ფშავლის სიმღერა
მკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა დავკარგავ იმედსა? რად-რა ჩავიცვამ შავებსა? რა მაქვს მე სამგლოვიარო, ვენაცვლე შენსა თვალებსა?! სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული, შევყურებ მზეს და მთვარესა, შენს სიბეჩავეს დავაცვეთ ჩემს დაწყლულებულს მკლავებსა. თუ გიღალატო, დედაო, ნუმც დავიმარხო მთაშია, ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა ხმალი სატირლის თავშია. ნუ დამიტიროს ქალ-რძალმა საკაცეზედა კარშია; შავეთში გამგზავრებულსა ცხენი წამექცეს წყალშია; ქვეყნისგან შაჩვენებულმა ბინა დავკარგო ცაშია, გამიწყდეს ბეწვის ხიდაი, ჩავვარდე კუპრის ზღვაშია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი