მოხუცის ნათქვამი


I
დავბერდი, შვილო, დავბერდი,
ამიკანკალდა მუხლები;
ათრევას, - ზეზე დადგომას
მთელი დღე-ღამე ვუნდები.
მაგრამ ტიალი ე გული
წინანდებულად ცხელია,
მესმის რა თოფის გრიალი,
აღარ მასვენებს, - ხელია.
ვაჰმე, სიბერემ წყეულმა
გრკალად მომხარა წელშია!
რომ საქართველო თათარმა
აიკლოს, ჩაწვას ცეცხლშია,
ვერ მოვახტები ლურჯასა,
ხმალს ვერ შევირტყამ წელზედა,
ჩვენის რჯულის მტერს, მუხანათს
ზიანს ვერ დავდებ მკერდზედა.
ეს რა დროებას მოვესწარ?
გამოიცვალა ქვეყანა:
მამალიც ყივის სხვაგვარად,
კაცსა სძულს მისვლა კაცთანა;
ბიჭები გალაჩრებული
ყბედობენ სიყვარულზედა;
უმსგავსო მათი სიცილი
ეკლად მეხევა გულზედა.
რომ გავიარო ტყის პირად
ჩინჩხვრების მოსაკრებადა,
მთელ ცისმარე დღეს ერთპირად
სხედან დუქნის წინ ერთადა.
მათ სასიმღერო ლექსები
მარტო ღვინო და ქალია...
ამგვარს ვაჟკაცებს ქალებიც
თან სდევს, ვით ყანას კალია.
სცხვენოდეს ახალ-უხლებსა,
კაც იყოს, თუნდა ქალია,
რომ მთელი მათი არსება
ფუჭმა საგნებმა დალია!
კაცმა ქალობა დაიწყო,
კოხტაობს, სიტყვა-ნაზია,
ფერსა და უმარილს ისომს, -
მაშ არ მომივა ბრაზია!?..
ჩემს დროსა ქალი ვაჟკაცსა
შეიყვარებდა მაშინა,
როცა ჰხედავდა მებრძოლსა
შეუპოვარად მტრის წინა.
ჩემს დროს ლამაზი ვაჟკაცი
არ იყო ქალის პირისა,
არამედ შავი, მამაცი,
მუხლ-მგელი, გულით რკინისა.
ქალი და კაციც გაფუჭდა -
აღარ სძევთ ძველი ფერია,
მათ გულში ქაჯი დაბუდდა,
კაცის ნამუსის მტერია.
აფსუსო, ძველო დროებავ!..
არ დაბრუნდები ნეტარა?!
რომ ამაყობდეს დიაცი
ქმრის სიმამაცით მკვეხარა?

II
ერთს ამბავს გეტყვით, შვილებო,
ჩემის თვალითა ნანახსა,
მაშინდელს, როცა ტყვიის ხმას
ვეძახდით დედის ნანასა.
ერთხელ გავარდა ამბავი,
მოდის თათრების ჯარიო,
ჯარს მოთავეობს მაჰმადი,
ქრისტიანების მსრავიო...
მაშინ მეფობდა ერეკლე,
ჩვენი პატარა კახია:
ქვა-კირით არის ნაგები,
გულთაფლი, სახით მკვახია.
ჟინვანს მოვიდა ქაღალდი,
მოწერილობა მეფისა:
“აბა, არაგვო, აჩქარდი,
შენი ერეკლე გელისა.
ნუ მაჭმევთ თათრების ჯავრსა,
თქვენს მკლავებს ვენაცვალები,
თუ აიკლებენ ტფილისსა,
სჯობს დავითხაროთ თვალები”.
ეს ხმა გავარდა სოფელში,
აღელვდენ ვაჟკაცებია,
სოფლიდამ სოფელს გასძახის
ბუკის, ნაღარის ხმებია.
ფხიზლადა მყოფნი გუშაგნი
მთიდამ ამცნებენ სოფლებსა,
რომ გამოვიდნენ გულადნი,
ექმნენ მფარველად ობლებსა.
რა ვნახე მეფის ქაღალდი,
გულმა დამიწყო ფრიალი:
თვალთ მომეჩვენა ვაჟკაცნი
ომი, შუბ-ხმალთა ტრიალი.
ყმაწვილად ვიყავ მაშინა,
ახლად წვერ-შემომდინარი,
ომი ქორწილი მეგონა,
სისხლის რუ - წყარო მდინარი.
მკლავთა დამიწყეს თამაში,
და მირბენს ჟრუანტელია;
ხირიმი მიძე კალთაში,
ხმალზედ მიჭიდავს ხელია.

III
ველი, - სადა და როდისა
თქრიალს მოიღებს ჯარიო,
რომ მეც მოვახტე შავრასა,
პირს დავისახო ჯვარიო;
მეც მერგოს წილად ომს ყოფნა
მფარველად მამულისაო, -
ისე ჰგონია მაშინ კაცს,
ნათლული არის ღვთისაო.
დიდი ზარი აქვს მაინც ჯარს,
მას შაედრება ვერა-რა,
ბუკსა, ნაღარას, ბაირაღს
ვერსად წაუხვალ, ვეღარა!
არ გაუვლია დიდხანსა
თოფის ხმამ მთანი არია,
ნუგეში ეცა ყველასა,
სთქვეს: ეგ მთიელთა ჯარია.
ცოტა ხანს შემდეგ მოისმა
მათი სიმღერა მკვნესარი...
არწივთა მაღლის მთისათა
ნეტავ რად უნდათ მქებარი!..
ათასფეროვნად ჩაცმულნი,
შესახედავად კარგნია,
დინჯმოუბარნი, გულტკბილნი,
გაჭირვების დროს მარგნია.
რკინას იცომენ ტანზედა,
თავზედ მუზარადს იდგამენ...
თუ საქმე მიდგა ხმალზედა,
შენს მტერს, რო საქმეს იზამენ!
რაც უნდა მტერი მოვიდეს,
არვინ შეიმჩნევს ჭირადა,
ხმალს აშველებენ ფარებსა,
მტრისას დაიკვრენ ძვირადა.
წინ მოუძღოდა დროშითა
თეთრწვერა ხევის ბერიო,
თითქოს მოჰქონდესთ კულუხი,
სიმღერით მოსდევს ერიო.
ჩვენებიც შაკრბენ, მოვიდნენ,
მე მიმელიან მარტოსა;
დედა მიმზადებს საგძალსა:
პურსა, ყველსა და ხაჭოსა.
ქალებს დაუბამ ფერხული
და გასძახიან არაგვსა:
“არაგვო, უყარაულე
ომში მიმდინარს ლაშქარსა.
თუ ვინმე გამოქცეული
ურცხვად მოადგეს შენს კიდეს,
ლამი აჭამე შერცხვენილს,
რომ სახლში ვეღარ მოვიდეს!”
წინ მივეგებეთ, დავძახეთ:
“მთიელებს გაუმარჯოსო,
ხარობდეს საქართველოი,
თათრები დაუმარცხოსო!”
იმათ იშიშვლეს ხანჯლები,
გავარდა თოფი თოფზედა,
დააფთრებული ცხენები
ჰფეთქენ, დგებიან ტოტზედა.

IV
როცა ღრმა-ღელეს გავედით,
ვნახეთ მთის წვერზედ მხედარნი,
ლამაზად ჩანდნენ გორის პირს
ჩვენისა გზისა მკვლევარნი.
თითით უღერდა ჩვენზედა
თეთრცხენოსანი კაციო,
მას სხვანი ედგნენ გვერდზედა -
არ ითქმის მათი ფასიო.
მაშინვე იცნეს ბიჭებმა,
სთქვეს: “ის ერეკლეს ცხენია,
სწორედ ის არის. ღვთის მადლმა,
მეფე ერეკლე ჩვენია”.
ერთს წამს მოსხლიტეს მერნები,
მეც გამიფიცხდა ცხენიო,
მაგრამ ჯარს უკვენ მივყვები,
მოვქანჩე ელვებრ მფრენიო.
მე არ მენახა ჯერ მეფე,
მის ნახვა მეკრძალებოდა,
სალამს ვერ გავუბედავდი,
მიტომ არ მეჩქარებოდა.
მეფეც დაიძრა ამალით
პირდაპირ ჩვენკე დენითა,
და ჩვენც დოსტოღრივ მივედით
თოფ-იარაღის ჟღერითა.
აყვირდნენ ფშაველ-ხევსურნი,
მოხევე-გუდამაყრელნი:
“შენს წინ ვართ, ბრძანებას ველით
შენნი ერთგულნი ქართველნი...
მეფე გვიცოცხლოს ზეცამა
ნუგეშად იმის ყმათაო,
ბარად თუ მთაში წაბძანდეს,
ჰფარვიდეს უფლის კალთაო!..”
მე უკან ვინაბებოდი,
როგორც ყანაში მწყერია,
მსურდა ქურდულად შემეტყო
მეფის ერი და ფერია.
ის უცინოდა მისულთა,
როგორც ძმა თავის ძმათაო,
ჰკითხავს შინაურს ამბავსა
თავისთან შეზდილთ ყმათაო,
რომელთაც სიყრმე აქციეს
სიბერედ მტრისა ლევაში,
და წამოსულან ნებითა,
რომ გასწყდენ ქვეყნის წევნაში.
თითო ისეთი მოსჩანდა,
როგორც ვეშაპი ცხენზედა;
ზავთი იმათი ზღვას ჰგვანდა,
კლდე უყელყელებსთ მკერდზედა.
ერეკლე ცხენზედ ჰშვენოდა,
მამაცად მოცქერალია;
უხდება ბებერს არწივსა
შეჭმუხვნით სახე მკრთალია.
მთელი სიტურფე ქართლისა
იმას ესვენა მხრებზედა,
როგორაც შუქი მთვარისა
იალბუზისა ქედზედა.
ზედ აკვდებოდა საცმელი,
წმინდად ნალესი ხმალია,
მე თვითონ ვიყავ მნახველი,
ვისაც ჰკრა, - სული დალია.

V
ერეკლეს მარჯვენა ხელი,
თავის გვერდთ ედგა ლევანი,
მამაზედ უფრო გულტკბილი,
თვალმარდი, როგორც ჯერანი...
გულით მას ვებრალებოდით,
მოეწყლიანნეს თვალები...
რადღა გვინდოდა მოზარედ
შავად ჩაცმული ქალები,
როდესაც მეფე დასტირის
ჯარში მიმდინარს ხალხსაო?!
მაგრამ რას იზამ, თუ გცემენ,
როგორ სჭამ მტრისა ჯავრსაო?..
თვითონ ერეკლეს ვამჩნევდი,
ებრალებოდა ხალხიო,
მაგრამ ცრემლებსა ჰმალავდა,
არ მგმონ პატარა კახიო;
არ დააბრალონ ცრემლები
სიმხდალე-სიბერესაო,
არა სთქვან, - სუსტი ყოფილა,
ცრემლი სდის ერეკლესაო.

VI
აქით წავედით ქალაქსა,
იქ დაგვხვდნენ ქართლელ-კახელნი,
პურით და ღვინით გათქმულნი,
დიდის წვა-დაგვის მნახველნი.
ყველანი შევკრბით ერთადა,
შევკარით ძმური პირობა:
“ქუდი ნუ ჰხურავ თავზედა,
ვინც არ იჩინოს გმირობა;
ვინაც ცოცხალი მტერს დაჰრჩეს
საყმედ და სასაცილოდა,
ღვთისაგან წყეული იყოს
გვარით საშვილიშვილოდა!
თუ ვერ შევიძლოთ საცადი,
გაგვწირონ სასიკვდილოდა,
მოვკვდეთ - გვეხუროს მიწისა
ნაბადი, გასათბილოდა”.
ქალაქით კრწანისს გავედით,
ველოდებოდით მტერსაო,
შორს მოდიოდნენ წყეულნი,
ცაში ადენდენ მტვერსაო.
დაჰკრეს ნაღარას. საყვირსა,
აქოთდა გიჟი ბუკები,
ჩვენი აქ, იქით თათრისა,
ღვინოსებ სისხლის მდუღები.
ცამ მოიღრუბლა. მიწამა
ასტეხა გლოვა-ზარია,
სისხლისამ მორწყო წვიმამა
ქართველთა მთა და ბარია.

VII
როგორც ღრუბელი, მოვიდა
მრისხანედ თათრის ჯარია;
ისეთი ვსჩანდით იმასთან,
ვით ზღვასთან წვიმის ცვარია...
მაგრამ ვინ იტყვის იმასა -
მტერი გვაჭარბებს რიცხვითა;
ბევრჯელ უტეხავ ქართველსა
კლდეები გულის ფიცრითა!
შემოკვალთულნი ჩოხებში
მტერს უცდის ქართველებიო
და გველის-პირულს ფრანგულებს
ადნება ქარქაშებიო.
რა ვნახეთ მტერი, მივცვივდით
ხმალ-მოწვდით, გამალულები
და დავინთქენით სპარსებში,
გარს მტრისგან შემორტყმულები.
ხმალთ სტვენას, ცხენთა ჭიხვინსა
ბანს აძლევს სისხლის ჩხრიალი
და თავმომწონე დროშებსა
ჰაერში გააქვს ფრიალი.
აბრაშუმზედა ნაკერი
ბრწყინვალებს ჩვენზედ ჯვარია -
იმისი შემაცქერალი
იბრძვის ქართველთა ჯარია.
იბრძვიან გამწარებულნი,
თითო ოც-ოცის მკვლელია...
მაგრამ დავმარცხდით სიმრავლით,
გაცუდდა ვაჟკაცთ ხელია!
გაწყდნენ სამშობლოს ერთგულნი,
მტრისა სისხლითა მთვრალნია,
დაიგეს მიწის ლოგინი,
დახუჭეს მუდმივ თვალნია.
იმათ ადგება ნათელი,
დასტირის ღამ-ღამ მთვარეო;
მათ სიმამაცის მნახველი
დღესაც ჰკვნესს არე-მარეო...
არაგვის პირით წასული
მე დავრჩი ვარმად ცალია,
მიპოვნა ერთმა მეცხვარემ
დაჭრილი, ცოცხალმკვდარია.
გადავრჩი, მაგრამ სიცოცხლე,
შვილებო, ჩემთვის მწარეა:
ქართველთ ქვის სეტყვა გვეწია,
სპარსთ-კი დაუდგათ დარია.
ამ ჭირთა ჭირმა, სიბერემ
შეჭამა გული, ტვინია,
არ მომდევს ღონე, არც მუხლი,
რომ მით მოვიკლა ჟინია...
ეს სთქვა თეთრწვერა მოხუცმა
და გადმოჰყარა ცრემლები,
თან ჩამოისო წვერზედა
დამჭკნარი, წმინდა ხელები.

****
ცხენის სახელია.
ტაბლა.
ტყვიასებ შეუპოვრად, პირდაპირ.
შეხედულება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი