კაფია (მიხეილ ერისთავს)
(ვუძღვნი მიხეილ გიორგის ძე ერისთავს) ავიღ-დავიღე ცხოვრება, ჩემი შრომა და კაცობა; დიდ რამედ არ მიმაჩნია, ტანჯვა ჩემთვის არს გართობა. მოძმეთ კი დიდად მიიღეს, მომიხსენიეს ქებითა. ხარი ფერდ-ფერდზე მიკრული გადახრეშილი ქედითა. აღარც თივაა ჩემთვისა, აღარც ბზე, აღარც ნეკერი. ქება ბევრია, უსაზღვრო, მხოლოდ სალამი ერთფერი. ამ ოინების მხილველსა ჩამეცინება მწარედა: თუ მართლა კარგი რამა ვარ, რად გამომაგდეს გარეთა?! ღმერთმა დასწყევლოს ეშმაკი, ენას აუბნებს მცდარადა: „იმიტომ - მეჩურჩულება, - სხვა საქმით გიცნეს მდარადა, სხვა რამ გაკლია, სათვლელი თქვენში დიდ ნაკლად მარადა. თუმც რაც დაგაკლო, უფალი დამნაშავეა თავადა: როცა პოეტად გბადებდა, რად აღარ გაგათავადა?!“ ბეცავს „ფშავლობა“ რას გიშველს? ზურგს გუდა, ხელში კალათა! თავადიც იყო, - სიცოცხლეს არ ჩამაჰლევდი შავადა გულ-მტკივნეული, კუჭითაც არ იქნებოდი ავადა. ყველა მზად იყო შენთვისა, მოსული თავისთავადა“. ეშმაკს უყურეთ წყეულსა, მაეჭვიანებს ძალადა!.. ეს სთქვა მაცდურმა და გაჰქრა, ენა დაწურა შხამადა. მიფრინავს, მისი ხარხარი ისმის მთად და ბარადა.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი