მოლოდინი
მცირე რამ ნისლის ნაწყვეტი მთას ეკრა ბუმბულივითა, ჰშვენოდა ფიქრებში გართვა, მინდორზედ სუმბულივითა. მთის წვერებს მოსდევს ნიავი ნადირის სუნსულივითა. ბუნება ნანობს ცოდვასა, იუდა სულ-კრულივითა. - რას უცდი, ნისლო პატარავ, დაკერებული მთაზედა? - რასა? ვერ თუ ჰგრძნობ, ძმობილო, მტერი ჩამიდგა გზაზედა! როგორ ვერ ჰხედავ გვალვისგან დამწვარ-დაბუგულს მიწასა? თავის ძმისწული მოუკლავ გაბოროტებულს ბიძასა; მშობლებზედ მეტად სწყენია გაზდილის ერთგულ ძიძასა. თვალები მთელის ქვეყნისა შემომცქერიან თხოვნითა, ეგებ როგორმე დავიხსნა სოფლის ამაგი გოლვითა. სწორედ ამისთვის დავფიქრდი და ვეხვეწები ზეცასა: გამზარდოს, მომცეს ძალ-ღონე, ვეწამლო ქვეყნის კვნესასა; გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს, მძიმედ დამტვირთოს წვიმითა, რომ მოვრწყო გული ქვეყნისა დაუშრობელის მილითა; ავაჭიკჭიკო ბულბული საღამოთი და დილითა და წარვსდგე ჩემს მეუფესთან ხელთ ანთებულის ცვილითა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი