სისიხლის ძიება (თავი მეხუთე)
ბნელმა დაჰფარა ქვეყანა, დრომ მოატანა ძილისა. ვინ იცის, ტკბილად ვის სძინავ, ვინ იცის, ვინა ტირისა? ვის ლოყა ვის ლოყას ეკვრის, ვის სუნთქვა უყვარს პირისა? მშვიდობა სუფევს სოფლადა, მამალიც არსად ყივისა. დემურსაც სძინავს, ცოლს – არა, მის გული რასღაც ჩივისა. ქმარს გამოუძვრა ნაბდიდან, რაა წადილი იმისა? ჭრაქი აანთო, ჰსურს ნახოს მოჭრილი ხელი გმირისა. მიდის ცახცახით, უცქერის: ყურებში ხმა რამ უწივის, თითქოს ხმა ესმის ნაცნობი, სამარით ვინმე უკივის. გული ჰბგერს გაჩქარებითა, ვითომ კვერს სცემდენ გრდემლზედა. ყურს უგდებს გულის ჩქროლასა, თან იხედება გვერდზედა! დემურსა სძინავ ტკბილადა, ნაბად-წახურვილს მკერდზედა! ქალი უცქერის და ჰკრთება, სხივი ეკარგვის ყბებისა: „ვაჰმე, რას ჰხედავთ, თვალებო, ბეჭედი დედი-ჩემისა! მისი სახელიც სრულადა, ნიშანიც ოქრომჭედლისა! ესეც აბედით დამწვარი, ჩვენ რომ სიყრმის დროს ვცელქობდით, ვინ უფრო გავძლებთ სიმწვავეს, მამაცობაზე ვდგებოდით. გრძელ და დიდს სთვლისა ღამესა ცეცხლა-პირასა ვსხდებოდით. ვაჰმე, შენ, ძმაო, ალხასტავ! ცამც დამქცევია თავზედა!“ ერთი ხელითა ხელს იპყრობს, მეორეს ივლებს თმაზედა. „დღე გაგიმწარდეს, დემურო, ძმა მომიკალი რაზედა?! შავად მენახოს, ქმარაო, შენი ვარსკვლავი ცაზედა, შენი უმსგავსი მარჯვენა მტერსამც მიეკრას ქავზედა!“ ტკბილადა სძინავ დემურსა, არ იძვრის ქალის ხმაზედა. გულზე მიიკრა ძმის ხელი და გამოვარდა კარზედა. მირბის შმაგივით სოფელში და მიქვითინებს მწარედა. მირბის, იქ მირბის, ტერელოს, ძმა უნდა ნახოს მკვდარია. ქიჩირის სახლში იკითხოს, იქ უნდა მოხდეს ზარია. მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება, ბანს მოსცემს მთა და ბარია. ცოლის ქვითინი არა მწამს: – უბრალოდ ნიავ-ღვარია; მალედვე გამოიდარებს, რაკი დაჰბერავს ქარია. დემური ცოლსა კითხულობს, დიაცი არსად არია. აღარსად მარჯვენა მოჩანს, იმისი ნადავლარია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი