სისიხლის ძიება (თავი მეექვსე)


ორშაბათ დილა გათენდა

თავის რჯულით და წესითა.

იცინის მთა-ბარს ბუნება,

ღამის ნატანჯი კვნესითა.

მთაზე შაჯარდა ნისლები,

გზა-გზა ცრემლების თესვითა.

ვინ ბრუნავს ქიჩირის სახლ წინ

პირ-ნაღველ-გადალესითა.

„ეს ვინ დამასხა თავს ლაფი?“ –

არწივი ამბობს ყეფითა.

–

„ვინ შემარცხვინა თავხედმა

სირცხვილით მეტის-მეტითა?

სახლში მომიკლეს სტუმარი,

როგორღა ავდგე მკვდრეთითა?

ჩემს გონებულა სხვა მოჰკლეს,

ვიცი, ეს ვისი ბრალია.

თუ ვერ ვიყარო მტრის ჯავრი,

წელზე რად მარტყავ ხმალია?!“

დილას თარეშით მოსული

ცხენზედვე ჯდება კვალადა,

შვილს ორი ბურკვა ხალისა

დედამ უსაგძლა ძალადა.

თვალებს აელვებს ქიჩირი,

წარბნი ჰქცევიან კვამლადა.

ფეხს უცემს ლურჯი მერანი,

ესწრაფვის გასამალადა.

წავიდა. მჭრელი ფრანგული

უბრჭყვინავს ბუნით ვადამდე.

ხმალს სცემს, ნაქები ბაზალა

მიჩნეული აქვს ხატამდე.

მინამ სტუმრის მკვლელს არ მოჰკლავს,

უნდა იაროს სანამდე.

კითხულობს, იძევს საქმესა,

უნდა შეიტყოს ამბავი.

არვინ უჩნდება, – გულს უკლავს, –

იმის შემრცხვენის მნახავი.

მაინც წინ მოდის, დიკლოსკე

გულში იმედის კრთომითა.

გული ეძლევა მხედარსა

მტერთან შეყრისა ნდომითა.

შეუდგა მთასა ტყიანსა,

მიჰყვება ბილიკს ვიწროსა,

არ დაჰსწმენდია გუნება,

ჰგავდა დაჭრილ ვეფხვს იმ დროსა.

ხანდახან გაიხმაურის,

ცხენს შეუჯავრდის მკვახედა,

თითქოს ჰსურს ჯავრი გულისა

ამოიყაროს მაზედა.

ნახა, რომ ვინმე დიაცი

ქვითინით მოდის გზაზედა.

წინ შაეჩეხა და ჰკითხა:

– ქალო, ცრემლსა ჰღვრი რაზედა? –

შუა იჭრება ქიჩირი

იმის თვალების ფხაზედა.

– აქ შენ რას დახვალ, რას ეძებ?

რა დაგიკარგავ მთაზედა?

– ჯავრი მაწუხებს ვაჟკაცის, –

თქვა ქალმა მოთქმის ხმაზედა. –

ხომ იცი, უდარდელადა

ცრემლი არ დაიდინების,

ვით კაცი უმიზეზოდა

სხვისგან არ შაიგინების?

– რა დარდი? ვინ ხარ, სად მიხვალ?

მითხარ, ღვთის მადლსა, სწორია.

– ტერელოსაკე, მხედარო,

მანძილი კიდევ შორია?

სადაური ხარ? ნუ მიწყენ,

რომ სიტყვა გაგისწორია.

– ტერელოელი დარლა ვარ,

თუ სადმე გაგიგონია.

– კარგი, მაშ, იქ კაცი მოჰკლეს,

მართალია თუ წორია?

– ალხასტა? მართალი არი,

ის ქიჩირბეის ძმობილი,

კარგი სამტროდ და საძმოდა,

არსად სიცრუით ცნობილი. –

ქალმა კვლავ იწყო გოდება,

რა მოისმინა თხრობილი.

– ქიჩირის ნაცვლად მოუკლავ

ვისმე გონება-მჩატესა.

კაცი ვით ჰკლავდეს მოსაკლავს,

არ უხედავდეს სახესა?

ვაჰ, რო ქიჩირმა არ იცის,

ავს დაუგებდა მახესა

თავის ნამუსის შემბღალავს,

თავის ოჯახის შემრცხვნელსა!

– მაშ, ქიჩირბეი სადღაა,

არვის ამბობენ მნახველსა?

– ის ოსმალეთში გაიქცა,

ასლანის შეშინებული.

მოსძულდა იმასაც თავი

ყველასგან შეგინებული.

შენ ალხასტასი რაღა ხარ? –

ჰკითხავს კვლავ დაფიქრებული.

– მე? და ვარ, უკვლო, უბედო,

შავ-ბნელს დღეს დაბადებული.

– დემურის ცოლი ჰყოფილხარ,

ჩემთანა ფიც-ვერცხლ ნაჭამი.

– ძმობა, ყოფნა და სიცოცხლე

იმაზემც არი არამი!

იმან არ მოჰკლა ჩემი ძმა,

განა ეკუთვნის სალამი?!

– იმანა? რა ვქნათ, შემცდარა,

მოტყუებულა ბნელობით,

თორემ სხვად არა ეძრახვის,

ვაჟკაცი არი ხელობით.

გულში სინათლე ჩაუდგა

ქიჩირს ამ ამბის ცნობითა.

რაკი მტრად ის დაიგულა,

თითონ გააქრებს მტრობითა.

ქალთან კი ამ დროს იმანა

სიტყვა არ დაძრა გმობითა.

– მოტყუებულა? შეჭამოს

თითონ ის ტყვიამ მწარემა,

ჩააცვას წყევის სუდარა

მთელმა ჩერქეზთა მხარემა.

ცოლის ძმის მოკვლის ნაცვლადა

თავი მოეკლა ბარემა?

ქიჩირის ხელის მაგივრად

მოაქვს ცოლი-ძმის მარჯვენა,

ვითომ მე ვიყო ასლანი,

მომიტანა და მაჩვენა…

შენი ღვთის მადლსა, ის მინდა,

გზა მიმასწავლო წესზედა.

– ძალიან კარგი. წამომყე,

შევდგეთ იქ, მაღალ სერზედა,

გასწავლი ქიჩირის სახლსა,

მას კოშკი უდგა გვერდზედა.

–

ქალიც დასთანხმდა, მისდევდა,

ფეხს იბიჯებდა ფეხზედა.

– აგერ, გაჰხედე პირდაპირ,

ძირს რო ჩამოსდგამს გორია,

თეთრად რო მოჩანს – ქიჩირის

ციხე-გალავნის ყორია.

მდინარე ტერელოსია

გაწოლით, როგორც მორია.

ამ გზას ჩაჰყვები, ძირს ჩახვალ,

მერე სულ ვაკე, სწორია.

ღმერთმა ძმის სული გიცხონოს,

ცრემლებიც წაიხოცია.

მეც მეჩქარება, მშვიდობით!

შენთვის გზა დამილოცია. –

თქვა რა ეს აჩქარებითა,

მხედარმა გზა-გზა გასწია.

თითზე იკბინა მწარედა,

ფაფახს წარბებზე დასწია.

მიდის ტყე-ტყე და მიუბნობს:

– წადი, კაცს ენდე სოფლადა,

შენს მოსაკლავად ის მოდის,

ვინც გიცნობს კარგის მყოფლადა.

ვაი შენ, ფიცის გამტეხო!

შენებრ არ მოვალ ფარულად.

მელა არა ვარ, არც ტურა,

ქათმებს ვეპარო მალულად.

ძლირა წყრება ქიჩირი,

დემურისა სისხლი სწყურია.

თავის წამწყმედის წაწყმედა

მისი წესი და რჯულია.

ფიქრს დაეწმინდა თვალები,

წეღან ბუნდი და რთულია,

ვინაც მტერს მტრულად არ დაჰხვდეს,

მისი სახელი კრულია.

მიდის, გადავლო ხევები,

სერები ტევრიანები.

ნამზვლევიანი ღელენი

თითქოა ქვევრიანები,

დიაღაც, მხოლოდ სისხლითა

სავსენი, ბევრიანები.

მთით ჩახდა, მინდორს მოება,

ბალახიანსა, მწვანესა.

აქ, ამ ადგილას ჩერქეზნი

არც როს არ სთესენ ყანებსა.

ყვავილნი მუროიანით

ნაზად აბზენენ თვალებსა.

გაუსუქებავ მინდორი

ჩერქეზთ და რუსთა ძვალებსა.

ჟინჟვლა დაიწყეს ღრუბელთა,

ბალახს დაუწყეს ღვიძება,

მცენარეთ თავი აიღეს,

უფალს შესწირედ დიდება.

თუ არა ნამი ციური,

არ გაეღვიძათ, იქნება?!

აქ, ამ ადგილას, იტყვიან

ამბავს, საკვირველს რამესა:

ვითომ აქ სისხლის ზღვა მდგარა,

ის შაესუტოს მთვარესა.

ზღვა დაეყენა ბრძოლასა

ჩერქეზთ რუსებთან მწარესა.

მას აქეთ მუდამ ყვავილნი

ამკობენ ამა მხარესა.

ყვავილნი სანთლად ნათობენ,

გმირთ სულებს გაახარებსა.

მოხუცნი მოწიწებითა

დასთვლიან გმირთა გვარებსა,

ყრმანი უსმენენ გულს ჟრჟოლით,

თან ჰბღუჯვენ ხანჯრის ტარებსა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი