არავის არ გემდურებით
არავის არ გემდურით, ღმერთი, რჯული, ხატია! რადგან იმას ვაკეთებ, რაც მინდა და მწადია. უიმისოდ მკვდარი ვარ, ყოფნა ჩემი მჩატია. ის თქვენ რად გაზღვეინოთ, რაც მე მიყვარს, მწადია? ის ჩემია, მე – მისი, მისთვის დავიბადია. თქვენ სასყიდელი გთხოვოთ, რადგან მიყვარს ხატია?! ჩემი დამმონებელი – სიყვარულის ბადია! ბედნიერებით სავსე ხელთ მიპყრია ბადია, ვსვამ და როდი ილევა, თუმც მომწარობს, კარგია. ჩემი ნატვრითი გრძნობა მაინც ჩემი ბარგია, ჩემის ბედნიერების უმთავრესი დარგია. იმით ვარ ბედნიერი, – ავია თუ კარგია. ყველამაც რომ მიყვიროთ: „აქით დაიკარგია!“ – არავის არ დაგწყევლით, ღმერთი, რჯული, ხატია! არავის არ გავალებთ, შემიყვაროთ მისთვისა, რომ სიმართლეს ვმსახურობ, თავს მოვიკლავ ძმისთვისა. ბედნიერი მაშინ ვარ, როს ვიტანჯვი სხვისთვისა. ქვეყანას კი ვაყვედრო?! რადა, ძმებო, რისთვისა? არავის არაფერს გთხოვთ, ღმერთი, რჯული, ხატია! რადგან იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს და მწადია… თქვენც გეკეთეთ? ხომ კარგი. არა? არაფერია! ჩემს მღერას თუნდ ნუ უსმენთ, მე მაინცა ვმღერია, როგორც ბუზი ბზუილა, როგორც ერთი მწერია. მოკეთე თუ გამიწყდა, ეს მტერი ხომ ბევრია! მაინც თქვენი მონა ვარ, თქვენი მიწა-მტვერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი