პასუხად
(განდეგილს და შიო მღვიმელს) კარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მაუწყებთ ამბავსა, ჩამოვარდნილსა ხალხშია: “გაუმთელდაო წყლულები არწივს, დაკოდილს მხარშია”. დაუფანტია ფრინველნი მომაგრებულსა მკლავშია, რომ დაჰსეოდენ უმსგავსნი ღალატით დაჭრილს გზაშია. “უჭირველივით ყაშყაშებს, ცხადად ვცანითო ხმაშია.” უკეთესს ვინ რას მახარებს, თქვენ გენაცვალეთ თქმაშია! აგავსეთ ია-ვარდითა, დაბერდით იმის თვლაშია! სწყავდეთ და ვერ უდიოდეთ, ოფლი გდიოდესთ წყვაშია! ისე სცურავდეთ კეთილში, ვით კოვზის პირი ზღვაშია! ერთი ათასად გარდვიქე მხედველობაში, ჯანშია: ყორნის ფრთა-ბოლოდ ქცეულა თეთრი, ნარევი თმაშია, მოხუცი კაცი ჯეილად ჩავუწერივარ ცაშია. აწ გლოვა აღარ მჭირდება, აღარც დამალვა სახლშია. ერთი რამე მაქვ სათქმელი, იქნებ დაგიჯდეთ ჭკვაშია: მკერდში არავინ დაგვიჭრას გმირი, დაჭრილი მხარშია და დღეს კი გამოჩენილი; ჭკვა მოვიგროვოთ თავშია, არ გადამექცეს არმადა სიცოცხლე მთა და ბარშია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი