სინდისი


ჯერ ისევ სველი
ძმის სისხლით _ ხელი
ჰქონდა ძმის მკვლელსა,
ცოდვისა მქნელსა.
თან აქვს იმედი,
რომ მისი ბედი
აყვავდებოდა,
წყენა პირველ მკვლელს
აღარ ჰხვდებოდა.
დამბადებელი
შეიყვარებდა,
საბრალო კაენ
გაიხარებდა.
მკვლელს ჰნახავს ღმერთი
მხოლოდ მაღლითა
და მის ცხოვრებას
მოჰრწყავს მადლითა.
კაენის გული,
სავსე შურითა
და შელესილი
ფისით, მურითა,
გათეთრდებოდა.
როცა ძმის ხელით
აბელ ჰკვდებოდა,
სიპისა ქვითა
ძმას თავს რომ სჭრიდა,
ატირდა ცაში
ვარსკვლავთა კრება,
ანგელოზთ გუნდიც
მათ გვერდით კრბება.
თვალთაგან ცრემლსა
წვიმასებრ სცრიან
და ნორჩ ბუნებას
ტირილსა ჰგვრიან.
ზეცაში ზარი
ნელ-ნელა იკვრის,
`მოასვენებენ
მკვდარს~ _ ეს ხმა ისმის _
`სიკვდილი! მკვდარი!~
სამყარო იძვრის.
ეს საზარელი
ჩვენ შორის სიტყვა,
პირველად იმ წუთს
და იმ დროს ითქვა.
ბოროტ სულთა ბრბო
ახლო ხარხარებს:
ერთი მეორეს იმას აბარებს,
რაც ეშმაკთ მოდგმას
დიდად ახარებს.
მაშინ შეიძრა
დიდრონი მთები
და აბობოქრდა,
აღელვდა ზღვები.
ტყე იღვრებოდა
ცხარე ცრემლადა,
ყვავილოვანი
მწვანე ველადა.
ნადირი ტყისა,
თევზები წყალთა,
ყოველი არსი
მთათა და ბართა,
ყველა შფოთავდა,
ყველა კვნესოდა,
ეს შემზარავი
ხმა რომ ესმოდა.
ააკანკალა
`სიკვდილმა~ ყველა
ბუზი-ბზუილა
და ჭიანჭველა.
ისმის ტკრციალი,
დიდი ზრიალი
მეტყველ-პირუტყვთა
ყოველ მხარესა;
და მაშინდელი
ჯერაც ატყვია
ჭუჭყი და მური
ცაზე მთვარესა.
აბელის სისხლი
იქცა დიდ ტბადა,
ნისლმა შესუტა,
ავიდა ცადა.
შემდეგ ამ ნისლმა
მთელი ქვეყანა
მორწყო სისხლითა
უხვად ყველგანა.
მას აქეთია
უძლურს ძლიერი,
როგორაც ცხვარსა
მგელი მშიერი,
ჰმუსრავს და ჰყლაპავს.
ხმელეთი სრულად
ზღვაა სისხლისა
და არ იწყნარებს,
სჯაბნის ვინც ვისა.
კვნესით შობილნი
კვნესითა ვკვდებით,
მიწის საჭმელად
ბოლოს ჟამს ვხდებით.

II

მკვლელს შუა გზაში
დაეცა თავში
ლოდისა მსგავსი
უჩინო არსი.
ჩავიდა გულში,
ჩაუძვრა სულში,
მთელს მის არსებას
ჩაავლო ბრჯღალი.
უწყალო არი,
სახე აქვს მწყრალი.
ვისაც ეწვევა,
ვაჰ, მისი ბრალი!..
ამბობს ენითა _
ქენჯნა-კბენითა,
ხან ტირილს იწყებს
ცრემლის დენითა.
ჰბაქავს და ებრძვის
ხმა იდუმალი:
`ბედკრულო! აბელ
რისთვის მოჰკალი?~
კაენი სწყრება,
ჯავრობს დიდადა.
ვეღარა ჰსუნთქავს
იგი მშვიდადა
მან სამდურავით
მიჰმართა ღმერთსა,
წინაშე უფლის
ემდურის ბედსა:
`ეს დამაშორე,
მეუფევ, შენა,
რამაც ჩემს გულში
აიდგა ენა.
მაკმარე, ღმერთო,
იმ ხმისგან წყენა.
სიცოცხლე მწყურა
მშვიდი და ნაზი,
არ მომივიდეს
არაზე ბრაზი.
არ მინდა ვიყო
მე დარდის ბუდე:
მტკიოდეს რამე,
რაზედმე ვწუხდე;
სიცოცხლე უნდა
სიცოცხლეს ჰგვანდეს,
მწარე ფიქრები
გულს არა სწყლავდეს.
აბა, რასა ჰგავ
ესეთი ყოფნა:
შემდეგ ლხინისა, _
ტირილი, გლოვნა?
აბელს რომ ვკლავდი,
ვიფხანდი გულსა,
ვირჩენდი მითი
დიდის ხნის წყლულსა.
ეს ლხენა მხოლოდ
წუთისა იყო:
წინა დღის შვებამ
ბოლოს რა მიყო?
_სარჩობელაში
თავი გამიყო…
მაშინაც ეს ხმა
აბორგვდა, მწვრთნიდა.
აბელის მოკვლა
ძალიან სწყინდა,
`ცოდვაა~, _ ამას
მეუბნებოდა, _
`ნუ ჰკლაო, ნუო!~ _
მეურჩებოდა.
და დღეს ფიქრები
ჩემი მენვე მსჯის,
მთელი სხეული
მიშფოთავს, მითრთის.
უნდა დავიხშო
ეს მეორე ხმა,
სინანულისა
რაღაც გულის-თქმა.
რის კაენი ვარ,
თუ ვერ შევძელი,
მას, რაც ჩემშია,
დავრიო ხელი?!~

ხმა ციდან

გაჩუმდი, ნუ ხარ
ავი და ბრიყვი,
ჰმიეთ-ჰმოეთობ,
ურცხვო, რას იტყვი?
დიდი საუნჯე
მე შენ მოგეცი,
რომ ამემაღლე
მოსისხლე მხეცი.
შენ კი დასწიხლე
ეგ მადლი დიდი
და სჩივი, სული
რომ არ გაქვს მშვიდი.
შე უბედურო,
მით ღმერთს აგინებ,
როს შენს მწვრთნელს ხმასა
ეგრე აყივნებ.

კაენ

ავი გდომნია
უფალო, ჩემთვის,
როდი ვიცოდი
საბრალომ დღემდის.
დღეს ამას ვფიქრობ,
რომ შევიძლებდი,
სიდან როგორმე
ხელს ჩავკიდებდი,
აბელის მსგავს დღეს
მას დავაყრიდი;
დავკეფდი წვრილად
და გადავყრიდი.

ხმა ციდან

ჩემ მაგიერი
ხმა ცნობიერი
მოგეც დარაჯად,
გეგრძნო არ ავად;
კეთილის მრჩევლად
იგი გყოლოდა,
შენ ყური გეგდო
მისთვის მხოლოდა.
არ უგდე ყური,
ჩაიდე შური
გულში შენ ძმისა,
აწ გევლინება
თავს რისხვა ცისა.
წყეული იყავ
ამიერიდან,
საცა კი იყო,
ყოველი მხრიდან
წყეული იყოს
შენის მოდგმისა,
ვისაცა სწყინდეს
სიკეთე ძმისა,
კეთილი რჩევა
კეთილის ხმისა;
ვინაც არ მიჰყვეს
იმის ნებასა,
არ ასრულებდეს
დიდს ღვთის მცნებასა,
ღალატს ჰფიქრობდეს,
იმასა ბჭობდეს,
თავადაც მურდლად
ღალატით მოკვდეს.
ვიდრე ცოცხალ არს,
მის გულს შანთები
არ დაელიოს,
დასდვას ზადები.
მომავალს დროში
სჩანან წყეულნი:
ძმების გამცემნი,
გადარეულნი,
შხამით მთვრალები,
მოფარფატენი,
თავის სამშობლოს
მოღალატენი.
რად შევიბრალო,
თუ თავი თვისი,
უმანკო კრავი,
მსგავსება ღვთისი,
არ შეიბრალეს,
არ დაინანეს,
აქციეს ბუდედ,
ეშმაკის ზღუდედ?
წყეული იყოს,
შუა გაიპოს,
ვინც არ უფრთხილოს,
არ დაუჩრდილოს
კაცობას თვისსა!..

III

მას აქეთია
ცხვარი და მელა,
რაიც კი სუნთქავს,
ცხოველი ყველა,
განიცდის იმ ხმის
რჩევას და ძალსა.
ზოგი ყურს უგდებს,
სხვა ჰხუჭავს თვალსა.
ყურსაც იყრუებს,
მას ასუსუებს,
და ის მებრძოლი
ჩვენს გულში ღმერთი
მოვკალით კაცთა…
ტანჯულ-გვემული
საბრალო გაცვდა.
თუმც მის სიცოცხლის
ძაფი არ გაწყდა.
დიდი ხნისაა
უჩინარი ხმა _
დღესაც გვეძახის:
`აგერ შენი ძმა,
ჰაა, არ მოჰკლა,
გიყვარდეს იგი…
გახსოვდეს მუდამ
წესი და რიგი!
ნუ იზამ ავსა,
ნუ ჰღუპავ თავსა,
ნუ გაასაღებ
თეთრად შენ შავსა
და არ დაარქვა,
შავს, კაცო, თეთრი,
ამას გენუკავ,
ამასა გვედრი!~
ოჰ, ეს საწყალი,
მის სამართალი
უყურადღებოდ,
ობლადა რჩება,
მილიონ წელთა
განმავლობაში,
საკვირველია,
რომ არა კვდება, _
ისევ მხნე არი
და არა სცხრება.
ხმა ეს ხალხს ებრძვის,
სვინიდისს _ ხალხი, _
მაზედა ბრუნავს
ამ სოფლის ჩარხი.
იმის ხელთ განვლეს
ხალხთ და მეფეთა,
ხარჯის მიმცემთ და
ხარჯის მკრეფეთა.
აბა, გაჰხედეთ
საუკუნეთა!
ისტორიისა
ნახეთ ფურცლები,
რამდენი სჩანს იქ
კარგი, ურგები,
ფრანგ-ინგლისელნი,
სპარსნი, თურქები,
მთელი მსოფლიოს
მცხოვრებნი ვინცა,
ამ ხმისა ძაფზე
კვლავ აიკინძა,
ვინც ისინდისა;
ვინც უარი ჰყო,
ის ხომ დადაბლდა.
და რამდენს მოდგმა,
წყევლა და მოთქმა
ჰკრულავს და ჰქოლავს.
კაცი კაცისგან
რამდნითა ჰშორავს!
რამდენი მოკვდა
მამულისათვის,
მას შაეწირა
ვით ხატს ზვარაკი,
რამდენმა გასცა
თავის სამშობლო,
როგორც ჩალა-ბზე,
არ არს არაკი.
ვისი ბრალია,
ვისი კვალია?
სხვის არაფრისა _
ამ ხმის ძალია!
დღეს რომ ქვითინებს,
ფრიად მწყრალია!

IV

ვნახე მე ეს ხმა,
თმა-გაწეწილი,
ნაცემ-ნაგვემი
და დათენთილი
დაჩოქილიყო
მაღალს მთაზედა,
ცრემლი ჩამოსდის
ღვარად თვალზედა;
ხელ-აპყრობილი
ესწრაფის მასა,
როგორმე მოგვსხლტეს,
აფრინდეს ცასა.
უძახის ღმერთსა,
მას სთხოვა ესა,
შემზარავია
სინდისის კვნესა.

სინდისი

ღმერთო, ჰე, ღმერთო,
ჩემო გამჩენო,
ღად მოისურვე,
ღომ შემაჩვენო?
ქვეყნად მეტი ვარ,
მიმიღე მანდა.
ხალხისათვისა
მე რგება მწადდა,
ჰოი, უფალო,
საიდან სადა?
ვერ შევუცვალე
მოსისხლეს მადა,_
ვინც ჩამაბარე…
აწ მიმიბარე.
შენ რაც დამარქვი,
ის აღარ მქვიან,
ვაი, რომ მივხვდი,
საწყალი, გვიან!
ამიტომ ვსტირი,
ვიტანჯვი ძრიან:
უსინდისოდა
დღეს კაცნი მხდიან.
ხალხს შავეჯავრე,
რომ შავეჯაბრე
და გამომაგდო
თავის წრიდანა.
ვერაფერს გავხდი,
თავადაც წავხდი.
და რომ სრულიად
არ დავიკარგო,
გთხოვ, დამეხმარო,
შენ რამე მარგო.
აღარ მაქვს, ღმერთო,
კაცთ შორის ბინა.
მუხლ-მოდრეკილი
ვდგევარ შენს წინა.
ქვეყნად ცხოვრება
მძულს, მომეწყინა.
სადღაა დღესა
ჩემი სახელი,
ჰქრება, ილევა,
როგორც სანთელი.
მეყო, უფალო,
თხოვნა ამდენი.
შენ ხარ ბატონი,
ჩემი გამჩენი.
მიმიღე შენთან,
შენს მადლს და ძალსა.
უჩემოდ მიეც
ცხოვრება ხალხსა.
ვნახოთ, რას იზმენ,
უჩემოდ იყვნენ!..

ხმა ციდან

რასა სთხოულობ,
ეგ ვითარ მოხდეს?
უნდა მსოფლიო
მოისპოს, წახდეს?
დიდი შენობა
რისთვის ვაშენე,
ან ბნელი ღამე
რად გავათენე?
რისთვის შევამკე
მთელი ბუნება,
თუ მას დაჰღუპავს
კაცთა ცდუნება?
რისთვის შევმოსე
ტყით დედამიწა,
თუ დღეს გაფუჭდა
და წაიბილწა?..
რისთვის ჰყვავიან
მაზედ ყვავილნი,
კაცთ თვალთ საამოდ
ეშხით აღვსილნი?
რისთვის ბრწყინავენ
ცაზედ მნათობნი,
დედამიწისა
სხივით გამთბობნი?
ვისთვის მინდოდა
დიდრონი ზღვები,
აუარები
მასში თევზები?
ვინ გაიხაროს,
ვინ მოიხმაროს
ყველა ესენი,
რაიც ვთესენი?..
ვისთვისღა მინდა
ქალ-ვაჟთ ტრფიალი,
დარჩეს ოხრადა,
დარჩეს ტიალი?
აღარ ისმოდეს
სიცილი, მღერა?!
ამას არ ვიზამ,
ვერ შევძლებ, ვერა!
დარჩნენ მხოლოდა
მხეცნი, ცხოველნი,
უენ-პირონი,
ბალახთ მძოველნი?!
უკაცოდ არ სჯობ
გასწყდნენ ყოველნი?
უშენოდ მხეცთაც
ვერ ისეირონ.
მიტომ გიბრძანებ
მანდ დარჩე კვალად
და მოარჯულო
ქვეყანა ძალად.
გამოიჩინე
მხნეობა, ღონე,
რაც შეგიძლიან,
რისაც ხარ მქონე;
ავი დატანჯე
და დააღონე;
კეთილის მქნელსა
შეასხი ფრთები _
მიეცი სვლადა
მრავალი გზები.
რამ დაგალაჩრა,
რისთვისა ჰკრთები?

სინდისი

ჰოი, უფალო,
მიშველე, ვკვდები!
ვეღარ სჭრის, ღმერთო,
ჩემი მხნეობა,
სხვა ხალხი გაჩნდა
და სხვა ზნეობა…
განა არ უწყი,
რისთვისა მტანჯავ,
მარგალიტ სიტყვებს
რისთვისა ჰხარჯავ?..

მაშინ გაისმა
წყრომა ციდანა,
ვით ანაფეთქი
ნაღმი კლდიდანა.

ხმა ციდან

არ შეიძლება!
გიბრძანებ კვალად,
განასპეტაკო
ქვეყანა ძალად,
დაადეგ თავზე
ამოწვდილ ხმალად!..

_

რა გულსაკლავად
ქვითინი ისმის,
მის საზარლობა
ენით არ ითქმის:
თუ ვინა ჰგოდებს
ასე მწარედა,
ყველაც მიჰხვდება
შინ და გარეთა.
ამასთანავე
დაბნელდა არე:
შავი ღრუბლები
მოერტყა გარე,
სჩანს დახოცილან
ცად მზე და მთვარე.
ჯოჯოხეთადა
იქცა მთა-ბარი.
დასანგრევადა
იგი მზად არი.
ქვესკნელიდანა
ისმის ხარხარი,
ისე ძლიერი,
ისე მაგარი,
ჭექა-ქუხილი
მასთან რა არის?!
რა გესლიანად
ვიღაც ხარხარებს!
თვით დედამიწა
მისგან ზანზარებს.

წყარო: burusi.wordpress.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი