ჯამრული
ვის გლოვობს ფუნჩათ ჯამრული, რა თავი დაუღუნია? ძმა ხომ მთელი ჰყავს, იმედა, შვიდ წელს ტყვედ დაკარგულია? ან ძმისწულები - ფოცხვერა, სამტროდ ნაქები ბუთლია? ანაც ძმობილი ჯიხვაი, ბახტრიონს გადასულია? იქნებ თათრებმა დაჩაგრეს, დააგმობინეს რჯულია?.. ხმალი ხომ აქვის ისევა ღარებზედ დაწარბულია? ლეკისეული ხირიმი ლამაზად გამართულია? ცხვარი ხომ არ უზარალდა, შიგ დამწვარ-დადაგულია?.. ან სხვა ხომ არა აჯავრებს, სრულ ძმად მიაჩნავ დუნია? - რასაც შენ მკითხავ, ჯამრული იმით ყველაით სრულია; სხვა რამ აწუხებს ვაჟკაცსა, სხვად აქვს დამწვარი გულია: ერთს ბეზირგანსა დიაცსა, - იმის სახელიმც კრულია, არ გაჰყოლია ცოლადა, - ვაჟკაცი დაუწუნია... ამას თაკილობს ჯამრული, თავი მით დაუღუნია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი