არ ვტირი
არ ვტირი, არც რას ვემდური, მწარეს ბედს, მწარეს ყოფნასა, მუდამ ეს მოსდევს, ამბობენ, სიმართლესა და ცოდნასა, – რად დავიჩივლებ ტანჯვასა, თუ სხვას რას ვარგებ ცოტასა?! ამიტომა ვსთხოვ უფალსა, ნუგეშად ვყვანდე ყველასა, რომ არ ვზარობდე არადროს გაჭირვებულის შველასა, თოფს ვესვრი დაუმცდარადა ცბიერსა თეთრსა მელასა: ცხვრად ეჩვენება ქათმებსა, არც ზარობს იმათ კბენასა; მოკეთეობას შეჰფიცავს, მარჯვედა ხმარობს ენასა. ტყავს გავხდი, ვაჭარს მივყიდი, გაუხარდება დედასა, რო ჰნახავს კუდ–გაძაგრულსა ქათმის ძვალების მკვნეტავსა. ვერ ვუმტრობ, მინდა ვუშველო დაჩაგრულსა და ბეჩავსა. ან კი რას ვამბობ? უფალი ციდამ ყველასაც გვხედავსა, ყველას საკუთნოს მოგვიწყავს – მართალს და ქვეყნის მყვლეფავსა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი