სიყმე სიბერედ ვაქციე
სიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი მსმენელთა გულისა ამაზრზენადა ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა, ცად აეწია ზენადა. შევამკე მთები მაღლები და ბარი ათასფერადა, აზრი საერთო, საქვეყნო მინდოდა გასაკვერადა; ამისთვის თავსა დავწიე, ვაქციე ნაცარ-მტვერადა. ვადიდე გმირთა სახელი, მკლავი და სულით დიდობა, დავძრახე ქვეყნის ორგული და შეურაცხვყავ ფლიდობა; სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე, ფუფუნებაზე - მწირობა. მინდოდა არ შამებღალა მე წმინდა დედა-შვილობა. პირნათლად მივალ საფლავში, მტკიცედ დავიცევ პირობა. ამას მითვლიან ცოდვადა, რაშიც მე მიჩნდა გმირობა; თავს დამჩხავიან ყორნები, გაუმართიათ ყრილობა. შემირცხვა ზოგის ნამუსი, გრძნობა, აზრი და ზრდილობა: კაცობად დაუსახიათ სიჩერჩეტე და ვირობა! რა მეთქმის? გული მკვდარია, ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა; მე კაცთა შორის მეტი ვარ, უნდა გავიჭრა ველადა, რაკი გადიქცა ეშმაკი ტკბილ მოსაუბრე გველადა და თანამოძმე ეს ჩემი - მის ყურისმგდებელ ევადა, როს გახდა საქვეყნო საქმე უსუსურთ საღეჭ კევადა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი