გული გავგზავნე ქვეყნადა
გული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა, შევხედე, ვეღარ ვიცანი: ათიათასი წყლული სჭირს - ტანჯვა - ვაების ნიშანი. დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ, სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა. ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს, ცრემლის მორევში დნებოდა. ვაებად ქმნილსა მოლხენის აღარაფერი სცხებოდა. ვასუსუვ - ვანუგეშებდი, არ მისმენს, არა სცხრებოდა. თვითეულს შეკითხვაზედა ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა. გავიგე, რადაც სტიროდა და რისათვისაც ბნდებოდა: ქვეყნის ავ - კარგის გაცნობას თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი