სიტყვა ეული


სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? - ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ჯავრით ნაკვები, სნეული,
გულ-გაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ-ჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა...
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა:
მთელს ქვეყანაზე სხივსა ჰფენს,
როგორც ცამ გამოიდარა.
დაბძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:
ისაა ქვეყნის ნუგეში,
იმას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილის-მყოფელი.
ვიცინი... იმას, ქვეყანას,
ან რა საქმე აქვს ჩემთანა?
მიხარის, ჩემმა გაზდილმა
რომ ბინა ჰპოვა ერთანა, -
ერთმა საწყალმა სიტყვამა,
ბოროტ კაცთაგან წყეულმა,
ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა,
თავს მანდილ-ჩამოხეულმა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი