ვიცანი, ღმერთო, სამყარო
(სიმღერა) ვიცანი, ღმერთო, სამყარო, - ეს შენი დანაბადები, - იმისი ავლა-დიდება და შიგ საგძალი ნადები; მბოჭავს, არ მათავისუფლებს გარს შემორტყმული ბარდები; დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა გუშინ ნაჭამი ქადები. რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე, ეს ამოდენა ამბები, თავში სიცილი, მოლხენა, ბოლოს - ვაი და დარდები! განგების სათამაშოდა, გასართობად ვართ გამხდრები; ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ და თუნდ მინდვრის თაგვები: გავერანდება ერთხელაც ტურფად შემკული ბაღები, ჩამოინგრევა დარბაზი და სრა-სახლების თაღები; ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა დღეს მოლხინარი ბალღები. ამას ბჭობს, ვისც აბარია განგების ბჭეთა საღები. ასეა, ვიცით კარგადა, ამ წუთისოფლის თვისება, ვერაფერს ვიზამთ ომითა, არას გვიშველის გინება, ქრთამი და ხვეწნა-მუდარა, ხმალ-ზარბაზნების ღირება, დიდი ჭკვა, გამოცდილება, ქველობის გამოჩინება. განგების გასართობნი ვართ ჩვენის ჭირით და ლხინითა, ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა, ღმერთმა ინება იმითა - დაგვღალოს, ოფლი გვადინოს, მერე გაგვაძღოს ძილითა, რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ გამსჭვალულებმა ჭირითა. ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით. ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა იმას, რაც წარმოსდინდება სიწმინდის ჭურჭლის პირითა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი