გამოღმით მე ვარ


გამოღმით მე ვარ, გაღმა _ შენ
შუაზე მოდის მდინარე,
ხიდი არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.
მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით გამოვედ
ამ სატიალო მდინარეს.
მეც უნავო ვარ, შენაცა,
ცურვა არ ვიცით, ვტირითა;
მეშველიც არვინ გვიჩნდება
არც ციდან, აღარც ძირითა,
შენ მე მიმელი, მე _ შენა
გაცინებული პირითა.

ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,
მდინარე ბრაზობს, ღრიალებს,
ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი,
როგორ შავადა ტრიალებს!..

რა უნუგეშო ყოფნაა,
წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;
რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია,
მაინც გარგივარ ვერრაში!..
არა, ის მინდა, გხედავდე,
ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ია2005 7 წლის წინ

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი