სისხლის ძიება (თავი მეორე)
მთის ბილიკს მოსდევს მხედარი აღვირ-ჩაყრილის ცხენითა, აღვიძებს ბალახს მთისასა ხამუშ-ხამუშის სტვენითა, ძლიერ დაჰღლია საფერხე მთა-ღელეებზე რბენითა. ცხენს დეზს გაუქნევს, დინჯადა გაუტყლაშუნებს მათრახსა; შემოდგა მთისა ყელზედა, მადლობას სწირავს ალლახსა, გასაგრილებლად შუბლისა უკან გადიწევს ფაფახსა. მიდამოს თვალი გადავლო, ნახა თავისი სოფელი, ლხენით აევსო სულ-გული, იქ ელამაზა ყოველი, განა მარტოკა კაცთ გვიყვარს თავისი მიწა მშობელი?! არც მოდის უსახელოდა სისხლის დავლაზე მშრომელი, სისხლიანი აქვს ხმლის ვადა, ეგრევ ხანჯრისა ტარიცა, უქმად არ უტარებია ჭრელად ნაქარგი ფარიცა. შეუსრულებავ პირნათლად მას დანაპირი ვალიცა: დაუკიდნია ტახტაზე წუხელ ნაშოვნი ხელია, ჯერ მას თავისი ბიჭობა არვისთვის გაუმხელია. უნდა საჩუქრად მიიღოს ხმალი, ფული და ცხენია. რაცა ჰქმნა – სასახელოა, ოდნავაც არა რცხვენია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი