ისევ შენ, ისევ, ქალაო
ისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წვერზედა საფლავი გამითხაროდი, ჩემის სამშობლოს ქვიშანი ხშირ - ხშირად მომაყაროდი. ქვეყნისგან დავიწყებულსა შენც დამივიწყებ მალეო, მალე იშოვი საქმროსა, უკან გაჰყვები ხვალვეო. ემ კლდეებს მაინც შესტირე დანაბარები ჩემია: იდგნენ გულ - სალნი ამაყად, არ შამაუშვან მტერია! ნუ დაიწყებენ ჩამოშლას... არწივთ მოზარდონ წიწილნი, დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს, მალ - მალ მაიღონ ბიბინი; მთებმა ახარონ ყვავილნი, კისრით ატარონ ნისლები, მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, - ისევ ცოცხალი ვიქნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი