სისიხლის ძიება (ამბავი ჩერქეზთა ცხოვრებიდან)
I ცაზე ჰყვავიან ღრუბელნი, მზის სხივებს ჰსვამენ დილითა. მთებს აუხსნიათ პირბადე, შვილებით, შვილი-შვილითა; გულგრილად იცქირებიან გაუმაძღარნი ძილითა; ქათიბს უღეჭავს ნიავი ბროლ-მინანქარის კბილითა. ერთმანეთს გადაჰხვევიან შალშავ, იონჯა წბილითა. უკვდავებასა სთესავენ ირგვლივ ყვავილნი პირითა. მიყრილ-მოყრილან კლდეები პირქუშნი, სახე მწირითა, არც დადნენ, არც დაიშალნენ დაუდუღარნი კირითა, არც ყურს გვიგდებენ თავხედნი, თუმც იმათ ქებას ვყვირითა. თქვენ რომ გიცქერით, მთა-ქედნო, გული რბის ელეთ-მელეთა, გიამბეთ ჩვენი სიგლახე, თქვენ კი არ დაიჯერეთა! სიმტკიცე ცოტა ჩვენთვისაც რატომ არ მოიწველეთა?! ნაჟურნო სალის კლდისანო, უფსკრულში ჩაახველეთა! ძუძუს რომ მოსწოვთ, უსირცხვოდ, მაშინ მიურბით დედასა, წახვალთ და ვეღარცა ჰნახავთ, ეგ არი, ერთხლის მეტადა. დაეკიდებით მინდვრებსა ცით ჩამოშვებულ სვეტადა, ახარებთ ქალსა და კაცსა სააამოდ, შესახვრეპადა. ჩამოუმწყაზრავთ თვალ-პირსა, დაგეცემიან კრებადა… თან მოაქვთ თიხის კოკები კლდის ცრემლის ასაკრებადა. თქვენ რომ იცინით ბარადა, მთაში გიტირისთ დედები, გეძებენ თავის შვილებსა მკერდ-უდრეკელი ქედები. ამაოდ ჰრჩებათ გულისთქმა, უქმადა ცრემლის დენანი, თავს დაჰღუღუნებსთ ნიავი, ვით ბებერ მუხას ქედანი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი