0 0 326
სისხლის ძიება (თავი მერვე)
იმ ღამეს დარბაზს ასლანი
სამავნეოსვე ჰფიქრობდა,
დემურის მოუსვლელობას,
ცოტა არ იყოს, ჰკვირობდა.
ბოლოს მოიხმო მსახური,
ჰკითხა სადარდო გულისა,
ჰკითხა ამბავი წარბშეკვრით
კაცისა დაკარგულისა.
-ამბავი სწორად შევიტყე,
სხვა მოწამენიც არიან:
კვირას მოსულა დემური,
გაუმარჯვნია ძალიან.
მაგრამ ვერ გნახა, ბატონო,
რადგან ჯერ არა სცალიან.
– გაუმარჯვნია? ქიჩირბე
მართლა მოუკლავს დემურსა?
– სწორეა, რჯულს გეფიცებით,
თქვენგან ნუ მნახვენ გვემულსა.
– თუ მართალს ამბობ, ამ საათს
თავს ჰნახავ პატივცემულსა. –
ასლანი მუჭით ოქროსა
ჯიბიდან აძლევს მონასა.
– რაღა სჯობ, ჩქარა მოვიდეს,
ვერცხლის და ოქროს შოვნასა!
რაც მას აღვუთქვი, სულ მივცემ,
არ ვუღალატებ ხსოვნასა.
– საქმე სხვაფრივა, ბატონო,
მიბრძანებთ? – გეტყვით წმინდადა.
დემურის ცოლსა მის მოკვლა
გულს შესწდომია ფინთადა, –
ქიჩირბეს ხელი წაუღავ
და გაპარულა ბნელაში.
დემური დილას წავიდა,
ხანს ჰლევს ცოლისა ძევაში.
დიაცის ფიქრი წყეულ არს,
ვინ შევა იმის კვლევაში!
– ეგ სხვა საქმეა, მაგრამა
ვეჭვობ, თუ შესძლო საცადი.
ძნელია, ბრიყვო, მის მოკვლა!
მრავალ ჭირს არის ნახადი.