი; არ აბედენებს[5] კლდე-ვაკეს, არსად სჭირდება ტრიალი. ოფლს, დახეთქილსა მკერდზეით, ქვიშაზედ ჩააქვ ჩხრიალი, უხდება გაირმებულსა რახტის, უზანგის ძგრიალი. IV ბინდდება. აგერ გრილებიც ასცდენ მთებს, გაქრენ ცაშია: გიგლიაც გაჩნდა სოფლის თავს, გადაემართა მთაშია. ქალმა დაიწყო ძახილი, ი რო ტიროდა კარშია: “დაო, გეყოფა ტირილი, პირ დაიბანე, შვენაო[6], კმარა ამდენი ცრემლის ღვრა, კმარა ამდენი წყენაო! გიგლიამ შამაიარა, შუქი მისდევდა კვალადა, ავი შენს დამწყევს მიეცეს, – ეგ მტერს დაჰხვდება ავადა. ერთს არ გაუშვებს ცოცხალსა და არ მოკვდება თავადა. მწედა ჰყავ ლაშარის ჯვარი და ეყოლება კვლავადა. სუ გაჰსწყვეტს ურჯულოებსა, მათ სისხლს დაჰმართებს ბარადა ყინჩად[7] სამ იცის ტრიალი ომში ჯარად და ტარადა!” V მთვარე ამოჩნდა ნალევი, მახარობელი ქვეყნისა; აქა-იქ მოჩანს ნათალი მწვეტი წვერები მთებისა. გორ-გორის პირებს მისდევენ ჯოგი დაღისტნელთ მგლებისა, ხევებში ჩადგა გრილები, ისმის ყვირილი წყლებისა. კლდის თავზედ დასძინებია არწივს, მოყვარეს მთისასა, ბორბალა[8] ყინულიანი გულის-პირს არღვევს ცისასა; ერთი ბუ გაღმით კითხულობს ამბავს გამოღმა ძმისასა. საყორნის ყელში გამოჩნდა ჯგუფ-ჯგუფად ხალხი რეული, ყოყმანობს, წინ სვლას ვერ ჰბედავს ლეკის ბელადი გრძნეული: წინაით ესმა ქვის ჩხერა, ნახა წინწელი[9] სრეული, სთქვა: “წინ ვერ წავალთ, დადეგით, ყური დაუგდეთ შრიალსა, ვაჰ, თარეშობას ესეთსა, ნადავლს და ცდასა ტიალსა!” ოსმანამ ლაგმის ტარითა ცხენი დაღრიჯა ყელშია, ხმალი მაიგდო გვერდზედა, დამბაჩას სინჯავს წელშია. გაუოხრდება ყველაი, სიყვითლემ დაჰკრა ფერშია! როგორც ცით ელვა მოარდა მოყმე რამ სვილის ფერია, ხმალს აპრიალებს გორდასა, მაზედ ნათელი ჰფენია… ერთი შავარდნებრ დაჰკივლა: “ახლა-კი ჩემი ჯერია!” შუაზე გასჭრა ცხენ-კაცი, შამბს ჰკოცნის ხმლისა წვერია; შაიღებება სისხლითა ოსმანას ყვითელ წვერია. “აცათ, მაცალეთ, ძაღლებო, გეყოთ ამდენი თარეში, დიაც-ყმაწვილის ბოჟირი[10] არაგვზედ, ფშავლის მხარეში; ჯერ არ მომკვდარა გიგლია, კიდევ ჯანი აქვ მკლავებში”. ასტეხა მტერმა ყვირილი, დადგა ფარ-ხმალის წკეპანი, მიგორავს ლეკის თავები, სისხლს გააქვ დაბლა შხეპანი. შაჰყარა ერთმანერთზედა იმ ურჯულოთა ცხედარი; ვეღარ მიუვა დედასა ოსმანა ლაშქრით მკვეხარი. “ღმერთო, უშველე”, – იძახის ქალი–ტყვე, ცრემლის მჩქეფარი. “უშველე, – სხვანი ამბობენ, – მაგ ჩვენს უცნაურს ვაჟასა, ნუ დაჰღლი, წმინდავ გიორგი, მაგის კურთხეულს მაჯასა!” ცხრა მოკლა, ოთხი გაიქცა, ერთი გადუხტა ეხშია.[11] წყეულმა ერთ წამს გიგლიას თოფი დაგვიკრა მკერდშია… “ვაჰ, დედას თქვენსა!” ესა სთქვა და გადავარდა ხევშია. ბრძამზე[12] კიდებით მიგორავს, ხმალი უჭერავ ხელშია. გადმოხტა გალაღებული ლეკი, ეძახის ძმებსაო: “მოდით, ნუ სწირავთ ტყვეებსა, ვეღარა ჰნახავთ მტერსაო; თოფი ვკარ, ხევში გავგზავნე, იქ ჰლოკს კლდეების მტვერსაო!..” ქვითინებს გოდერძათ ქალი, მთის ბალახს აბერტყს ცრემლსაო; მოდიან ლეკის შვილები, ხელს უკიდებენ ხელსაო: “წამოდი, ქალო, ნუ სტირი, დაბლა ნუ აწყვეტ თმებსაო. ფეხშიშველს დაგათელინებთ, თინავ, თოვლიანს მთებსაო”. წინ დაიყრიან ტყვეებსა, ყუით სცემენ ხმლებსაო. ტყვენი გიგლიას ჰგლოვობენ, ტირის გოდერძათ ქალია, იმის ხმამაღლა ქვითინმა კლდეც აატირა სალია, აბიჯებს წარა-უგონთა[13], მკვდრისაკე რჩება თვალია: “ვაჟკაცო, შენი სიკვდილი, ვაჰმე, რა დიდი ბრალია! უნდა დაიქცეს სამყარო, გაწყდეს ცარგვლისა ძალია. რად არ მე მოვკვდი შენს უწინ? როგორ გიგონო მკვდარია?!” ხევის პირზედა, ლოდებზედ გიგლია კვდება ხარია, არ უნდა გულხელდაკრეფა, კლდეს მიუბჯენავ მხარია; კვდება გულს უწადინოდა, მტრისა მიჰყვება ჯავრია. როცა გიგლია კვდებოდა, მთებ სატირელზედ სხდებოდა; ერთი ბებერი არწივი ზეით ჭიუხში[14] წყრებოდა, საყორნის თავი მაღალი ზედ შუა გულზედ ტყვრებოდა, მაღლით მომფრენი მთის წყარო სიბრალულისგან შრებოდა. ბეჩავი იმის ლურჯაი გიგლიას თავით ბნდებოდა, ტოტ დასცის, დაიჭიხვინის, თვალებში ცრემლი ჰხლებოდა. სამყარომ შავი ჩაიცვა… მყვირალი რაღას შვრებოდა? VI შორს სამ სალეკოს ყელშია ცის ტატნად კაცი ჩნდებოდა, ხან თავს დააჩენს კლდის პირზედ, ხან დიყიანში ხტებოდა. გულ უწუხს თხის-ტყავიანსა, ერთს ადგილს ვეღარ დგებოდა. თოფს უცვლის პირის წამალსა, მტერს მოუსვენრად ელოდა. ქალის ტირილი შაესმა მყვირალს, ამტეხი ზარისა, შემაშფოთები ტყე-ველის, მაღლა მთის, დაბლა ბარისა; ქარქაშში აღარ დგებოდა ბასრი ფრანგული ხარისა. ღრუბლებში დაქსაქსულია მკრთალი ნათელი მთვარისა, გულს ჩაიმჯიღავს მალი-მალ, მოთქომი სიტყვის მწარისა: “ვაჰმე, იქნება მოჰკლესო რჯულ-ძაღთა ჩემი ძმობილი! თავზედ დავიდვა სირცხვილი, დავრჩე ქვეყნისგან გმობილი! ის სამარეში ვიგულო, ვიარებოდე ცოცხალი! თუ მტრისა ჯავრი შავჭამო, სიკვდილთ, მენაც მომკალი!” VII ყორანმა გადმაიარა ყრანტალით, თავის ღებითა: “დაილოცენით, ფშავლებო, თქვენის ფშაური წესითა. სანამ თქვენა ხართ ცოცხლები, ლეში არ დამაკლდებაო; ბევრს ყმას ამოვწვდი გულ-ღვიძლსა, ნისკარტი სისხლში წრთებაო. საყორნის ყელში ცხრას ლეკსა გიგლიაც თანა ჰყვებაო. მე უფრო გამიხარდება, როცა ვაჟკაცი კვდებაო. ღმერთმა მყვირალსაც უშველოს, ხუთს ლეკს მამიჭრა თავია, ტყვეებიც ახადს მაუდის, მაჰყავ გოდერძათ ქალია. მაგრამა ტირის ბეჩავი, არ შაჰშრობია თვალია, იმის ნაცრემლის ნისლებმა მეც ამირიეს კვალია”. იძახის: “ძმაო გიგლიავ, შენი სიკვდილი ბრალია!” VIII ციდამ ჩამოწვა ღრუბელი, ჩარგალს დაადგა თავზედა; ფშავლების ჯარი მომდგარა გიგლიას სახლის კარზედა. ფშავლის ლამაზი ქალები ცრემლსა აფრქვევენ ძალზედა. დედა გიგლიას დასტირის, ყორნის გამოხრულს მკლავზედა. გულის ამოცლაც მოუსწრავ იმ სატიალოს წამზედა. გიგლია საკაცეში წევს, გულს უწყვავ ხმალი, ფარია, გვერდით უწყვია გიშრისა ქალთა ნაწნავთა ჯარია[15]. გაისმის აქათ-იქითა: “ვაჰმე, რა გვეშველებაო, კარგები იხოცებიან, ბეჩავი ხელში გვრჩებაო!” ––– ხალხში ამბობენ, მთაშია დარბის, დახვივის ცხენიო: “ვაჰმე, სადა მყავ გიგლია, კარგი პატრონი ჩემიო!!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი