სისიხლის ძიება (თავი მეშვიდე)
დაბინდდა. კაცი კაცისგან ძლივს იცნობოდა მაშინა, ჰხედავს, რო ცხენმა შამბიდან ყურები გამოაჩინა. მაზე მორთული მხედარი ქიჩიორს წარუდგა თვალ-წინა. „გამრჯვებაო“, უცხომა შემოუძახა ამასა. გულს ნესტრად მოხვდა ესე ხმა ქიჩირსა იმავ წამასა. წინ მიეგება უცნობსა, როგორაც შვილი მამასა. – კი გაგიმარჯოს, მაგრამა ამას ვისას სთელ ყანასა? ვინ ხარ? სახელი რა გქვიან, რად სჩადი მაგისთანასა? – მე დემური ვარ. – და გული ამის მთქმელს ასმევს შხამასა, რაღაც ნაცნობი ხმა ესმის, ჰგრძნობს ცუდსა მოსაზმანავსა. – შენი სახელიც მითხარი, ბიჭო, ამაყად მყვირალო! – მე მკვდარი მქვიან, ძმობილო, ჩემის მარჯვენის მზირალო! დიაღაც მკვდარი, მაგრამა ხმალს კი ვიხმარებ კიდევა; ეცადე თავის დაცვასა, შენი დღეები ილევა. – და ხმალმა ქიჩირისამა დემურის თავზე იელვა. თავი გაგორდა მიწაზე ზანტად, ტუჩების ღებითა, ხმალსა ტანიც კი ჩაეჭრა, დაღერებულსა კეფითა; სისხლი ჩამოსდის დემურსა ტანზე ჭიაფრად, ჩქეფითა, ბალახს ჰღებს ცოლის მძებნელი გულზე ხელების კრეფითა. ცხენი კი გაფრთხა, გაიქცა პატრონის წყლულის მნახავი, გულის ვაების და დარდის ჭიხვინით გამომსახავი, უცნობს ენაზე მათქვამი, ქიჩირის ხმლისა მძრახავი. ქიჩირმა თავი აიღო, – ხელი არ უნდა მტრისაო. პირდაპირ დიკლოს გასწია, კარგი მცოდნეა გზისაო, გამოათავა მინდორი, დიკლოს მოვიდა ღამითა. მირბის ასლანის ეზოში ხელში დემურის თავითა. ასლანის კარების წინა თავს არჭობს ხისა ტარითა. დაბრუნდა ტერელოსაკე ამსრულებელი ვალისა, თავსა ჰგრძნობს ბედნიერადა აღარ მდომელი ავისა. არავის შიში არა აქვს, მინამ ლურჯაი ჰყავისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი