გველის მჭამელი (პოემა)
(ძველი ამბავი) I სასტუმროს იყვნენ ხევსურნი, ლუდი ედუღა ჭიქასა; ისხდენ ბანზედ და ღრეობდენ, თასებით ჰსვამდენ იმასა; ზოგნი უკრავდენ ფანდურსა, ზედ დაჰმღეროდენ დიდადა, — მსმენელთა გრძნობას უდებდენ საგმირო ამბებს ხიდადა; აღგზნებით გმირთა სახელებს ლექსებში სთვლიდენ წმიდადა; მოხუცნი ჩიბუხებს სწევდენ, ბოლი ეხვიათ ნისლადა, განმარტავდიან მათ ამბავს, შანდობა თქვიან გმირთადა. ახლების საწურთნელადა იხსენებდიან ქებითა: “თქვენ იცით, ამას იქითა კაცად ვინც გამასდგებითა!” კრებაში ერთი ვინმე სჩანს სახე-მკრთალი და მშვიდია, როგორც თაფლს მწერი, ეხვევა იმას მცირე და დიდია. დაღვრემილს წელზე ხმალი ჰრტყავ, მხარ-იღლივ ფარი ჰკიდია. მუხლებს წინ თავშიშველანი ორნი უსხედან ჩოქითა, თასებს აწვდიან, იღებენ შავს ლუდსა დიდა გობითა. — “შასვი, მინდიავ, — ეტყვიან, კაი ლუდია, სვიანი, გვითხარი რამე, ღვთის მადლსა, ერთი ქართული გზიანი.” — მთვრალმა რა გითხრათ, კაცებო, ჭკუა სასმელმა დაძალა, სათქმელი მერმისთვის დარჩეს, თუკი სიკვდილმა მაცალა. — ასწია კარახანასა, გადიწურა და დაცალა. ტყვეობით დაბრუნებული ძმებში ყოფნითა სტკბებოდა, როგორაც სხვანი მრავალნი, ისიც ლუდითა თვრებოდა. ამ მინდიაზე ამბობდენ დაუჯერებელს ამბებსა: მინდია ტყვედა ჰყოლია თორმეტს წელს თურმე ქაჯებსა. ტყვეობამ ფრიად დაჩაგრა, სამშობლოს გარეთ ყოფნამა; მიდის დრო, განვლო მრავალმა აღდგომამა და შობამა, მაგრამ მინდიას ტყვეობას არ ექნა დასასრულია, გული დაუდნო მონებამ, ამოსვლას ლამობს სულია. აგონდებოდა თავისი ჩამოთოვილი მთებია, ჩაბნელებული ხევები, უსწორ-მასწორო გზებია, მის ბედის მგლოვიარენი დედა, მამა და ძმებია, თავისი ქოხი მწირული, სამოთხედ მისაღებია, ეშველათ, ბევრჯელ ხატ-ღმერთსა მხურვალედ შაჰვედრებია. ბოლოს სთქვა: “თავსა მოვიკლავ, ასეთს სიცოცხლეს სჯობია!” ქაჯთათვის ცეცხლზე ნადგამი სადილად ნახა ქობია. იცოდა, გველსა ჰხარშავდენ, იმასა სჭამდენ ხშირადა; ქაჯნი ქაჯობით იტანდენ გველის მიღებას პირადა, და თავის თავზე იფიქრა, რომ ექცეოდა ჭირადა. აიღო ერთი ნაჭერი, ზიზღით ქურდულად შეჭამა და ამ დროს მოწყალეს თვალით ტყვეს გადმოხედა ზეცამა: ახალად სული ჩაედგა, ახალი ხორცი აისხა; გულის ხედვა და თვალების, როგორც ბრმას და ყრუვს, გაეხსნა. ესმის დღეიდან ყოველი, რასაც ფრინველნი გალობენ, ან მცენარენი, ცხოველნი, როდის ილხენენ, წვალობენ. რაც კი რამ დაუბადია უფალს სულიერ-უსულო, ყველასაც თურმე ენა აქვს, არა ყოფილა ურჯულო. ამას ჰგრძნობს, უკვირს თითონაც ტყვეს თვის ბუნების ცვალება. შეიგნო, ჭამა გველისა ქაჯთაგან იყო ზმანება. სიბრძნე აჩვენეს გველადა, რომ ჰზიზღებოდა საჭმელად, თუმც “შენც ჭამეო, მინდიავ”, არა ზარობდენ სათქმელად. შეიგნო სიბრძნე ქაჯების ამიერიდამ ტყვემაო; მას მუსაიფი დაუწყო ცამ, დედამიწამ, ტყემაო. მხოლოდ ბოროტმა მის გულში ვერ მოიკიდა ფეხია, სხვა დანარჩენი ქაჯური ყველა ისწავლა ხერხია. მას აღარაფრის ეშინის, თუნდ თავს დაატყდეს მეხია. ქაჯნი ბრაზობენ, რა ჰხედვენ - გამეცნიერდა გლეხია. აღარ აშინებს ტყვეობა, აღარც ხრიკები ქაჯური, დღეს თუ ხვალ, იმედიანობს, ქაჯებს უჭიროს პანჩური. მალია ტყვიასავითა, გრძნეული, როგორც გველია, აღმერთებს, ნუგეშად ჰსახავს ფშავ-ხევსურეთი მთელია, გვირგვინოსანი თამარი სულ-მუდამ ამის მთქმელია: “ოღონდ მინდია თან მყვანდეს, მასთან მთიელი ერია, რაც უნდ ძალიან ეცადოს, ვერას დამაკლებს მტერია.” იცის მტრის დასამარცხები და შემმუსვრელი ფანდია; თუ დაჭრილს ცოცხალს მიუსწრო, ნუ აქვს სიკვდილის დარდია. შუაზე გაჭრილს გაჰკურნავს მის უებარი წამალი; მით არ მცირდება ომებში, - მუდამ ჯარი ჰყავ მრავალი; შორს არის ამბად წასული მისი თავგადასავალი. II როცა კი გაზაფხულდება, გამოიღვიძებს ქვეყანა: სილაღე, სიმხიარულე დასეირნობენ ყველგანა, გაჩნდება ჩირთი, ყვავილნი ეკონებიან მწვანესა, მინდია გაფაციცებით სულ მიმოივლის მთა-ველსა. ყველა მცენარეს და მღილსა ის ეგებება სალმითა, ბუნებაც “ვაშას” უძახის მდიდრად მორთულის ალმითა. ყვავილნი ყელ-გადაგდებით, დახატულები კალმითა, “მინდიას გაუმარჯოსო”, ერთხმად ასტეხენ ჟიჟინსა, ხეები ფოთლებს არხევენ, ბუნება იწყებს ბიბინსა, და მერე სათითაოდა ყველა მოჰყვება ტიტინსა: “მე ვარო ამის წამალი”; სხვა გაიძახის - “იმისა;” მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს, ჯერ ზედ ნამი აქვთ დილისა. თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა: ოღონდ ეწამლონ სნეულთა, სიცოცხლით გაფუფუნებულს არად აგდებენ სხეულთა: სალხინოდ ჰსახვენ, კაცთ სარგოდ, ძვალ-ხორცთა ჩამორღვეულთა. ყვავილთ ეს ზნე სჭირთ და ხეებს თურმე მოუვათ ტირილი; მარტოკა მინდიას ესმის მათი კვნესა და ჩივილი. ამისგან მისი ცხოვრება ძალიან დაცარულია: მივიდა ხესთან ცულითა, სთქვა: “უნდა მოვჭრა ესაო!” შემოჰკრავს ცულსა და ამ დროს ხის შამოესმის კვნესაო: “ნუ მომკლავ, ჩემო მინდიავ, ნუ დამიბნელებ მზესაო, უიარაღო რომა ვარ, მიტომ მიბრიყვებ ხესაო?!..” დაუდუნდება მკლავები, შტერად გაჰხედნებს ზეცასა. სხვა ხეს მიჰმართავს, ის უფრო მეტად დაიწყებს კვნესასა. ხელცარიელი წამოვა, ვერ მოიყოლებს შეშასა, და რომ ღველფზედა არ გაჰქრეს ცეცხლი, აანთებს თივასა ან ჩალას, გამხმარს ჯოყრებსა, თან მიაშველებს წივასა; თუ სად ხმელს წიწკრებს იპოვნის, არც დაიწუნებს იმასა. მაინც ღმერთს ჰმადლობს, მაინცა, საღამოსა და დილასა. სხვებსაც მას ურჩევს: “კაცებო, მოდით, ნუ ჰშვრებით ცოდვასა; ნუ მასჭრით ხესა, დავჯერდეთ ჯოყრებს, ხმელს წიწკრებს ცოტასა.” არავინ უსმენს, არქმევენ ამგვარს მის რჩევას ბოდვასა. - “ღმერთს ჩვენთვის გაუჩენაო სარგოდა, მოსახმარადა!” და დღესაც არავინ ჰზოგავს ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა. III როცა ყანის მკას დაიწყებს, გიჟია, გადარეული: ერთს ფეხს აქ მოსჭრის, ერთს იქა, საგულე-ჩამოხეული; სულ გადასთელავს ყანასა, გაჰბურდღნის, გაატიალებს, მინამ ღონე აქვ მკლავშია, ციბრუტივითა ტრიალებს, და როცა დაიქანცება, გაიშხლართება მიწაზე. რო ჰკითხოთ: “ასე რად სჩადი?” ის გიპასუხებსთ იმაზე: - რას ამბობთ, კაცნო, არ გესმისთ, მიტომ მიწუნებთ ქცევასა. ის როდი იცით, თავთავნი როგორ მიწყებენ ხვეწნასა; უნდა იცოდეთ, ჰხედავდეთ თავთვების ყელის წევასა, ათი-ათასი ყოველ მხრივ რომ დაიქუხებს ერთადა, - ხელ-ნამგლიანი როცა ვარ, მნახავენ თავის ღმერთადა: - “არა, მე მომჭერ, მინდიავ, ნუ მტოვებ, შენი კვნესა-მე!” “არა, მე, - სხვა გაიძახის, - უფრო მაშინებს ზეცა მე. პატარა ნისლიც რო ვნახო, ჩამოვიშლები ტანითა. ვაი თუ სეტყვა მოვიდეს, ყელი გამომჭრას დანითა.” სხვა უფროც ჰყვირის: “ნუ მწირავ, იხარე თავის ჯანითა!” გამაგიჟებენ ბოჟირით, გადავირევი ბრალითა: ვცდილობ და ყველას ვერ ვწვდები ორის ხელით და თვალითა და ამ დროს თავადაც ვხდები მოსაბრუნები წყალითა. ყანასა სეტყვა აშინებს, - კაცთ უსაზრდოოდ დარჩენა, თორემ ვით ნამგალს, სეტყვასა სით შაუძლიან წახდენა?!. კაცთ სარგოდ თავსა ჰზოგავენ თავთავნი ოქროს ფერანი, - არ სწადით ოხრად ლპებოდენ, ჰკენკდენ ყვავნი და ძერანი. მიტომ ჩქარობენ მომკასა, ერთად ჟივიან ყველანი, ჰსურთ პურად იქცნენ. საჭმელად, რომ მითი გაძღნენ მშიერნი, - მკვდართ კაცთა შანდობა ვუთხრათ, ძალნი ვახსენოთ ციერნი. IV ხატობა ჰქონდათ ხევსურთა, ლუდის სმა არი, ღრეობა. დიდს მლოცავს მოიპატიჟებს გუდანის ჯვარის დღეობა. ხალხია დაჯარებული, ბჭობენ უფროსნი მრავალსა: ზოგნი ამბობენ სხვის ამბავს, სხვანი - თავგადასავალსა! ამბობენ ვაჟკაცობისას, თოფისასა და ხმლისასა, ჯაჭვის მჭრელს წელზე ვინ ირტყამს, ყველა აქებდა იმასა. უსმენენ მოწიწებითა, თუ ვინ რას იტყვის ცდისასა. თანაც გააბეს მსჯელობა გველის-მჭამელის ცოდნაზე, ხის მჭრელის, ბალახთ მთიბელის, მათ ჩანადინარს ცოდვაზე. ჩალხია ეტყვის კრებასა: “მიკვირს ეგ თქვენი ფიქრია, წინავაც ბევრჯელ გითხარით, ეხლაც იმასვე ვიტყვია: ენა თუ ჰქონდეს ხე-ქვათა, ჩვენც რად არ გაგვიგონია? ჩვენს სატყუებლად მინდიას სიცრუე მოუგონია. ჩვენც მისებრ კაცნი არა ვართ, ჩვენც ყურები გვსხავ, მგონია?! მე სამალავად არ ვამბობ, თითონაც მისდის ყურშია; თუ ამას მართალს არ ვამბობ, იფიქროს თავის გულშია. ვსთქვათ, სიბრალული კარგია ხე-ქვა-ბალახთი, ცხოველთი... კაცის კვლა ყველასა სჭარბობს, თუნდ მტერი იყოს, ყოველთი. მაშ აღარც კაცს უნდა ვკლავდეთ, გეტყვით, მისმინეთ, მე რასა: მტრისას, ხმლით ნაჭერს, მინახავ მინდია სდგამდეს გორასა. რად სჩადის ამას, ხომ რჯულიც კლვისას არ გვაძლევს ნებასა, მაგრამ ვკლავთ იმას, ვინაცა ჩვენსა დაარღვევს შვებასა, ან მამულს გვართმევს, ან ცოლსა, ან გვიშლის რჯულის ცნებასა. მაშინ არც ღმერთი გვიცოდვებს მტრისად შაქცევას ხელისას, ეგრევე, ოღომც ვიცხოვროთ, მოჭრას წიფლის და თელისას”. - არ სტყუის, არა, ჩალხია, მინდია ცრუობს სწორედა, ათასნაირი ტყუილი თვალწინ აგვიგო ყორედა, - ამბობდენ ხალხში ზოგები გაუბედავად, დონედა. - მაგ ფიქრს რომ მივყვეთ, შენს მტერსა, როგორ-ღა გვეცხოვრებისა? ის რად ვიცოდვოთ, უფლისგან რაიც არ გვეცოდვებისა?! თემთ რო გვარიგებს მაგაზე, ძალიან ცუდად შვრებისა. კარგთაგან იმედი გვაქვის მუდამ შველის და რგებისა და არა ჩვენის დაღუპვის, ჩვენის ცხოვრების ვნებისა!.. - ეს იყო გამონასკული აზრი ხევსურთა კრებისა... მინდია იქავე იჯდა. თვალთაგან ცრემლი სდიოდა. არვინ იცოდა, თუ იმას გული რისაგან სტკიოდა. თვალნი მიეპყრნო ერთს მხარეს, ხალხისა არა ესმოდა; გამოერკვია ფიქრიდან, როცა ბერდია ეტყოდა: “რად არ ყურს გვიგდებ, მინდიავ, ნეტავ რისათვის სტირია? ეს არც კი მიკვირს შენგანა, არც სხვისგან გასაკვირია - ერთს წამში ცხრაჯერ შასცვალო გლოვა-ტირილზე ლხინია,” - და მთელმა ხევსურთა გუნდმა მინდიასკე ქნა პირია... “ჰო და სთქვი, - კვლავ სთხოვს ბერდია, - გულზე რა ჭირი გჭირია?” -აგერ იმ ჩიტებს ყურს ვუგდებ, - თითით უჩვენა ჩიტებზე, ორნი ფრთებ-ჩამოშვებულნი იფნის ქვეშ ისხდენ სიპებზე. - ერთი მეორეს უამბობს სიკვდილის ამბავს შვილებზე; მარცხნით მჯდომარე დედაა, მარჯვნისკე - ამბის მთხრობელი, თქვენს მტერს, რომ გულ-მოკლულადა შვილებსა ტირის მშობელი. ჩიტებს ეხლა-ღა შესცქერის ხევსურთა კრება სრულია, ჩიტთაგან ერთი იმ დროსა, თითქო მოჰსვლოდეს რულია, სიპიდან დაბლა დაეცა და განუტევა სულია. რომელი მოკვდა ორთაგან! ამის გაგება - რჯულია! ხევსურთ შაჰხედეს ერთმანეთს გაოცებულის თვალითა; ნუთუ ასეთი ცოდნაო იქნება კაცის ძალითა? დარწმუნდენ იმის ცოდნაში, საქმე წინ ედვა ყველასა, მაგრამ ნაგრძნობსა გულითა გონებით ჰშველენ ვერასა: ბალახსაც სთიბენ, ნადირს ჰკვლენ, შეშით ანთებენ კერასა. ქათმის ხორცს რა შეაძულებს, თქვენვე მითხარით, მელასა?! ვინ ჩამოჯდება ღველფზედა, თუ ზედ არ ჰხედვენ ძელასა?!. V ბევრჯელ მოუნდათ ლაშქრობა ლეკ-სპარსებ, ქისტებ, თურქთანა, გამარჯვებულნი მოდიან ხევსურეთს ვაჟნი მუდამა. ზღუდე გამაგრდა ქართლისა, მტერს შაუკერეს სუდარა. ერი თუ მტრის მძლეველია, მის მეტი არა უნდა-რა. მანამ მინდია ჰბელადობს, ხევსურებს არა უშავთ-რა, ვეღარვინ ჰბედავს რჩოლასა, მყუდროობაა ყველგანა... ნეტავი იმას, ვისაც კი მადლიერი ჰყავს ქვეყანა. VI ფრიალო კლდის თავს სახლი დგა, ცას ებჯინება ბანითა, ირგვლივ მთებია დიდრონი, აყრილნი სრულის ტანითა, გადალესილნი თოვლითა, მოუღალავნი ჯანითა. ერთხელ თუ ჰნახე ამგვარად, სულ გინდა ჰსინჯო თვალითა. იმაზე ლამაზებია, როცა ჰღელავენ მწვანითა. თუნდ მზე დაადგესთ გულ-მკერდზე, ზვავი სდიოდესთ ჭექითა, - ახველდებიან ხევები, ვით ავადმყოფნი ჭლექითა, მაინც სიტურფე იმათი ნაკურთხი არის ზეცითა. ბევრჯელ დაჰბრუნავს თავზედა გრილი ნიავი კვნესითა. ზაფხულში შავი ღრუბლები სანთლებს უნთებენ კვნესითა. იქ ხომ ხვნით არავინა ჰხნავს, არც ვინ რას სთესავს თესითა, მარტო ჯიხვები დადიან კლდეებზე რქების ლესითა. და სალნი კლდენი, პირ-ქუშნი, უფსკრულს ჩასულნი ფესვითა, არც რო სულზედა ფიქრობენ, არც სუქდებიან ლეშითა, უსალმო, უალერსონი, გამომზირალნი ბრეშითა. სახლზე კოშკია მიდგმული, შემურვილია ბოლითა, დღე-მუდამ შაძრწუნებული ჩაზეირების სროლითა. რა დაასვენებს საბრალოს, მინამდე ირგვლივ მტრებია, მინამდე შურის ძიება კაცის ტომს გულში სდებია, ნასროლი ტყვია მტრისაგან მკერდზე მრავალი სცხებია! სახლიდან ისმის ჯავრობა, ხმა კამათობის, წყრომისა; ბევრნიც არავინ არიან, - საუბრის კილო ორისა. ღველფზედა ცეცხლი ანთია, გაჩაღებული შეშითა, იქით მხარეზე დიაცი მოჩანს ბალღების გვერდითა, აქეთ მარტოკა ხევსური ბევრს რასმე მოსთქვამს ხვნეშითა. ქმარი ის დღე გაშავდეს, რა დღესაც შენ მე დაგისვი ცოლადა. მინამდე კაცი არ მაჩნდა მიწაზე თავის ტოლადა. სრულ შენგან გავხდი, წყეულო, უგერგილოდ და ყროლადა. რა ვარ? განა-ღა კაცი ვარ, ღირსი, ცის ქვეშე ვიდოდე?! იმადვე ყოფნის, რაც ვიყავ, ნეტავ წამალი ვიცოდე!.. ფუჭია ჩემი სიცოცხლე, დღეს მჯობ შავის კლდის ლოდია, თქვენგან მჭირს ჭირი უწამლო, უფალს თქვენგანა ვცოდია. შვილებიც ჭირად გამიხდა, შამაცვლევინეს ფიქრია, დაკარგულს სულს და ხორცზედა ეხლა დღე და ღამ ვტირია. ცოლი მე რად მაბრალებ თავის ბრალს, შინ როს მოგივედ ძალითა? გზად არ მიტევდი მიმავალს, მავსებდი ცოდვა-ბრალითა: “მზიავ, ძალიან მიყვარხარ,” ცრემლებს აბნევდი თვალითა და ჩემს ძმათ ჩემის გულისად შინ უხდებოდი ხმალითა. წინაზე ტკბილი შაქარი ეხლა გემწარე რისადა? ან შვილთა ყოლას რად ჰგლოვობ, მდურვას რად იტყვი ღვთისადა?! თავისი ცოლი და შვილი ვის გადაუგდავ სხვისადა? ჩვენ რადა გვსახავ მიზეზად შენის გუნების ცვლისადა? ქმარი იმიტომ, უჭკო დიაცო, რომ სწუწუნებდი, სჩიოდი: “სიცივე ბალღებს მილევსო”, შვილ-მამკვდარივით ჰკიოდი: “ბერდიას რამდენ შეშა აქვ, როგორს ცეცხლს ანთებს, ჰნახოდი”, ცხოვრების მაგალითადა ბრიყვები დამისახოდი. გულზე მოსაყვანს ქართულსა ჩემს გასაგონად ამბობდი, გეწადა კაი ცხოვრება, მოწამლულს ქადას აცხობდი. და მეც დღეს-ხვალეობითა, ცოტ-ცოტად, ნელაობითა დავიწყე თავის რწმენასთან მოქცევა მელაობითა: დღეს მოვჭერ ერთი ჭანდარი, თუმც მემუდარა ბევრია: “რად სჩადი მაგას, მინდიავ, ვითომ არ იყავ მტერია?!” ხვალ ორი მოვჭერ, და ასე გული ჩავიდევ ქვისაო, რომ სულ აღარა მეგრძნო რა, ძალაც ვითხოვე ღვთისაო. შენ ჯიხვის ხორცსა ჰნატრობდი, თუ ვის მოკლული გსმენია, რამდენჯერ ჩემი გულ-მკერდი ამ ჩივილს გაუსენია: “ყმაწვილნ უხორცოდ დაზდილნი რა ვაჟკაცობას იზამენ? არსად არ გამიგონია ასრე გაზდილი სხვისა მენ.” ახ, რატომ ამის თქმამდინა არ დაგეყარა მიწა შენ!.. მეც მივყევ - ვხოცე ნადირი, გასუქ-გალაღეთ ლეშითა, თავის ბალღებით ჰხარობდი, მე დავრჩი თავის ტეხითა. სჯობდა კი ასე გახდომას გავთაულიყავ მეხითა; დაკარგულს ვეღარ მოვხელავ ვერა რომელის ხერხითა. ცოლი ან შენ რა გიჭირს ისეთი, თავს რად იტკივებ ძალადა; შეშის ჭრას, ნადირთ ხოცვასა სხვან რად არ სთვლიან ბრალადა? ქმარი არ იცი, არა, ჭკვა-თხელო, ყბედო, ზეზერე მგრძნობარევ, თავისა სასიამოვნოდ წუთისოფლისა მცნობარევ! არა ღირს იმად - ვიგლოვო თვისი ცოდნა და ძალია, რომ ჩემთან ერთიც მათგანი, ბრიყვო, აღარსად არია?! არ უღირს, მკვდარმა იცოდეს თავის სიკვდილი, - მკვდარია, იგლოვოს თავისი თავი, თვის ყოფნა შესაზარია? სხვა ყოფნა, ამაზე მწარე, მიპოვნე შესადარია! ამგვარი მკვდარი დღეს მე ვარ, სხვა მკვდრებს რა უჭირთ მკვდრობითა! არიან მოსვენებულნი, არაფერს გრძნობენ გრძნობითა. რითი-ღა ვარგო ქვეყანას, დავცარიელდი ცოდნითა: ყვავილნი არას მეტყვიან, აღარც ცნობა მაქვს იმათი; განა მეტი-ღა იქნება კაცმა თავს უგდოს ხიფათი? აღარა მესმის ფრინველთი, აღარა მესმის ყანისა, აღარ მსმენია მას შემდეგ ტკბილი სალამი მწვანისა. ეს არაფერი, სხვაფრივაც აღარ ვვარგივარ არადა; გინდა აქ ვეგდო მთაშია, გინდა ჩავიდე ბარადა, ჩემ ფერას უკეთურებსა არვინ იყიდის ჩალადა. ვეღარას ვარგებ ქვეყანას მტრის მამგერებელს ჯარშია, მიტომ, რომ წინანდებული ცნება აღარ მაქვს თავშია. რატომ მალედვე არ გაქრა ჩემი ვარსკვლავი ცაშია! დღესნამდე მტრები შინაით ვერა ძვრებოდენ კარშია შიშით, და ეს რომ გაიგონ, მოვლენ, მიწა-მტვრად გვაქცევენ, ჩვენ სახლებს, ციხე კოშკებსა ნაოხრად გადააქცევენ. ცოცხალი ამას ვერ ვნახავ, თქვენი დღეც გათაულია, თქვენგან დავკარგე გონება, წმინდა გავყიდე რჯულია... ახლა ქვეყანაც დავღუპო, თქვენ პირში გედგასთ სულია!.. ან მე რად მინდა სიცოცხლე, ან თქვენ გაცოცხლოთ რაღადა, თუ მთელი ჩემი არსება აღარ იქნება საღადა?!.. ან აქ რა პირით ვიცოცხლო? თავს რით ვიმართლებ ღმერთთანა? ყველასთან შარცხვენილი ვარ - ცოცხლებთანა და მკვდრებთანა. რისთვის-ღა მინდა აბჯარი, რისათვის მინდა ხმალია, თუკი ჩემს მტრისად დაკრულსა აღარ ექნება ძალია?! ამ მიწის ამონაცენი ჩემი სესხი და ვალია, როგორ-ღა ან პური ვჭამო, როგორ დავლიო წყალია?! ადგა და გულხელდაკრეფით გამოეფარა კარზედა. მთათ რომ შეჰხედა მაღალთა, დაიქვითინა მწარედა. VII მთანი ჩამოშრენ. პირ-თავქვე ქოთით მოდიან ღვარები, ხევებში ზვავი შათხელდა ვეშაპის მინაგვარები. აჩქამდა ბუერაზედა ანკარა წვიმის ცვარები, ველებზე ბზინვენ ყვავილნი - თამარ-დედოფლის თვალები. კლდის პირზე მოსულს პირი-მზეს გულ-მკერდში ვენაცვალები!.. მთაზე უვნებლად გადმოხდენ პირ-იქითული მგზავრები. მთის კალთებს ჰშვენის ცხვარ-ძროხა, როგორც ლამაზს ქალს ხალები; გაცოცხლებულა მთა-ბარი ზამთრისგან დანაწვალები. ქვეყნად ბევრია ბეჩავი, ბევრია შასაწყალები, - ერთი რო ვნახოთ, სხვას ბევრსა ვერ ჰხედვენ ჩვენი თვალები! სოფლებში ხმაურობაა, ძახილ-ძუხილი დიდია: “გააგებინეთ, სად არი “გველის-მჭამელი მინდია; “ქისტების მოდის ლაშქარი, “არღუნს ჩატეხეს ხიდია, “დახვედრა მტრისა, ვაჟებო, “ეხლა ჩვენზედა ჰკიდია!” დიდი მზადება შაექნათ, ხალხი ზღვასავით ღელავდა, საით მხარესაც გაჰხედავ, თოფი და ხმალი ელავდა. კარგა ხანია ხევსურნი მტრის რაზმებს აღარ სცელავდენ, მათ აოხრებულს ბანაკსა უწყალოდ აღარ სთელავდენ; ომისკე დამშეულები ძლივს მოელიან დილასა, ყველას ისა აქვს გულშია - ბელადს ვინ მოჰკლავს წინასა, თავსა და მარჯვენას მასჭრის, შინ მოვა სახელიანი, საკარგყმოდ თასი მიერთმის ხატობას სანთლებიანი. გვარიც დარჩება იმისი სამუდმოდ საქებიანი. ციხე-კოშკებში შადიან დიაცნი ბალღებიანი, მზად შაუნახეს ქმარ-შვილთა გუდები საგძლებიანი. VIII ბინდდება. ბნელი ხევები იმურებიან შავადა. თვალს ისე ეჩვენებიან, თითქო გამხდარან ავადა. მთები მაღლები, კლდეები, ლაღი არაგვი თავადა - მოწყენილია სუყველა, ვხედავ, ჩუმადა ტირიან. მხოლოდ თამამად შიკრიკნი სოფლითი-სოფლად ყვირიან “ვინაც ხვალ ლაშქარს დააკლდეს, ამოვარდებამც ძირიან!” გარეთ აღარსად ცეცხლი ჩანს, არ ისმის სტვენა წყემსისა, კარში აღარა დასტოვეს დანაფასები ნემსისა. სოფლად მილაგდენ ყველანი, კოშკ-ციხეები ჰფარავენ, ცხვარ-ძროხას, საგანძურებსა ფარულს ალაგას ჰმალავენ. ცოტა რამ მკრთალი ნათელი ხახმატს ხატშია ჩნდებოდა, სანთლები ენთო ყორეზე, ალი იფნებსა ჰხვდებოდა, ხან ცისკრად გამოაშუქის, ხან კი მინელდის, ჰქრებოდა, სულ-მაბრძოლ სნეულსა ჰგავდა, ტანჯვა-ვაებით კვდებოდა. სხვა იქ კაცის ძე არა ჩანს, ორნი ჰყუდიან ველზედა, ერთს სისხლიანი ხანჯარი უპყრავ, სისხლი აქვს ხელზედა; მათ წინ დაკლული კურატი წამოწოლილა გვერდზედა. ბერდია (ხევისბერი) წყალობა მოგცეს, მინდიავ, იმ გულზედა და წესზედა, რა ფიქრითაცა სწირავდე, იმედოვნებდე ღმერთზედა; ნუმც მოგეშლება სახელი, მინამ ხმალი გრტყავ წელზედა. იმედო ხევსურეთისავ, მწყალობელიმც გყავ ჯვარია, მუდამამც გამარჯვებული მიგყავ და მოგყავ ჯარია! მგონია, მეათე დაჰკალ წელსა, გასწყვიტე ძროხები, რას ეხვეწები მაგდენსა, რა გაქვის შანაცოდები? ერთი წესია, ორიცა, შენ ხვეწნა მეტის-მეტია ნურასამც ვაწყენ ამით ღმერთს, რაც ეხლა დავიყბედია. მინდია ყევარი ხარი კიდევ მყავ, სამი თუ ოთხი ფურები - იმათაც აუსახელებ, ოღომც მამირჩეს წყლულები. ბერდია რა წყლული. კაცო, შენ წყლული ჩვენ არვის გაგვიგონია, შენ წყლულიანებს სხვებს არჩენ ათასობითა, მგონია. მინდია სხვა რამ საქმეა, ბერდიავ, ადვილ ვერ ვიტყვი იმასა: თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა. ფულის პატრონნი, თუ იცი, ყველგან გახჰსნიან ქისასა? ხვალ, ხვალე-ზეგავ გაიგებთ, მაცნე რო მოვა მთისასა. ბერდია შენა ხარ ჩვენი იმედი, ხევსურთ დავლათიც შენთანა. ჩვენა გვწამ, შენაც ხომ იცი, რომ ჰლაპარაკობ ღმერთთანა, ხატიც გამმარჯვედ დაგყვების, კარგად იციან ყველგანა. ნუმც მოგეშლება დავლათი წმინდის გიორგის ძალითა, ნუმც გაგვიმეტებს უფალი, არ გიმფარველოს კალთითა. აიღო თასი ხელშია და კვლავ დაიწყებს ბერდია: “სადიდებულო გიორგის და სამწყალობლო შენია!.. შენ მეშველიმც-ა, რაც უფალს ხატები გაუჩენია, შენი მერჩოლი, ცოცხალი ერთიც ნუ დაურჩენია. ხვალ თუ ხვალე-ზეგ უცილოდ ომი გვექნება მტერთანა, მანამ ცოცხალი გვყევიხარ, რას გახდებიან ჩვენთანა?!” ეს რომ სთქვა, მლოცავს თვალები აევსო ცხელის ცრემლითა, არ შამნიშნოსო, მობრუნდა და მოიწმინდა ხელითა. დაემხო საჯარის წინა, როგორც მოჭრილი ცელითა ჯოყარი რამა, თუ ფიჩხი, შასაკონავი წნელითა. ლოცულობს თვალ-ცრემლიანი, აზრი არ ისმის ლოცვისა. ასე მხურვალედ მლოცველი ვერ ნახა ვერა როდისა წინათ ბერდიამ, - ეს უკვირს: უფრო ტანჯვაა გლოვისა, ვიდრე გულ-დაწყნარებული წყალობის გამოთხოვისა. ცრემლი სდის, ჩუმი ქვითინი აბჯრის ჟღერაში ერევა, ლოცულობს, დაჩოქილია, ხანიც მრავალი ელევა. “უსმინე, ხახმატის ჯვარო!” თვითაც უმატებს იგია: “ნუ გაუქარწყლებ ვედრებას, კეთილზე დაარიგია”. IX შუა-ღამისას დაიწყო დელგმა, მოჰხეთქა ღვარები, გატეხეს, თუ სად ლოდების ხევებში იყო კარები და სწორედ არ მიუტანეს ბარს მთისა დანაბარები. ხშირად დაედვა ბალახთა ღრუბელთა ცრემლის ცვარები, გაჰქრა და აღარცა ბჟუტავს ხახმატს ლოდებზე სანთლები. აღარსად ხევისბერი სჩანს, აღარც მლოცავი მტირალი, მარტო საჯარის ყორეა მრისხანედ გამომზირალი და კლდეებს არღვევს არაგვი გაბეზრებული, მყვირალი. X დილაზე ფრთა-დაკეცილთა, ნამტირალევთა ღამითა, მთებზე ეძინა ნისლებსა მიტკლით შაკრულის თავითა; ზოგჯერ რო გაგვახარებენ მაცოცხლებელის ცვარითა, სხვა დროს ბედს გვაწყევინებენ ჩანადინარის ავითა. დაბლა ჭალა და ხევები, გუშინ სავსენი ზვავითა, დღეს სიცოცხლითა ხარობენ, გაბადრულნია მწვანითა, და კოშკი დაფიქრებული ხეობას დაჰმზერს მაღლითა. კოშკში მოსჩანან ქალები, როგორც ყვავილნი მთისანი, - სძლევენ მტერს, თუ ვერ ხევსურნი - მათ სასაუბრო ის არი. სათოფურებით ჩაჰმზერენ მოუსვენარად ჭალასა და ახვეწებენ თავის ჯარს ღვთისა და ხატის ძალასა. აქით კარგად სჩანს მიდამო: მთა, მთის ყელები ყოველი, ვერ დაემალვის კაცის თვალს მწერი, ვერც ერთი ცხოველი. ზოგები სხედან ფიცარზე, ჰბჭობენ, თან ჰქსოვენ წინდასა, ისინიც სამშობლოსადა ლოცვას ამბობენ წმინდასა. სანდუა (დედაკაცი) მზიავ, გულ-შამოყრითა ხარ შენ უფრო სხვებზე მეტადა; ქმარას თუ ჰნანობ, თვალ-შურთხო, ვერ ჰქშერობ მოსაკვლელადა, არა გცოდნია, რო ომსა ის ჰსახავს თავის ბედადა და მინდიაის მამკლავი ჯერ არ გაუზდავ დედასა. მაშ მე რაღა ვქნა? ჩემები ბევრნი წავიდნენ ლაშქარსა: ჩემ კაცი, ძმანი სამნივე არ მაჰკლებიან ამქარსა. შენს ქმარს ხო ვერვინ აჯობნებს, ძველებურს იზამს ნაქნარსა, როგორაც ბევრჯელ უწინა, ეხლაც მტერს მისცემს ზიანსა: ვისაც მაუკლავს, ის მაჰკლავს ხარსა ირემსა რქიანსა. მზია ვაჰ მე, რო ვეღარ იბიჭოს, ისეთს სიზმრებსა ჰხედავდა: მთელს ერთს წელს სნეულსა ჰგვანდა, თავის ხორცთ კბილით ჰკვნეტავდა. ცოლ-შვილთ გაგჟლეტთო, იძახდის, თუმც რადღაც არა ჰბედავდა. ხატ-ღმერთს მიეყრდნო, შასწირა, თუ სად რა გვყვანდა საქონი, მოვიდის, პურიც არ ჭამის, ვაპატიჟოდი რამდონი. მარტოკაც ბევრჯელა ვნახე, ჩუმად, ბალღივით ტიროდის: “დავკარგე ძვირი საუნჯე”, თავისთვის ამას იტყოდის. სულ ბანზე იჯდის ღამითა, აშტერდებოდა ცასაო, მოსულს და წასულს, არავის აღარა სცემდა ხმასაო; აღარც სტუმარი უნდოდის, ჩვენ ხომ არა და აღარა, ამ ცოტა ხანში თმა-წვერი დარდმა თუ გაუჭაღარა?!. ბევრჯელ ქურდულად ბნელაში დაუყუროდი ჩუმადა, მაგრამ მის მარტოდ ყოფნასა მე ვერ შაუვედ გულადა. რომ თავს და ხალხსა ტიროდის, ის კი შავიგენ სრულადა: “ვეღარას ვარგებ ქვეყანას”, ტიროდა დაფარულადა. ცოლ-შვილთ კი, უფრო ბოლოს დროს, გვეკიდებოდა მტრულადა. სანდუა ჩვენ ეგ არ გაგვიგონია, პირველად მესმის შენგანა: მე ისივ მინდია მგონავ, შასადარები მზესთანა. მაგას, ათასი იუბნო, არ დაგიჯერებს ქვეყანა. მიკვირს, ეგ შენთან ნათქვამი რად არ იუბნა სხვებთანა? ვითომ რას ცოდნას გლოვობდა, რომელს ცოდნაზე ჩიოდა? ან თქვენ რის დამნაშავეთი?.. გული იმ რიგად სტკიოდა, რომ ცოლ-შვილთ დასალევადა ხმლისკე ხელ მიუდიოდა?!. მზია ისიო, იმას ამბობდა, ემათ მზემ, არ ვსთქვა მრუდია, - ხელი დაადო შვილებსა, ორივ მის გვერდზე ჰყუდია, - რომ თქვენგან ცოდვაში შაველ, არ-საქნელი ვქენ საქმეო: შეშა ვჭერ, ნადირი ვხოცე, როგორც უბრალო რამეო. ყვავილნი ხმას აღარ მცემენ, აღარც ვარსკვლავნი ღამეო. უფლისგან მომადლებული დიდი ცოდნა და ძალია დავკარგე შენის აყოლით, წელზე რადღა მრტყავ ხმალია? და სხვა ამგვარი ათასი შამიგმის პირზე ცოფითა და ორჯერ-სამჯერ გადურჩი, კინაღამ მამკლა თოფითა. ალბათ ჯერ იმედი ჰქონდა, ხატებს ეხვეწა, იშრომა... თან ჩვენაც ვებრალებოდით და არ დაგვხოცა მიტომა. სანდუა თუ მართალია, რაცა სთქვი, შენგან ცოდვაში შავიდა, უნდა მოგეჭრას ეგ ენა, მაღლა დაგკიდონ კავითა, ძირს ცეცხლი შემოგიკეთონ, დაიწვა იმის ალითა: ქვეყნის ცოდვაში ჩამდგარხარ, ჩვენ ხო ვართ იმის ძალითა! მზია ჰო, თუ ბრალი მაქვ რაიმე, ღირსიც ვიქნები დასჯისა; ის ცოდვა რად უნდა იყოს, ფიქრი რო მივეც გარჯისა? ცოლ-შვილნ თუ უნდან ვაჟკაცსა, შნოც უნდა ჰქონდეს ხარჯისა. ჩვენ საქმე ვიცით, დიაცთა რა გაგვეგება აბჯრისა... ეს თითონ უნდა ეფიქრა, კაცი იმისთვინ კაცია: ერთს თუ სხვისათვის არ უვნავ და არა გაუტაცია, ბრალი რად უნდა დაედვას ალალს, არ მქნელსა ცოდვისა? ცოდვა ერთისა სხვამა ზღოს, - მადლად სად თქმულა, როდისა? რაღაც ცუდს გრძნობდა მაინცა, იმითა სწუხდა ბეჩავი, ჩვენზედ იყრიდა ბოლოს ჯავრს, საქმის წინადვე მხედავი. წუხელაც ცუდ სიზმარ ვნახე, რა-რა იქნების, ნეტავი?! სანდუა რა ჰნახე, მზიავ,მიამბე, იქნება ახდეს კარგადა და არ გაგვხადოს უფალმა დასალევ-დასაკარგადა? მზია ცუდი რამ ვნახე, სანდუავ, საზარო, გულის მგმირავი, სულ-ხორცის ამაშფოთები, გონების ამაზრზინავი: მოვარდნილიყო ღვარები, როგორც დევები მქშინავი; თან მაარღვევდენ მთა-ბარსა, იდგა დგანდგარი, ღრიალი, ცა-ხმელთა დაქცევას ჰგვანდა, ისეთი ისმის გრიალი. მთებსა სტყდებოდა წვერები, დაბლა ხევებში წვებოდენ; მთებთან ერთადა კლდეებიც თოფებივითა ტყვრებოდენ. ცა ისეთი ჩნდა, ვით კუპრი, შავად ჰღელავდა, შხიოდა, კუპრს აწვიმებდა მიწასა, ცხელი წვეთები სცვიოდა, ღვარები ისევ საზარლად, შეუპოვარად დიოდა. “გვიშველეთ, ვიღუპებითო”, ათასგნით ხალხი ჰკიოდა. მართლაც ვუყურებ, რომ მოაქვს წყალს ხალხი, ფარი, ხმალია, ათასგან ციხე ირღვევა, ქავ-ციხეებთან სახლია; ამოდენს საბრალოობას მარტო მოზარე აკლია, ჩვენ ვითომ არა გვიჭირდა, ვითომ უვნებლად ვიყვენით, ბოლოსა ვნახე სახლკარით რომ ჩვენაც გავირიყენით. მოასქდა ღვარი ზენაით, ლიბო მაჰგლიჯა ციხესა და შეურია ისიცა დაბლა არაგვის რიყესა. სახლიც წაიღო ჭერხოთურ, გაგვიყოლია ჩვენაცა, მინდა ვიძახო - მიშველეთ, ვეღარ ვაგებდი ენასა. ბალღებს კი გულში ვიკრავდი, ხატ-ღმერთსა ვსთხოვდი შველასა. თან გამოსვლასა ვცდილობდი, ვეგანებოდი კიდესა; ბალღებს ვაფარებ პირებზე შავის მანდილის რიდესა. და რამდენჯერაც მივჯარდი ნაპირს, იმდენჯერ მქისია, კაცების სახე წინ დამხვდა შავები, როგორც ფისია. ხელი მკრეს, წყალშივ ჩამაგდეს, თან გადმომძახეს ისია: “სად მოხვალ? წადი, წყალს გაჰყევ, ბძანება არის ღვთისია!” და ამ დროს ვნახე, ჩვენს წინა წყალს მიაქვს ჩვენი კაცია, შამომიბრუნდა და მითხრა, ტკბილი ხმა ჰქონდა, ნაზია, - “გთხოვ, მაპატიო, მზიაო, რაც გლანძღე, გაგაბრაზია; რასაცა ჰხედავ ჩემს თავზე, ღირსი ვარ, სწორედ ახია, ბალღები არ დამიჩაგრო, გთხოვ, კარგად შამინახია!” მტერს, რომ მე წუხელ ვიტანჯე, მე რო სიზმარი ვნახია!.. სანდუა მაშ ვერ გამოხვედ, წაგიღოთ? მზია ვერა... წაგვიღო, სანდუავ, დედა-შვილები ყველანი. სანდუა ავი ნურაიმც მოგივათ, ღმერთმა გამყოფნესთ მთელანი. საერთო ხმა ქალებისა მოდიან, მოდის ლაშქარი, ღმერთო, დასწერე ჯვარია!.. მზიავ, წამოდეგ, გაჰხედე, აგერა შენი ქმარია, დროშიონთ მასდევს მხარ-და-მხარ, ამომავალი მთვარია. ერთი დედაკაცი აგერა ჩვენებ ვაჟები, დედა ენაცვლოსთ მხრებშია... ვაჰმე, რა ლამაზებია, ვინ ჰნახავს იმათ მკვდრებშია!.. ღმერთიმც ნუ მახილებინებს მაგ ამბავს თავის დღეშია. მეორე დედაკაცი გაჰხედე, ჩემ უნცრუაი იმეებს მისდევს გვერდშია. რა მშვენივრები მიდიან, დედა ენაცვლოსთ მკერდშია!.. გასათხოვარი ქალი დამც ენაცვლება თოთიას, ვერ-როგორ ვარჩევ ხალხშია. ვნახე... ძლივ სადამ ვიცანი მიხვრა-მოხვრაზედ, ტანშია. ლაგმის პირს უჭამს ულაყი, დაძაგრულია მკლავშია. მეორე ქალი ჩვენ უშიშაიც მარჯვეს ჰყავ, როგორ აგელებს ლურჯასა!.. საქმე რო ხმალზე მიდგება, არც ეგ დაიწყებს კუნჭვასა. მაშინამც მაყურებინა, ფარს რო დაუწყებს ბღუჯვასა. პირველი ქალი მე ვერ ვნახავდი ჩემს ძმასა, გამიძნელებდა სუნთქვასა: პირს სხვაგნისაკე ვიზამდი, თვალთ დაუწყებდი ხუჭვასა. მეორე ქალი მე არა. ძმისა სიკეთე, კარგი ყოფნა და სახელი ისრე კი მინდა, ზექუავ, როგორც ბნელაში სანთელი, დამაშვრალს, მომშიებულსა მოსვენება და საჭმელი. კარგია, ძმისა სიკეთე რო არს ყველაის სათქმელი. პირველი ქალი ეგ ვის არ უნდა, შვენაო, ვინ არი ისე ჭკვა-თხელი? მაგრამ და თვალ-დამწვარია ძმის გასაჭირში მნახველი. მეორე ქალი უმისოდ სახელს ვინ მისცემს, თუ კი არა ქნა საქნელი?!. საერთო ხმა ღმერთო, უშველე, ხატებო, თქვენ უწინამძღვრეთ მხედართა, ეგრევ უვნებლად გვაჩვენენ, როგორაც ეხლა ვხედავთა. ბევრისა გული ღელავდა ათასნაირის შიშითა - ნურც ვის კი გაუკვირდება, კაცთ ეს მოგვიდის ჯიშითა, საშიშს დროს საყვარელს საგანს რო ვიგონებდეთ შიშითა!... XI შამწკრივდა მთაზე ლაშქარი, დიდს ვაკეზედა გროვდება. თოფ-იარაღის ბრჭყვიალი მზის სინათლესთან სწორდება. ცხენთ ტერფით ჩამონაგლეჯი თავქვე ლოდები გორდება. აქვე შაექნათ თათბირი მტრის დასახვედრელს წესზედა: ვაკეს ადგილზე ჩავიდენ, თუ მიეგებნენ სერზედა. ყველანი ფეხზედა დგანან, ხელები უდევთ ხმლებზედა. თვალები ყველამ მინდიას მიაპყრო, პასუხს ელოდდენ: ის რომ არაფერს ეტყოდა, ხევსურნი ერთხმად ეტყოდენ. ლაშქარი მუდამ შენს რჩევას ვრჩეობდით, არც რა ზარალი მოგვსვლია. როგორ მოვიქცეთ, გვირჩიე, შენი პასუხი მოკლია?! მინდია მე ვერას გირჩევთ, ხევსურნო, აღარ ვვარგივარ მრჩევლადა: ის სხვა დრო იყო, სხვა ჭკუა, ეხლა კი ჩემი ნარჩევი გამოგადგებათ ძნელადა. აწონ-დაწონეთ, ჯარი ხართ, ფიქრი შეკარით მთელადა. მე მარტო უნდა ვიომო, მიტომ გამოვედ ველადა; ან როდის საუკუნოდა მე ხალხმა გამაბელადა?!. ლაშქარი ღმერთი გაუწყრესთ და ხატი, ვინც რომ შენს რჩევას იქითა ფეხი გადადგას საომრად, თუნდ თავში სცემონ მჯიღითა: მოკვდეს და პირი აევსოს ცივის სამარის თიხითა. მინდია კარგია... რა ვქნა, არ მწადდა გავრეულიყავ რჩევაში. გეტყვით, რადგანაც ჩამქსოვეთ ამდენს ფიცში და წყევაში. სხვას ვერას გირჩევთ: დაუხვდეთ ქისტებს მოწამლულს ხევაში. უსიამოვნო ჩურჩული მორთეს ერთურთში მხედრებმა; დარდი დაჰბადა ადგილმა ქისტების დასახვედრელმა. მაინც რას იზმენ?.. ვერაფერს, რაკი სთქვეს, დაიფიცესა, უარს ვერ იტყვის ლაშქარი, უნდა იქითკე ვლიდესა, საცა მინდიამ უჩვენა ადგილი საომარია, თუნდ ერთმაც აღარ იცოცხლოს, ყველაც იქ დარჩეს მკვდარია. აღარა ეთქმისთ, წავიდნენ, დროშა ამართეს წინათა, მსუბუქად მოაბიჯებენ, შავარდნებს ჰგვანან მფრინავთა, თან გადიყოლეს მზის სხივი შუბისა წვერთა მბრჭყვინავთა. XII ორი დღე არის მთას იქით ომია, დიდი ვაება: მეტად სასტიკი ბრძოლაა, ვეფხვები ლომებს შაება და სისხლის თოკი მთიდამა დაბლა ჭალამდე გაება. ორსვე ერთგვარად არ ჰნახავს, ერთს გაუმარჯვებს ღვთაება. ხუთსა თუ ექვსსა ხევსურსა, შამურვილებსა სახითა, კაცი მოჰქონდათ ხელდახელ შაკრული კაბალახითა. პირ-აქათ გადმოიყვანეს, დაბლა დააგდეს ვაკეზე და სამდურავით მიჰმართეს ჯავრ-მოსულებმა ბაგეზე. ხევსურნი ერთად კაცო, რად იკლავ ძალად თავს, - ძალად სიკვდილი გწადიან? შიგნით რომ იწევ მტრის ჯარში, ხომ ხედავ, რასაც სჩადიან?!. დღემდე ჩვენ ვთელეთ ეგენი, ახლა ეგენი დადიან ჩვენზე, და იქნებ, მინდიავ, ჩვენც მოვაგვაროთ სხვა რამე, ვეცდებით, ბინდმაც ხო გვისწრო, რო გავისარჯნეთ ამ ღამე. ეს სთქვეს და იმ წამს გაბრუნდენ, გაიქცენ როგორც ქურდები, ამოღებული ხმლები აქვთ, ხელში უპყრიათ შუბები, ძნელია, თუკი ვიფიქრებთ, სიკვდილ-სიცოცხლის წუთები; რა ქნან! რო შარცხვენ, ძნელია, ტანზე ჩაეცმისთ ჯუბები, თავს დაეხურვისთ მანდილი, და მოეხდებათ ქუდები, თუკი არ გაირჯებიან, როგორც ლაჩრები, ცუდები. ტყვე კბილებს აღრჭენს და ცდილობს, უნდა გაიხსნას ხელები, დიდხანსა წვალობს, გორაობს, ვარმისგან განაცხელები. ძმებთან სწადიან სიკვდილი, აღარ რჩებიან მთელები, უჭირსთ და აღარსადა ჰყავ ლაშქარი მისაშველები. ღამეც გახშირდა კარგადა, ტყვემ აისრულა წადილი, ორივე ხელი გაიხსნა, ფეხზე წამოდგა დაღლილი და ამ დროს ნახა სოფლებში ცეცხლები, - ცუდი ნიშანი. გაიგო, რაც მომხდარიყო, აღარ უნდოდა მისანი. გაშრა, გაფითრდა, ცრემლი კი არ მოსდგომოდა თვალებში; სულ გულში ჩაგუბებულა და გაბნეულა მკლავებში... ქუდს იხდის... სიტყვა ვეღარ სთქვა, ხმლის ტარს შაეხო ცერითა, ამოიწვადა ქარქაშით, გულს მიიბჯინა წვერითა. მკერდიდან სისხლი, ვით წყარო, გადმოუვიდა ჩქერითა, მთვარემაც გადმოაშუქა საჯიხვეების სერითა და დააშტერდა თავის-მკვლელს მოზარე ქალის ფერითა... ნიავიც მიდ-მოდიოდა უდარდოდ, ნელის მღერითა... ფრთა გაჰკრის წვერსა ხმლისასა ამოღერებულს ენითა, შაღებილს ჭიაფერადა კაცის გულ-მკერდის წვენითა, და გათამაშდის მწვანეზე ლაღად, მოლხენით, სტვენითა.
წყარო: vajafshavela.blogspot.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი