სისიხლის ძიება (თავი მეცხრე)


თქვენს მტერსა ისეთი დილა,

მაშინ გათენდა ჭირისა.

ზოგი ჩუმადა ვიშ-ვიშებს,

ზოგიც ხმამაღლა ტირისა.

„ვინაა დემურის მკვლელი?“

ნათესავთ გუნდი ყვირისა;

ხანჯრებსა ჰკბენენ, მრისხანედ

ცეცხლს აკვესებენ პირისა.

არავინ არი გამრკვევი

ამ საქმის, გასაკვირისა.

ასლანსაც გარისხებულსა

დანა არ უხსნის კრიჭასა.

იცოდა, სრულად ვერ ენდო

მიტომ წუხანდელ ბიჭასა.

„ამას ქიჩირბე იზამდა,

ცოდვას ნუ იტყვით სხვისასა!“

სახლის მოაჯირს წამდგარი

ხალხს გადმოსძახებს იმასა.

დემურის თავი შეჰხვიეს

ჩერქეზთა ტილოს ქისასა.

ტანის საძებრად წავიდნენ,

კვლასაც იძევენ მტრისასა.

რას იპოვნიან მშრალაზე

ნავალს ნაგეშის მგლისასა?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი