თეთრო გიორგი, შვილი რა მიყავ? (ბალადა)
I თეთრ გიორგიში მლოცავი მიდის, გზაზე ურმები მიჭრიალებენ, რამდენი კიდევ ქვეითად არის, ბევრნი ცხენებით მისრიალებენ. ვედრება ღვთისა დიდი საქმეა, გამწმენდელია გულ-გონებისა, წამალი არის საუკეთესო, გულის ტკივილის, დაღონებისა. ნენემაც შვილი გაგზავნა ხატში, ტანჯვა-წამებით გაზრდილი ილო, თან დააბარა: „ფრთხილად იყავი, ლეკები არსად დაგიხვდნენ, შვილო; თუ დაგხვდა მტერი, შენსას ეცადე, ვინძლო, რომ დედა არ გააწბილო!“ საგძლით გაუვსო დიდი ხურჯინი, ტიკით ჩაუდგა წითელი ღვინო, ჯიბეს ჩაუდო სანთელ-საკმელი, ზღვნად მისართმევი ხატების წინო. კიდევ აბარებს: „თავს გაუფრთხილდი, ნასვამმა ბრიყვად არ დაიძინო, თბილად დაიგე და დაიხურე, გაფრთხილდი შვილო, არ შაიციო; ავად არ გაჰხდე, ქარ-ცეცხლს არ მიმცე, და არ დამღუპო, არ დამაქციო!“ ილომ შეიბა წელზედა ხმალი, გადაიკიდა თოფი მხარზედა, და მამაცურად მოახტა ცხენსა, ელოდა პატრონს ისიც კარზედა; „მშვიდობითა“-ო, დედას მისძახა, და გადაჰხედა შვილურად ერთი, ცხენს გაუჯავრდა, დეზი შემოჰკრა, გაუდგა გზასა, ახსენა ღმერთი… II მგზავრი გზას მისდევს, მიეშურება, დაბურულს ტყეში აცეცებს თვალსა, დიდრონ ხეების გაწვდილი მკლავი, მკერდს ებჯინება ბრწყინვალე ცასა. გულ-გადაღიღლულს ნიავისათვის შუბლი მიეპყრო პირდაპირ მთასა. ქედანი დვრინავს წმინდა თევდორეს შესთხოვს ქოროსას ბოლოს და ფრთასა, და ქვეით კოხტა-ტალღებიანსა ჩქაფ-ჩქაფი გააქვს იმ ილტოს წყალსა. მგზავრი ბუნებას ყურს როდი უგდებს, გზის ნაპირებსა არ რიდებს თვალსა. საშიში არის ამ ადგილებში — ლეკები მგზავრებს აქ უკვრენ გზასა — ზოგი მიუდისთ დაღისტნისაკენ, ზოგს როგორც ცხვარსა, მოჰკვეთენ თავსა. რა სვინიდისი ხელს შეუკავებს, — ნუ შვრებით ცოდვას, ნუ სჩადით ავსა! ილომ მოიგდო თოფი ხელშია, გამოუცვალა ჩახმახს ფალია, საჭირო დროსა არ მოუცდინოს, არ აურიოს გზა და კვალია; კარგადა სინჯავს, ხომ მაგრა არის, დაპირულია თუ არა ტალი. და სწორედ ამ დროს გზაში გადმომხტარს ერთს ბრუციანს ლეკს შეასწრო თვალი. აგერ მეორე, კიდევ მესამე, სხვანიც მორბიან, გაკეთდა ჯარი, შემოუკივლეს: „გაჩერდი, გურჯო, ვეღარას გიშველს თოფი და ხმალი!“ ილო არ შედრკა, თოფი ესროლა, ერთს ლეკს მკერდზედა აჰვარდა ალი, დაეცა პირქვე, ვეღარას უშველს ვერც წყლულის ხვევა, ვერც ცივი წყალი. თოფს კიდევ სტენავს, ომი სწადიან, დედისა სიტყვა თვალწინ უდგება, მაგრამ ამაოდ. მტერმა შეიპყრო, კეთილს ბოროტიც ჩამოუდგება. ლეკებმა ჯერ სთქვეს: მოდი დავკლათო, შევსწიროთ იმას, ვინც ამან მოჰკლა, მერე არჩიეს: „ჯერ დავაცადოთ, ახლა რას გვარგებს ამისი მოკვლა, ცოცხლად მივართვათ მაჰმადის ცოლსა; თვითონ დაადოს იმან სასჯელი, იქ საღმოსათვის გამოგვადგება, სადაც მბრძანებლობს დაღისტნის მცველი. როს გაივსება მიურიდებით ჩვენის ლამაზის სამშობლოს ველი, სჯობს იქ შევსწიროთ მაჰმადის სულსა, სჯობს იქ მოვაჭრათ მარჯვენა ხელი.“ III კვირა გავიდა, მეორეც მოდის, არ მოუვიდა ნენესა შვილი, ღამეს ღამეზედ თეთრად ათენებს, დედას არ მოსდის ფიქრისგან ძილი. სიზმარიც ნახა რაღაცა ცუდი, რომ ჩამოჰვარდა მას წინა-კბილი. მლოცავებს ჰკითხავს შვილის ამბავსა, ყველა მას ამბობს: „ვერა ვნახეო, ნამდვილად ლეკებს ტყვედ ჩაუვარდა, იმათ დაუგეს სწორედ მახეო“. დედა ატირდა ცხარის ცრემლითა, ჭკვაზედ შეცვლილს ჰგავს, უგზოდა ჰბოდავს. „რად უნდა დედას შვილი ამ დროსა, რისათვის უნდა, რისათვის ჰშობავს?!“ მოზარეები ბანს მისძახიან: ბაბალე, თეკლე, რძალი თინია: მოზარეების ხმას აჰყოლიან, დაჰქვითინებენ, პეტრე, ნინია; „საწყალო ილო, საწყალო შვილო!“ — ყველას ერთი ხმა დაუჟინია. IV შვიდი თვე არის ამ ამბის შემდეგ, ღამეა შავი, ღამეა ბნელი, თეთრი გიორგის წმინდა ტაძართან ხმა გამოისმის გულისა მწველი. ილოს დედაა, საყდარს შეჰბღავის: „თეთრო გიორგი, შვილი რა მიყავ? შენ სალოცავად გამოვგზავნევი, შენ კი ტანჯვაში თავი ჩამიყავ. შენ გეკითხები, ტანჯულთ პატრონო, თეთრო გიორგი, შვილი რა მიყავ?“ ბობღვით გარს უვლის საყდრის გარშემო, შეჰკვნესს: „გიორგი, შვილი რა მიყავ?“ V უმწეო დედა კერის პირას ზის, ცრემლსა დაუწვავ დამჭკნარი სახე, ასჯერ მოკლულსა ჰგავდა მოხუცი, გული მომიკვდა, როცა ის ვნახე. მოისმა რაღაც ხმა საზარელი ცხენის ფეხისა, ერთი დგრიალი, ცა იქცევაო, გეგონებოდათ, მიწას გაჰქონდა დაბლა ზრიალი. ქარი უბერავს ჭექისა მსგავსად, საშინელია მისი ხმა ბოხი. ვიღაცამ ჩუმად ხმა-გაკმენდილმა, ქოხის კარებსა ატაკა ჯოხი, და საკვირველის ბრწყინვალებითა განათდა კერა, განათდა ქოხი. ნენე წამოდგა ზარდაცემული, თეთრ-ცხენიანი კაცი სდგას კარზე, ლამაზი იყო, როგორც სამოთხე, გუგა სინათლის გარს ევლო ტანზე. — ჰა, შენი შვილი, სასომიხდილო, ოღონდ ნუ დამგმობ, ნუ გამცვლი სხვაზე. — ეს სთქვა უცნობმა, თოვლივით თეთრმა, და გაჰქრა ერთს წამს ამ სიტყვის თქმაზე. ნახა დედამა თავისი შვილი, მხიარულადა წაადგა თავზე, ყელს მოეხვია ნენე ილოსა, უკოცნის ხელებს, უკოცნის პირსა. „შენ გენაცვალე, — თან გაიძახის, — სად მიმემალე, ვის ჰყავდი, ვისა?!“ მაგრამ ნენესა მუხლთ მოეკვეთა, გულიც რომ მისდის, ეშვება ძირსა. „მადლობა ღმერთსა, თუ თვალით გნახე!“ ლუღლუღებს, მანამ დაჰლევდა სულსა. ბედკრულს უხარის, რომ სამარეში არ მიიყოლებს წყლულიანს გულსა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი