ღმერთს რაცა ვთხოვე


ღმერთს რაცა ვთხოვე, არ მომცა,
არ შემისრულა მუდარა.
ლამის წავიდე ამ სოფლით,
ისე ჩამაცვათ სუდარა.
ცოტად ნუგეში არა მცეს
კეთილით სავსე გუდამა?
არ ვიცი, ჩემს თავზე არი,
თუ ასე იყო მუდამა?!.
გამანადგურა ბოროტზე
ძალად თვალების ხუჭვამა,
გულ-ამღვრეულმა სიცოცხლემ,
ხათრით ყოფნამ და კუნჭვამა,
დახეთ, რას ცეცხლში ჩამაგდო
წუთისოფელმა ფუჭამა:
წადილი მომცა იმდენი,
რომ ვერა ზიდა ლურჯამა,
სახსარს-კი ასრულებისას
ფრთა და თვალები უჭამა.
სთქვით: რაღა ღონეს მიჰმართოს
ასეთს ყოფაში მუშამა?!
რა ქნას საწყალმა ბატის ფრთამ,
ქაღალდზე მელნის შუშამა, –
დღე და ღამ დაუდეგარად
ძაღლმა მყეფარემ, ყურშავმა?!
აღარაფერს ვთხოვ უფალსა,
აღარც-რას ვიტყვი გზიანად.
აღარცა ვზოგავ სიცოცხლეს
დასაკლავ-დასაზიანად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი