მე შენის ტრფობით ვერ გავძეხ
მე შენის ტრფობით ვერ გავძეხ, შენ — ჩემის სიძულვილითა. ვერ გიღალატებ მაინცა, თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა, გულ-დაკოდილი შენგანა მითც ღმერთს გახვეწებ სიტყვითა. გახვეწებ, ვემუდარები ცეცხლის მქშინავის პირითა, გარშემო შემოხაზულა ცხელის ცრემლების მილითა. თანაც დაგბრუნავ თავზედა ჩემის ჯვარცმულის ფიქრითა. შენ ამას არაფრად აგდებ, მოხვალ, ზედ მდგები წიხლითა. უცვლელი ვრჩები მაინცა ჩემის წადილით დიდითა, სამყაროს იქით რომ მიდის, მომაკვდავთ განა იცითა?! წვრილმანს, ჩანჩალა აზრებსა ვილალავ აქეთ-იქითა: არ დამიშალონ მიმოსვლა ღმერთთან ამ გრძნობის ხიდითა. შენი ვარ დიდი ერთგული, ვერვინ შემხედავს იჭვითა. შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, თუნდ შხამს მასმევდე ჯიხვითა!
წყარო: gpoets.blogspot.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი