სისიხლის ძიება (თავი მეოთხე)


დღე ილულავდა თვალებსა,

ცივმა დაჰბერა ნიავმა.

სამგლოვიარო ჩაიცვა

მთამ ბრწყინვალემა, მზიანმა,

ვერც დააბერა, ვერც მოჰკლა

დიდმა დარდმა და ზიანმა,

აკურთხა უკვდავებითა

განგების ძალმა, ჭკვიანმა.

ქორ-შევარდენთა ბუდემა,

ჩერქეზთ ქვეყანამ, მთიანმა

ბევრი გაზარდა ვაჟკაცი

თავის წყლულების საპოხლად,

თავისა სადიდებელად,

მტირსა გულ-მკერდის საპობლად.

ნეტავ, ვინ დასძრავს ბაგესა

არწივთა ბუდის საგმობლად?!

სახლში მივიდა მხედარი,

ცხენ-და-ცხენ მიდგა კარზედა.

არც პირი დაუბანია,

არც ულოცნია წყალზედა.

დაღრიჯა ცხენი სადავით,

უხმობს შინ მყოფებს გარეთა:

„გამოჩნდი, ვინ ხართ სახლშია,

ცხენ-კაცი ჩაიბარეთა!“

მხედარი თავმოწონებულს

ჰგავს მთას შემომხდარს მთვარესა,

უნდა აცნობოს ქვეყანას,

სად იყო, რომელ მხარესა, –

რომ მოაქვს ქიჩირის ხელი,

დაფასებული ძვირადა.

ამიერიდან მის საქმე

ექნებათ გასაკვირადა

ჩერქეზეთს, დიდთ და მცირეთა, –

პატივისცემის გვირგვინი

ედგმის მის სახლის დირეთა.

ქალი გამოდგა ქოხიდან,

შუქი გამოჰყვა პირითა.

ქალი ვამსგავსე ამ დროსა

ნამს, ვარდზე მბრწყინავს დილითა.

თუ შურთხი არი ლამაზი,

მსტვინავი მაღალ მთაზედა?

ან თუ შავარდნის წიწილა,

მწოლარე დედის ფრთაზედა?

ან თუ ვარსკვლავთა კრებული

უხვ-სხივიანი ცაზედა?

ან თუ ალმასი ფრანგული,

დაღირებული მკლავზედა?

ან თუ ზღვა არი მშფოთარე,

აყვირებული ზღვაზედა?!

იქნება სამოთხე იყოს,

ქვეყნად მოსული ციდანა?

– ვაჟკაცის გულის ჭირია,

გადამგდებელი ჭკვიდანა.

ცხენს ჩამოართმევს, ვერ ჰბედავს

ჯერ ამოღებას ხმისასა,

მოკრძალებით დგას ყვავილი,

ხათრს ინახავდა ქმრისასა.

ცხენი რა ნახა ნაოფლი

და დატანჯული მეტადა,

აძრახდა ნაწყენის ხმითა,

ცით ჩამოსული სვეტადა:

„ან ცხენს რადა ჰკლავ, ან თავსა,

რად იარები უკლოდა?

შენი რა ჰმართებს ქიჩირსა,

რად ეკიდები უღვთოდა?

შენს მეტმა არავინ სდია,

ფიქრი დაურჩათ უგზოდა!

ქიჩირის ხელის მოტანა

შენს მეტს არავის უნდოდა?!“

– დიაცთ ჭკვა ენაზე გაკრავთ,

ფიქრი თმებშია წასული.

–

ამ დროს მოვიდა მეზობლის

ბიჭი პირ-გადამახული.

– რა ჰქენო? – ჰკითხა: – მოხვედი

ნასახელარის თავითა?

– რა ვქენ და მოვკალ. – როგორა?

ხელში ჩაიგდე საითა?

– იქით, რომ სახლში ჩავუხტი

ღამით მძინარას ბანითა.

გამიგო, მაგრამ დავასწარ,

ყელი გამოვჭერ დანითა.

შევღებე მის სახლის კერა

მისივე სისხლის ღვარითა.

აჩხავლდა სახლში ბებერი,

მე კი გადმოვხტი კარითა;

ცხენს დავაფრინდი, წამოვედ,

ვცემე მათრახის ტარითა.

მოჰქროდა ჩემი მიმინო,

ფეხებს იბანდა ქარითა.

იქნება ტერელოელნი

უკან მომდევენ ჯარითა.

რას გაიგებენ ბეჩავნი,

საით მოვქროდი ღამითა?

მოვჭერ მარჯვენა, თან მომაქვს,

ნათქვამს ვამოწმებ ამითა. –

და სისხლიანი მარჯვენა

უჩვენა სახე-მცინარმა.

ქალი უკუდგა, შეაკრთო

სისხლმა, მარჯვენას მჩინარმა,

ხელებს იფარებს თვალებზე,

არ ნახოს ნათელ-მფინარმა.

– ჰა, ყოჩაღ! – ბიჭი იძახის,

თან ხელსა ჰსინჯავს თვალითა, –

დავლა გიშოვნავ ძვირფასი,

ნასახელარო გვარითა.

– ახ, კაცნო, – ქალი: – რანი ხართ,

როგორი გულის მქონენი?

სულ სისხლის, სულ ვაჟკაცობის,

სულ სხვის დამცრობის მდომელნი.

თქვენ ჰსინჯავთ, გული მილბება,

თვალთ ელევიან ღონენი.

– მაშ, არ მიქნია კარგადა?

აბა, უყურე, სულელსა:

ქიჩირს კი ცოტა მოუკლავ,

ცოტასა სჭრიდა ხელებსა?

რამდენს შენფერას ადენდა

თვალთაგან ცხარე ცრემლებსა?

ახლა თითონაც იგემოს

გემო ნალესის ხმალისა:

თუ სხვაზე ძალა კარგია,

ჰა, ესეც სიტკბო ძალისა.

მის სახლიდანაც შაესმას

უფალს ტირილი ქალისა.

დე, იხსენიონ წყევლითა

ღონე დემურის მკლავისა.

ვისც ავი დაუთესია,

მომკალი არი ავისა.

სწორს სხვის საწყაოს ირიდებს,

ყალბი კი მოსწონს თავისა.

მიწუნებ ქიჩირის მოკვლას,

შე უდავლათოს გვარისა?!

– რისათვის მომეწონება

უგვანი ქცევა კაცისა?

აქამდის ყველა აქებდით,

ყველას აგყავდათ ცამდისა:

„ლაშქარს ქიჩირი ერთია

და ჩვენ, ათასნი სწორადა,

ქიჩირის ხმლითა ნაცემი

გაიკვეთება ორადა.

რაზეც ქიჩირი გაივლის,

მტრის თავებია გორადა,

სხვა არვინა ჰყავ ჩერქეზეთს

ქიჩირთან ასაწონადა“.

ახლა ყველანი აუტყდით,

ასლანის ჩაგონებითა,

გადაიმტერეთ ძალადა.

–

სთქვა ქალმა დაღონებითა.

– შენ არა იცი, უჭკო ხარ,

არც ცისა, არცა ქვეყნისა.

– არ მინდა, თვალებს მიშინებს

ნახვა ქიჩირის ხელისა.

ვაჟკაცსვე ჰშვენის, ეჭიროს

ხელი მოკლული მტერისა.

– ეგ კარგი. ასლანსაც ჰკითხე,

მარჯვენას როგორ ელისა!

დემურს შინ მიაქვ მარჯვენა,

ჰკიდებს აბჯართან ერთადა,

სადაც ფარ-ხმალი, დამბაჩა

ეკიდნენ გვერდის-გვერდადა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი