ანნა-ბულბული
I მაისი არის, იქუხა, წვიმამ დაიწყო მოდენა; წვეთები ცვივა კამკამით, ალმასის თვალის ოდენა, მწვანე ბალახი და ჩირთი წმიდი ცრემლითა დანამა. ცხვრები გარეკა ტყის პირად ობოლმა ქალმა ანნამა. ჩამოჯდა ველის პირადა ძველ-კაბიანი გოგონა, დაფიქრდა თავის ბედზედა, ობლობა წამოიგონა. ატირდა… ცრემლი ჩამოსდის სახე-დატანჯულს ანნასა, აღელვებს მინდვრის ნიავი ყელ-მოღერებულ ყანასა. სტირის, ბუჩქის ძირს მიმჯდარი, შესტირის ტურფას იასა: – იავ, რას მეტყვი, ლამაზო, უმშობლოს, უძმოს, ტიალსა! სხვის თვალ-წარბ შემაცქერელსა, თვალზე ცრემლ-შეუშრობელსა? ვერსად ვიშოვი, ნეტავი, მეც, როგორც სხვებს ჰყავს, მშობელსა? იავ, სადა გყავს შენ დედა, სად გყავს გულ-შემატკივარი? – მეც ობოლი ვარ, მკერდს მილბობს ცრემლები ჩამომდინარი. – სულ მხიარული რადა ხარ, მუდამ ახალის კაბითა? რად მატყუილებ, ლამაზო, გულის სალბუნის ამბითა?!. მე ვარ, მარტო მე, ობოლი, სხვა არა ჩნდება არსითა. იამ ვერ გასცა პასუხი, ჭმუნვის დააჩნდა ხაზია, ბრალად შეჰხედა ობოლსა, ცრემლი ჩამოსხლტა ნაზია. პეპელამ ცრემლი შესუტა, გახარებულმა გასწია… II ხის კეწეროზე შემჯდარი ტურფად გალობდა ქერონა, რცხილის ტოტებზე ხტებოდა მოუსვენარი ცერონა. ქერონას ბუდე ჩაედგა, ყოველი ღონე ეღონა, ბღარტების დედას ქვეყანა თავის სახლ-კარი ეგონა. დღეს ისტუმრებდა გალობით, ეგებებოდა საღამოს, ტკბილის ხმით მშვიდი ფრინველი ლექსს უმღეროდა საამოს. ანნა მიუდგა ხეს ძირში, ჩიტს შესძახოდა ტირილით: – არ თუ გიცდია, ქერონავ, ობლობა გულის ტკივილით, დარდის წამალი მასწავლე, – ეუბნებოდა ჩივილით. – ჩიტო, სულ მუდამა ჰგალობ, ნეტავ, შენს გულს და გონებას! რად არ ობოლსა მიჰხედავ, ჰნახავ ჩემს ტანჯვა-მონებას. – ჩემზე ტანჯული ვინ არი, უსახლ-კარო და ტიალი, სად ყინვა მაზრობს, სად მშიან, ხელთ მიპყრავს შხამის ფიალი. ჯავრს თავს არ ვაძლევ, გოგონავ, გალობით ვიკლავ დარდსაო, როცა ალალი დამქროლავს, შევეხიზნები ბარდსაო. – არა, შენ სტყუი, ქერონავ, მექცევი იასავითა, მით მანუგეშებთ, რომ თქვენაც თავს იჭერთ ტიალსავითა. ანნას ცრემლები ჩამოსდის ფოთლების შრიალსავითა. ჩაფიქრდა ჩიტი ძალიან, თვალთაგან მოსდის ცრემლები. სველდება წმინდის ცრემლითა ნაძვი, თხილი და ტყემლები. თვის სიცოცხლეში ქერონას ცრემლი სდენია აროდის, დღეს კი სტირს ობლის ყოფნასა, ცრემლი წვიმასებ ჩამოსდის. – შენც ჩიტად იქეც, დაიავ, ერთად ვიცხოვროთ ტყეშია, ხან ვიყვეთ ჭალის სტუმრები, ხან ვინავარდოთ მთებშია. არ გამოგარჩევ, დობილო, ჩემს შვილებში და ძმებშია. ეს სთქვა, ქერონა წავიდა შვილების სანახავადა. იქნებ ჰშიოდეთ, ჰფიქრობდა, ან იქნებ გახდენ ავადა. ვინ უპატრონებს ჩემს ბღარტებს, თუ არ მივხედე თავადა. გაფაციცებით მიფრინავს, არ ერიდება ხეებსა, მწვანე ფოთლებზე აცორვებს ნაზი ფრინველი ფრთეებსა. III ანნა წინ მიდის ტყე-და-ტყე, თავზე წაადგა წყაროსა. იქნება იმან უშველოს, ობოლი გაახაროსა? წყარო ჩამორბის მღერითა, მოაქანებდა ზვირთებსა, ნამს ასხურებდა ანკარა, ხის ჩამოწეულს კვირტებსა. შიგ ბანაობენ, წყაროს ჰსმენ, გაჰხარებოდათ გვრიტებსა. – წყაროვ, მწყურვალთა იმედო, დაუსვენებლად მდინარო, შე უცოდნელო დარდისა, სულ მუდამ ლაღო, მცინარო, რატომ არ მშველი ობოლსა, მშრომელო დაუძინარო? – მე რა გიშველო, პატარავ, ქვეყნის ყმამა და მუშამა! შენ კარგად ჰხედავ ჩემს ბედსა: მთელენ და მსვამენ მუდამა. წყარომ რა ეს სთქვა, ატირდა, ცრემლი აფრქვია ანკარა; ჩაციელავდა შამბებში თვალ-ცრემლიანი, პატარა. დაღამულიყო კიდეცა, ყური ამოყო მთვარემა; სალამი მისცა მოგზაურს მწუხარე არემარემა. ზედ აღიბეჭდა მის სხივი ობლისა ცრემლმა მწარემა. წყაროს პირს გაშეშებული ანნა შესცქერის ცასაო, გაუბედავად, თრთოლითა ობოლი იღებს ხმასაო. მუხლ-მოყრით შესთხოვს უფალსა: „ღმერთო, მაქციე ჩიტადა, გადამარჩინე ობლობას, თხოვნა მიიღე წმინდადა!“ თქმულია, ცრემლი ობლისა უფალს უნთია სანთლადა, ობლის შეწყალვა უცვნია საუკეთესო მადლადა. ბრძანა: „იქეცი ბულბულად, შთენილო ოხერ-ტიალად, აუწყე ხალხსა ტკბილი ხმით შენი ვარამი ხმიანად!“ ობოლი იქცა ბულბულად, დაიფართხალა, გაფრინდა, ხშირს ბარდში, ეკლიანშია გულ-შეუდრკელად ჩაფრინდა. აქ მოჰყვა მწარეს მოთქმასა, ობლის ყოფნა და ბედზედა, სხვას არა სტირის, არც სჩივის, სატირალი აქვს ერთზედა. ბულბული იწყებს გალობას, უცხოდ აზავებს ჰანგებსა, ერთმანერთში ჰკეცს გულ-მწარედ დაჩაგრულობის ამბებსა. ეს ზარი, გულის დამწველი, ჩვენ მიგვაჩნია ლხინადა, ვამბობთ: „აგერა ბულბული რა ტურფად გალობს, ტკბილადა!“ მის სიმღერაში ვერ ვსცანით მწარე ნაღველი რეული, დღეს-აქამომდე ვერ ვსცანით ეს ხმა მწირი და ეული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
❤️