ლურჯას
ლურჯავ, შენც გრძნობა გქონია, როგორც კაცს, ადამიანსა: ბარით რო მთაში წამოვალ, შენ დროს ახანებ გვიანსა, მუხლში ქარს ჩამაიყენებ, დაემსგავსები ნიავსა. არ აბედენებ კლდე-ღრეებს, მკერდს იქნევ ყალამქრიანსა, შენც გული გიგებს, ტიალო, მივალთ სამშობლოს მთიანსა, კლდეზედაც კარგა მიჰფრინავ, უგზოს გზასა ჰქმნი გზიანსა. გულით მაშორვებ ვარამსა, ვარამსა ათასფრიანსა, არწივის ფრთეებს შეასხამ ჩემს ფიქრსა მრავალ-ფრთიანსა. მაყვარვებ უდაბურს ადგილს, ჭიდროსა, ნადირ-მგლიანსა, გვიან ზაფხულის მნახველსა, მწირსა და მოკლე-სთვლიანსა, - ადგილს უმთვაროს, უმზეოს, ჩვენ რომ ვეძახით მზიანსა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი