სისხლის ძიება (თავი მესამე)


აგერ სასახლე და ციხე

დიდის ჩერქეზთა მთავრისა:

იტყვიან ასლან-ბეგადა,

მოქმედად ბევრის ავისა.

ყველაზე მტრულად მერჩოლი,

არვისთან მქონი ზავისა.

გულამღვრეული მუდამ-ჟამს,

სახითა ფერად შავისა.

იტყვიან, ვითომ ასლანმა

გასცა სამშობლო თავისა.

ბევრის ცხვარ-ძროხის პატრონი,

უმეტეს ცხენის ჯოგისა,

მარჯვედ ფარ-ხმალის მომხმარე,

მარჯვედ მგდებელი თოკისა.

უკვდავებაღა აკლია,

იმას მივწვდებით როდისა?!

რად არი გაუმაძღარი

ნეტავ, ბუნება ზოგისა?!

განაგებს ჩერქეზთ სამთავროს,

ყველა ძრწის იმის შიშითა.

ბევრი აიკლო სახლ-კარით,

ბევრი ატირა ვიშითა.

ერთი ქიჩირბე არ ჰმონებს,

გათქმული ვეფხვის ჯიშითა.

მისი ბოღმა ჰკლავს ასლანსა,

ჯავრი იყაროს ვისითა?!

ბევრჯერ ეცადა, შაეპყრო,

სდია მრავალის ბიჭითა,

არ იქნა, ხელად ვერ იგდო,

გაუსხლტა ერთის ბიჯითა.

მრავალს ავალებს მის მოკვლას,

ქრთამი აღუთქვა ფიცითა;

თავის მკვლელებს ჰხოცს ქიჩირბე,

გაურბის ლურჯის კვიცითა.

დადის და ყველას არიგებს

სიტყვით ძმურით და მტკიცითა:

„რად ჰმონეთ ასლანს, ჩერქეზნო,

უიღელს რად იდგამთ კისრადა,

სხვისი ნაყმევი, ნალახი

გამოადგება ვის რადა?!

უბატონობა რით არ სჯობ,

ნეტავ, ბატონის ყოლასა?

რით არ სჯობია რაინდი

ღამის სალაღობ ცოლასა?

ომში მოკლული ვაჟკაცი –

მეჩეთში მყვირალს მოლასა?!“

წეღან რომ ვნახეთ მხედარი,

ეგ არის მისი მკვლელია,

უნდა მიართვას ასლანსა

ვითომ ქიჩირის ხელია;

უნაგრის ტახტას ეკიდა

გმირის მარჯვენა ცხელია.

ის როდი იცის, მთა-ველი

ამაოდ დაუთელია.

დემურს ის მკვდარი ჰგონია,

ქიჩირი ისევ მთელია.

რკინა არ კვდება მოწამვლით,

კბილს რად იღალავს გველია?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი