გულო, რას დაჰღონებულხარ
გულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა! ჩქარა ზაფხული მოალის, აყოვდებიან იანი, გაიბანება წვიმითა მთა და მინდორი მტვრიანი, საფლავის ქვაზედ მოჯდება ოფოფა სავარცხლიანი. წერონიც გამოჩნდებიან, დამამშვენებნი ცისანი, გუგული-დ' მერცხალიც მოვლენ, ფრინველნი შორის გზისანი. დასადნობია, დადნება მთას თოვლი, ხევში ზვავია. გამაიმტვრევა არაგვი, გაზაფხულობით შავია, მუქარით ანგრევს მიდამოს გაბეზრებული ავია. მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ: „შენაც გაშალე მკლავია!“ ცაც ხომ ხმას მოსცემს მაღლითა მიწის სიცოცხლით ფუილსა, მოსქდება წვიმა ხშირადა, დაბლა მაიღებს შხუილსა; ზედ დაეხვევა ელვაცა შავის ღრუბლების ხუილსა. გულო, ჩვენც სიცოცხლეს ვიგრძნობთ, ლაღს მოვისურვებთ მღერასა, ჩვენც შევუფერებთ კიჟინით ყოვლგნივ ბუნების ლხენასა, იმედი ბევრად სჯობია უაზრო ბედისწერასა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი