ვაჟა-ფშაველა  - ფოტო

ვაჟა-ფშაველა

ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი

დარეჯანი (მოთხრობა)

(ფშავლების ცხოვრებიდამ)

I
დარეჯანი იქნებოდა 50 წლისა, მაგრამ 30-35 წლისასა ჰგავდა. იგი იყო შავგვრემანი, უზომოდ მაღალი. სახის გამომეტყველება ჰქონდა მძლავრი. დარეჯანის პირდაპირ შეუპოვარი ცქერა კაცს ძალაუნებურად შეაკრთობდა. ამასთან ერთად წარმოიდგინეთ იმისი ვაჟკაცური, რიხიანი ხმა და საუცხოვო ჩაცმა-დახურვა. იმსიმაღლე დედაკაცი ხანდახან, მარტო ჯუბას ჩაიცვამდა, ჯუბას, რომელიც ერთიორად სიმაღლეს უმატებდა. წელზე შემოიჭერდა პრტყელს ტყავის ქამარს, რომელზედაც ტყავის ქარქაშით ხანჯლის ტოლა დანა ეკიდა. დარეჯანს, როდესაც იგი გაემგზავრებოდა სადმე, ხელში ეჭირა თავის ტანზედ აცილებული, ხის ტარზედ დაგებული შუბი. დარეჯანი სოფლის დარაჯად და პატრონად იყო სწორედ დაბადებული. იმაზე ადრე სოფელში არავინ გაიღვიძებდა; გაღვიძებისთანავე იმისი ხმა ჭექა-ქუხილივით გაისმოდა გაღმა-გამოღმა. აგერ ერთს გასძახის: „სად ვინა ხართ, დალია ხბუებმა ყანა, მწერელ-ჩვილებო?!“ ახლა მეორეს: „მიეშველე, თორო გადმუარდება ბალღი, თეთრუავ! ჰაი, შე უკლოვ, შე უგერგილოვ, შენა!“ ლაპარაკონს სადმე სამი კაცი, დარეჯანიც იმათში ჩაერევა და ერთ-ერთსაც იქნება „დაჰრიშხნავს“, შეუტევს: „შენ ამას არ ედავებოდე, ბეჩავო, მამულსა, გაისარჯო, თავად გააკეთო მამული, ის გირჩევნია. ღმერთმა იმით არ მოგვცაა ე ხელები, გაისარჯენითო, განა იმითა, რო მიწის საჭმელად გაასუქეთო“. დარეჯანი მაშინვე თავის თავს წაუყენებდა მაგალითად: „მე სოფელმა მამული არ მომეცით, აბა, გაჰხედენით შაშუბსა, აის მამულები, საქერეები ვისი გატეხილია? ემისი არი, უყურეთ ჩემს ხელებსა! დღე და ღამ იქ მოვიკალ თავი და, დაილოცოს ღვთის მადლი, ერთი ლუკმა პური არ მაკლია დღესა. თქვენ ერთმანეთს ებრძვით, არა მე უნდა მეჭიროს მეტი მამული, არა მეო. განა ჩხუბით კი მაემატება მამულებსა, ცოდვილნო?!“ სოფლელნი დარეჯანს ათასნაირს, არა საძრახს და საკიცხავს, არამედ სასიქადულო სახელს ეძახდენ. მე ამ სახელებიდამ ორი მახსოვს: ერთი “დევა” და მეორე „პარახოტა“. მაგრამ ვინც ამ სახელებს დაუძახებდა დარეჯანს, იმას არ შეიძლებოდა თანაც არ დაემატებინა შემდეგი სიტყვები: „ბეჩავ, დედაკაცო, ცოდვა არ არია, შენ კაც არა ხარ?“

დარეჯანმა ცხოვრებაში დიდი წვა-დაგვა გამოიარა და წვა-დაგვითაც დაასრულა თავისი სიცოცხლე. დარეჯანი 18-ის წლისა დაქვრივდა; იმისი სახელი შორს იყო გავარდნილი; დარეჯანს აქებდენ სილამაზით, „თავგზიანობითა“ და მეოჯახობით. მთხოვნელი გულში ბევრი იყო დარეჯანისა, მაგრამ ვერავინ ჰბედავდა, გარდა ურჯუკისა. ურჯუკი სხვა თემისა და სხვა სოფლელი იყო. ურჯუკმა დარეჯანს „მარჯეკალი“ გაუგზავნა. მაჭანკლობა საზოგადოდ ბებერ დედაკაცების ხელობაა. სამეფო ბიჭები მაშინვე იმათ მიჰმართავენ საქმის გასარიგებლად, რადგან ისინი უკეთ იცნობენ მამაკაცისა და დედაკაცის გულსა, იციან რით და როგორ მოაწონონ ქალ-ვაჟს ერთმანერთი. სოფელ გ-ში, სადაც დარეჯანი იყო გამოთხოვილი, სცხოვრებდა დიდის ხნის დაქვრივებული მამიდა ურჯუკისა, შამანდუხი. ურჯუკს სხვისათვის ვისთვის უნდა ეთხოვნა შუაკაცობა, თუ არა თავისის მამიდისათვის?! შამანდუხი იმ დროს მივიდა სამაჭანკლოდ, როცა დარეჯანს კეცი გადმოღებული ჰქონდა და პურის „ჩაცხობას“, ჩაკვრას აპირებდა. შამანდუხმა, რა წამს დარეჯანთან კარებში შევიდა, იმ წამსვე ქებით მიჰმართა დარეჯანს:
– გენაცვალე, შვილო, – სთქვა მოსაწყლებულის ხმით შამანდუხმა, – რა თავგზიანი ხარ და რა ყინჩი (კარგი).
კერის პირას დარეჯანის ორის წლის ვაჟი გამახარე იჯდა და ნაცარს ურევდა ჯოხით. შამანდუხი მოეხვია ბავშვს, თანაც თვალები მოუცრემლიანდა, გამახარეს ღარადელა (ჩირი) და თხილ-კაკალი მისცა და თან დაიწუწუნა:
– ჩამოგიდნი, აგრია, ვაჟავ, ობოლავ, ტიტველ-შიშველო! – შემდეგ ჩვეულებრივად მოიკითხა დარეჯანი.
– რას კილოსა ხართ, დამიტირე, ხო არა გიჭირსთ კაცით, საქონით, მერავ, – ან ამ ვაჟს ხო არა გიტკივა?
– არა გვიჭირს, შენი ჭირიმე, დღესნამდინ ცოცხალი ვყრივართ, ღმერთმა გიცოცხლოს მზის საფიცარი. მერმე თავად ხო არა გიჭირსთ? – ჰკითხა დარეჯანმა.
– არცარა ჩვენ გვიჭირს, აგრემც დამმარხავ.
სტუმარი და მასპინძელი ერთად ჩამოსხდენ სადედაკაცო კერაზე. დარეჯანმა შამანდუხს ნაბადი დაუგო. შამანდუხს იღლიაში ტარ-ფარტენა ეჭირა ხოკრით. ხოკრიდამ საგრეხელი ამოიღო და დაუწყო მატყლს რთვა, თან დაწვრილებით ჰკითხავდა დარეჯანს ყოფა-ცხოვრებაზედ:
– მებრალები, – სთქვა შამანდუხმა ამოოხვრით ბოლო დროს: – მებრალები, ჩემთ მკვდართ ცხონებამა, ბალღი ხარ, შვილო, ჯერ შენა, ჯანი გაქვის, მაგრამ განა სულ ეგრე იქნები? შენ თუ პატრონი არ იშოვნე, დედაშვილობამა, არ გამოგადგება ეგრე ყოფნა. კაცს გიშოვნი ისითასა, რო შენს ბედს ქვეყანა მიჰნატროდეს.
ეს უკანასკნელი სიტყვები შამანდუხმა ჩურჩულით წარმოსთქვა. დარეჯანი ამ სიტყვაზე აენთო: გათხოვება ფიქრადაც არ მოსვლია არა დროს. იგი წრფელის გულით უერთგულებდა გარდაცვალებულს ქმარს, მით უმეტეს, რომ უძეოდ არ დაქვრივებულა. შამანდუხის რჩევა არ მოეწონა.
– ჩემგნით არ გეკადრება კი შენა-დ, – სთქვა სახეალეწილმა დარეჯანმა, – და რა ვქნა, გაკადრებ. მაგისთანა ქართულების გაგონება არ მინდარის, მაგაად თუ დასძვრები აქა, შე სულელო?! ადე, ადე, გამოძვერ აქითა, ადე, დაითხიე, თორო ერთს უნამუსობას გაჭმევ, ჩემის გამახარეს დღეგრძელობამა!
– არ გინდა თავის თავისად კარგი და ეშმაკსა ჰქონდეს შენი სულ-ხორცი! – სთქვა შამანდუხმა კარების გასავალში.
დარეჯანი სიკვდილამდე პირველის ქმრის ერთგული დარჩა. ბევრი სხვადასხვა ხმა დადიოდა სოფელ გ-ში დარეჯანზე და, რაც მართალი იყო, არც თვითონ ჰმალავდა. სხვათა შორის, აი ერთი მოთხრობა იმაზედ, თუ როგორ ამოთხარა დარეჯანმა თავისი პატარა ქალი ნენე საფლავიდამ.
– სუყველა საკვირველს შენ რად ჩაიდენ, დედაკაცო? – ჰკითხავდა სალია დარეჯანს. – საფლავშიით შვილის ამოთხრა რამღა მოგაგონა?
– ერთს წელს სუ გაბრუებული ვიყავ, – იტყოდა დარეჯანი, – დახელთილივით დავდიოდი. ერთხელისა, შუაღამისას, დიდი ნაორღვენი მოიდა, დელგმა, ავდარი. არ მეძინებოდა, ვერ მოიხუჭენ თვალნი, ჩამაუდნეს დედა, ნენე მიდგებოდა თვალთწინა. ვიფიქრე: ე ჩამოსადნობი, რას უწევარ ამაში?! მე აქა ვწევარ მშრალად და ეს ამოდენა ნიაღვარი ჩემს შვილს გადასდის თავზედაო. თან ისიც მამაგონდა, რო გველ-ბაყაყები ჩაუძვრებოდენო, ავმდგარიყავ და გავქცეულიყავ სასაფლაოზე. მერავ, როგორ ამოვთხარე, მაშინღა მოვედ გონსა, კუბოს თავი რო ავგლიჯე და სული მეცა, მითამ პირზე სამა ვკოცნიდი. თანდათან გამოვფხიზლდი. მივიხედ-მოვიხედე, დავშინდი: ვაჰმე, არავინა მნახოს, ვინ რას იტყვისო?! მივაყარე ისივ მიწა და გამოვიქე, რაც ძალი და ღონე მქონდა. წყალზე რო ჩამუედ, დავიყურე და მითამ ტირილივით გავიგონე, ჩემის ქალის ტირილსა ჰგვანდა. ჯერ გაბრუნვა გავბედე, მემრე დავფიქრდი: როგორღა იტირებს ჩემი შვილი, მიწაში ჩამპალაო. შევეხვეწე ჩემის მამის სალოცავთა, – დამასვენეთო. მემრე კიდევ გონთ მუედ.
ერთის წლის შემდეგ დედამთილიც მოუკვდა. რიგი ყველას თითონ დაუყენა. ხატში კისრით თითონ მიიყვანდა საკლავს, იგი შორიახლოს დადგებოდა. დასტური მოეგებებოდა და ჩამოართმევდა საკლავთან ერთად ქადა-პურებსაც. სოფლელნი დარეჯანს გამრჯელს ეძახდენ: „დარეჯანი ისე არ დააყენებს ხელთა, როგორც ე ჩამდინარნ წყალნი არ დადგებიანო“. დარეჯანმა გამახარე პატარაობიდგანვე შეაჩვია მუშაობას. უსაქმობასა და უქმად ყოფნას უშლიდა. გამახარე, რაკი იდროვებდა, ტოლებში გაერეოდა, მაგრამ დარეჯანი იმას ჩქარა იპოვნიდა და ხელშუბიანი სულთამხუთავივით წაადგებოდა თავსა.
– რას ეშმაკს უზიხარ ამაში, – ეტყოდა იგი მრისხანედ, – და არ მიეპატრონები ი თავის ბეჩაობასა?
– პატარა ხან კიდევ ვიქნები, ჩემო დედავ, შენი სულის ჭირიმე, – ეტყოდა ყელგადაგდებით გამახარე. იმას სწორებიც მიეშველებოდენ, სთხოვდენ დარეჯანს, ნება მიეცა გამახარესთვის იმათთან დარჩომისა. „დარჩეს ბატარა ხან, ვიფიხვნებთ, ჩემო დარეჯანო, კიდევ, დედაშვილობას, და მერე წავალ-წამუალთ ყველანი. განა ჩვენ საქმედალეულები ვართ?!“
დარეჯანი იმათაც შეუტევდა და მაინც თავისას გაიყვანდა, გაისტუმრებდა გამახარეს შინ. გამახარე დავაჟკაცებული იყო, რომ დედისათვის ერთი მაღალი სიტყვა არ უთქვამს. დარეჯანი გამახარეს ხშირად ქორწილშიაც მიუხტებოდა, “ჯარზეით” ააყენებდა და გააგდებდა სახლში.
– განა სულ ქორწილი იქნება, მწერელჩვილო?! მალე შამოგელევა მუქთი სასმელ-საჭმელი. შენი ქორწილი აი შენი სახლი და საქმეა, არ იცია?!
გამახარე თავისუფლებას, სიამოვნებას მოკლებული იყო, დედის ბრძანებას ვერა სტეხდა; ამისთვის, მართალია, აქებდენ, მაგრამ თავს კი დაჩაგრულადა ჰგრძნობდა.

II
დარეჯანი ვაჭრებს, ჩარჩებსაც სუსხს აძლევდა. ისინი იმას „ახმახ დარეჯანას“ ეძახდენ. ჩარჩებს დარეჯანი ეჯავრებოდათ და დარეჯანს – ვაჭრები, თუმცა კი ისევ იმათგან ვაჭრობდა, ვაჭრობდა და თან ეჩხუბებოდა. გამვლელ-გამომვლელს ჩარჩს ისე არ გაიცილებდა, რომ არაფერი ეთქვა, არაფერი ეწყენინებინა.
რად გეჯავრება ჩარჩებიო, რომ გეკითხა დარეჯანისათვის, „რჯულძაღლებია, გვატყუებენ ბრმა-ყრუს ხალხსა, იმითაო“, გიპასუხებდათ. დარეჯანი ყველაზედ მეტად არუთინას სტანჯავდა. ეს არუთინა ფრიად გაქნილი ვინმე არის. 25 წელი იქნება, რაც იგი ფშავში ჩარჩობს. არუთინა ყველას იცნობს და ყველანი იმას იცნობენ, დაშინაურებული კაცია, ფშაური ფიცი იცის, ფშაურს კილოზედ საუბარი.
– ლაშარის ჯვრის მადლმა, – ამბობს არუთინა, – ეს ჩითი დამპალი არ არის.
– ისე გიშველოს შენმა ლაშარის-ჯვარმა, როგორც შენ იმას მართლა ჰფიცულობდე! – ეუბნება დარეჯანი.
არუთინა თაგვივით წვრილს თვალებს აციმციმებს და თხელს, მოკლე წარბებს შეათამაშებს. ვაჭრობის დროს დარბაისლობს, არ გაიცინებს, თუმცა იოხუნჯებს კი, მაგრამ გამჭრიახი, გამოცდილი თვალი მალე შეატყობს, რომ არუთინა თავიდამ ფეხებამდე სიცრუისაგან, სიფლიდისაგან და ეშმაკობისაგან არის მოქსოვილი. არუთინას ტანზედ ერბოთი გალესილი ახალუხი აცვია, თავზედ ბუხრის ქუდი ახურია, ადგილ-ადგილ ამოგლეჯილი; იმისი ქუდი მგლისაგან დაგლეჯილს ცხვარს მოგაგონებსთ. საბრალოა ეს ქუდი მაშინ, როდესაც არუთინა ვაჭრობს. საცოდავი ქუდი ხან წინ, შუბლზედ გადმოხტება, ხან აქეთ, ხან იქით, ხან უკან, ერთის სიტყვით რომ ვსთქვათ, – არუთინას თავზე ბუქნას უვლის. მეტისმეტი სასაცილო (რა თქმა უნდა, საზიზღარიც) რამ არის ამ დროს არუთინა და უფრო მაშინ, როცა ვაჭრობას გაათავებს, მოსჭრის ჩითს და ახლა საქმე კარაქის, ერბოს აწონაზედ მიდგება. მაშინ არუთინა პატარძლად იქცევა, უცოდველ, უვნებელ კრავად, ტუჩებს მოიპრუწავს, თვალებს შორს გაუშტერებს და აღარ უცქერის იმის წინ წამოჩოქილს ფშავლის დედაკაცებს; ქუდიც დაისვენებს, აჭიმული წარბებიც შეჩერდება. იგი ამ დროს ჰგავს გაზაფხულის გაქუცულ მელას, რომელიც ჩიტებს ეპარება. მაგრამ დარეჯანი არუთინას ისე შეუბრალებლადა და სასტიკად არ მოჰქცევია არადროს, როგორც ერთხელ მოექცა. დარეჯანს ხელში და გულში საბუთი ეჭირა. აი, ეს რა საბუთი იყო: იმავე სოფელში სცხოვრებს მარტოხელი, ალალმართალი კაცი ჯაბანა. ჯაბანას წინა წლებში საქონელი დაულია ჭირმა. ოცის სულიდამ ორი კვებულაღა დარჩა. ჯაბანა დარდისაგან ლოგინად ჩავარდა. იგი იწვა ჩალადაგებულ წნელის ჯინში, რომელიც ზაფხულობით დერეფანში ედგა და ზამთრობით შინა. ჯაბანას სახლში სხვა არავინ გააჩნდა, არც ქალი, არც ვაჟიშვილი, გარდა ანუკასი, რომელიც სულ ფეხზედ ტრიალობდა და თავისის მარჯვენით არჩენდა „დარჩომილს“ მამას. დარეჯანს ანუკა ძლიერ უყვარდა და, როცა კი შეჰხვდებოდა, ეტყოდა ხოლმე:
– ვენაცვალე შენს ქალობასა, შენს გარჯილობასა. ეგრე, გენაცვალოს დარეჯანი, გაისარჯე, შვილო. გაურჯელად არავის რა მოგვივა.
დარეჯანს მამითადში, “მუშაში”, ოჯახის შვილებიც დაიპატიჟებდნენ ხოლმე, მაგრამ ის იმათთან არ წავიდოდა.
– ჯაბანას მივეშველებიო, – იტყოდა დარეჯანი: – უფრო მადლია, ერთი-ორი ძნა რო შაუკონო, იმათად კარგია, – იტყოდა და წავიდოდა კიდეც.
ჯაბანას ემართა არუთინასი ოთხი მანეთი. ორჯელ მივიდა არუთინა ჯაბანასთან ვალის სათხოვნელად, მაგრამ ვერაფერი მიიღო, რადგან მოვალეს არაფერი გააჩნდა. ჯაბანა თითონაცა სწუხდა ამ ვალის გადაუხდელობას და მოულოდნელად წამოიტყოდა ხოლმე თავისთვის: „დახე, შავრცხვი იმ კაცთანა, ვერას ღონეს გავხდი, ვერ ვუშოვნე“. არუთინასაც, როცა ვალსა სთხოვდა, ასე ეტყოდა:
– რა ვქნა, შენის თვალების ჭირიმე, ჩემო არუთინავ, განა არ იცი ჩემი ბეჩაობა, აი დამკვლიე, მეორე წელია ასე დავრჩი და ჩემის ხელით ჩხირი არ გათლილა ჩემს სახლში! განა არ იცი, თუ თავის მარჯვენას არა გამუადნეთ, ძნელია ჩვენი დარჩომა?! მეც აი ქალის ამარასა ვარ, დავწვი, დავდაგე ეგეცა, ეგ ბეჩავი, დაწყდა ნაწლევებში. სხვისაგან ვივალო და შენ მოგცე, ისევ მე ჩემი დამემართება: როცა გნახავ, სირცხვილით სუ ტან-იოგში დავიშლები. მრცხვენიან, განა არა მრცხვენიან, მაგრამ, აბა, რა ვქნა, რა გიყო?!
არუთინამ ბევრი აღარ იფიქრა, მამასახლისს „ამოუდო“ ერთი მანეთი და სთხოვა, რომ ვალში წაერთმია ჯაბანასთვის ის ორი კვებულა. მამასახლისმა აუსრულა ეს თხოვნა არუთინას. ერთს დღეს გზირმა და არუთინამ გამორეკეს კვებულები და წაასხეს. ამ დროს ანუკა სამუშაოდ იყო წასული მეზობლებში.
– რა ვქნა, – სთქვა განაცრებულმა ჯაბანამ, რაკი გადასწყვიტა, რომ მიდიოდა იმის ხელიდამ ერთადერთიღა იმედი, – რა გითხრათ, თუკი ღმერთს არ შაჰხედავთ?!
საღამოზე ანუკა დაბრუნდა, ბევრი იტირა საბრალომ, ილანძღა და იგინა. ანუკამ ჯოხდაბჯენილმა, მკვდრის პატრონივით, საცოდავად გაჰკივლა: „ვაჰმე, ჩამოგიდნესთ პატრონი, ჩემო მირეშავ, ჩემო კუდბეჭედავ! ღმერთო და აი მამის ჩემის სალოცავო, ნურას კარგს მაახილებინებთ იმათ წამსხმელსა!..“ ანუკამ ქვითინით შესჩივლა ეს ამბავი ერთადერთს თავისს იმედს დარეჯანს.
– ვაჰმე, აღარას მიშველა ძალუაო, – ქვითინებდა ანუკა, – რო ჩემი მირეშაი და კუდბეჭედაი ვალში წაუსხამ არუთინას, იმ გმირის კოპალაის ლახტნაკრავსა, იმ შავის მიწის შასაჭმელსა?!
– ჰაი, ეგ რჯულძაღლები, ეგეებიიი! იქნება მართლა?! ვაჰმე, რატომ არ ვიცოდი, ამ თავმოსაკვდავმა, მე ვიცი, რასაც წავასხმეინებდი იმათა. შენ არა გინდა, ძალუაისავ, იმ ძაღლის ჯავრს მე ამოვიყრი, – ანუგეშა დარეჯანმა.
მართლაც, ერთის კვირის შემდეგ არუთინამ ჩამოიარა ორი ცხენით და ძახილით: „ფარჩა ივაჭრეთ!“ დარეჯანი „დილაურის“ საქონელსა სწველდა. მალე თვალი შეასწრო არუთინას და ჩუმად წასძახა ძაღლებს, რომლებიც დარბაისლად ბაკის გვერდზე იწვნენ: „ა, წობანავ, ალაბეშავ, მაგას!“
ალაბეშა და წობანა სიავით გათქმულები იყვნენ სოფელში. მსწრაფლად ძაღლებმა ყურები სცქვიტეს და ტყვიასავით შეუპოვრად დაეტაკნენ არუთინას. გააბუეს, გაჰპენტეს ბამბის ქულასაებ და გადააგდეს პატარა ბექურზე. არუთინა გამწარებული ყვიროდა და ხრიალებდა. არუთინას ცხენებიც დაფრთხნენ. ერთმა მოიყრევინა ბოხჩები, მეორემ – ერბოიანი გუდები. ყველა ეს დაგორდა ქვეით ხევში. ერბოს გუდა გასკდა და წყალივით ერობმ დაიწყო ჩადენა მიწაზე. „მიშველეთ, ქრისტიანები არა ხართ?!“ ჰყვიროდა არუთინა ზემოდამ. „არ დაირჩოს კი, ე დამეხილი, და კაცის ცოდვაში არ ჩავდგე“, – სთქვა დარეჯანმა და გაიქცა მისაშველებლად. გადადგა ბექურის პირზე, შეეცოდა არუთინა დარეჯანს, როდესაც იმის პირზე სისხლი დაინახა და შეუტია ძაღლებს: „წამოთე, წამოთე, თქვე სამგლეებო!“ ძაღლებმა მაშინვე თავი დაანებეს და გამოსწიეს შინათკენ. არუთინა გასაცოდავებული ადგა და კოჭლობით გამოიარა ცოტად.
– თქვე ოჯახდაქცეულებო, – სთქვა არუთინამ, – რატომ არ აბამთ ძაღლებს? ხომ იცით მაგათი სიკაპასე?! ახ, ჩემი ხანჯალი მქონოდა! – ამ დროს შეასწრო თვალი დაღვრილს ერბოს, ტირილი მოუვიდა და უფრო უკადრისი სიტყვები უთხრა დარეჯანს.
– ოჯახდაქცეულიც იყავ და ძაღლიცა! შენ რო მკვდარი იყო, ვისი რა ბრალია?! მთელი ქვეყანა ამაზე არ დადის, შე მიწის ჩამოშაშლელო, – აბა სხვას რომელს მისწვდენ ჩემი ძაღლები?! ნეტავი გაემარჯვა ი მამიჩემის სალოცავსა. დაგეკრა რაი ძაღლებისადა და მაშინ ნახავდი შენს ყოფასა! დაგმეხოს მწარე სიკვდილმა, აგრეა! დაჰკრავდი და მე რაღას ვაკეთებ აქა?! შუბს შიგ ცოფიანს ლაშჩი ჩაქცემდი!..
დარეჯანმა ხშირად იცოდა ესე დამუქრება. დარეჯანი მაშინვე გამობრუნდა და პირზე ღიმილი მოუვიდა. პირველად ეხლა შევნიშნე იმისს პირზე მხიარულება, – ალბათ გული მოიფხანა ცოტად მაინც… არუთინა კი საცოდავად ეფხოტებოდა ბექობზე, ჰფხეკდა და ასხამდა ისევ გუდაში მიწიანს ერბოს. ამ დროს წყალს ნემსკავით ბიჭი მოჰყვებოდა, იშველია იგი, აჰკიდა ცხენს ბოღჩები და ხურჯინები და გასწია დუდუნით თავპირჩამომტირალმა. დარეჯანმა ერთხელ აჰხედა კიდევ და „დაიმეხე, აგრიაო!“ თან გააყოლა.

III
კვირა დღე იყო. ჯერ მზე არ ამოსულიყო. ბერაანთ სახლის ბოლოს, მურყნიანში, წისქვილის სარუის გვერდზე, დარეჯანის ყვირილი, ჯავრობა ისმოდა. იმას ხელი ჩაევლო ორის ბალღისათვის და სახეალეწილი ელაპარაკებოდა ჯავარას, რომელსაც ზურგზე ფქვილიანი გუდა ეკიდა.
– ე ბალღებ სადღა მიგიდის, დაო? – ჰკითხავდა დარეჯანს ჯავარა.
– სიკვდილმა რო დააბუნდოოს ამათი დედა, იქ მიმიდის, – სთქვა დარეჯანმა და თან დაანუგეშა მტირალი ორი ბავშვი: – ნუ იტირებთ, შვილო, დედას-თქვენი მალე მოალის.
– აცა, დამარხე ჯავარაი, მაინც რა არი?
– ის არი, ქალო, რო ამათ დედა გამიხარდას გაჰყოლია, გასტაცებინებია, ბალღებისად თავი დაუნებებავ.
– უყურე, უყურე იმ უნამუსოსა!
– მე კი არ ვიყავ ქვრივი? სხვა რამდენია კიდევა? აბა, სხვას რომენს უქნავ ეგ საქმე, ეხლა მაგ კახპამ რო ჩაიდინა? აუ, ეს რაღა მოვიხილე, თქვენი ჭირიმეთ… მე ხო დავიწვი დილას ამათი ცოდვითა. ჩადუნაობა მივიდოდი, ამათ კარისას გავიარე, გავიგონე ბალღების ტირილ-წიოკი. კარი გარეთაით იყო გადარაზული. გავაღე, შავედ, ეს სუ ბატარიკა ვაჟაი ტირილისაგან მისუსტებული პირქვე წაქცეულიყო და ე დიდ კი-დავიდოდა დახელთილივითა და სჭყვენავდა ყურემარეებსა. ვაჰმე! დედა სადა გყავთო, ვკითხე. კაცს რასამ გაჰყვა, თავის ბარგი და ხურჯინებიც თან წაიღო და წავიდაო, – ე დიდამ მითხრა. მაზლიც არა ჰყოლია შინა იმ დაბუნდუებულსა. – ჯავარა გაფითრებული და გაშტერებული შესჩერებოდა დარეჯანს. – ვაჰმე, განაგრძო დარეჯანმა, სად არი კაცი და პატრონი, დასტაცე იმას ი ბუწეწები და დაბეგვეო, გაუნაყე ი თავრიელა ქვებზედაო!.. ფშავის ხევს მადლი გამეელიაო. ნიადაგ გამეელევა, ნამუსი აღარცა არი და დანდობა, რაადღა უნდა ეხლანდელს დროში კაცს სიცოცხლე? რო მოკვდეს, ის არ ურჩევნავა?!..
– მემრე შენ რას უზამ ამ ბალღებსა? – ჰკითხა ჯავარამ.
– უნდა წავასხა შინა, მანამ ბიძა მაუვალის. მა რა უყვა, შე ჩემთავმამკვდარო?
– კარგია, დაო, დაილამა, – სთქვა ჯავარამ, – მალე მუალის ი კაცაიცა. მე მგონავ, იორზე არი წასული.
დარეჯანი წამოვიდა და ბავშვებიც თან წამოასხა, წამოიყვანა. ერთი ხელში ეჭირა და მეორე ხელი-ხელსჩავლებული მოჰყვანდა. იმან სოფელში ერთი ალიაქოთი ასტეხა. ყველას გული შეძრწუნდა.
– ნურა კარგი მაახილებინოს ამათ დედას ღმერთმა და იმ ჩემის მამის სალოცავმა! რა გაუჭირდა ისითაი იმ ღვთის ნავნებსა, რო დააობლა ეს ბალღები! – დარეჯანმა ბალღებს რძე აუდუღა, აჭამა და დააშოშმინა… ეხლა დარეჯანის წუხილი ის იყო, რომ სადმე შეჰხვედროდა მზევინარსა… ამბობდენ, რომ შეჰხვდა და ატირაო, თუმცა კი მეორე ქმრისათვის თავი ვერ დაანებებინაო…
– თავი დამანებე, ჩემო დარეჯანო, აგრემც გიცხონდებიან მკვდარნი, – ეუბნებოდა მზევინარი თვალცრემლიანი დარეჯანსა, როდესაც იგი თავს წაადგა ერთხელ საქონელში მყოფსა და თავისებურად დაუწყო შოლტვა: – რაღა ვქნა, შავცდი, თავს ხო არ მამაკლეინებთო.
დარეჯანზე სოფელში იმასაც ლაპარაკობდენ, თუ „როგორ აკადრებინა ერთს მოხელეს უკან დაეწია“. ბრძოლა მოხელესთან დარეჯანს თავისის შვილის გამახარეს თაობაზედ მოუხდა. დარეჯანი შეშაზე იყო წასული. იგი იმ დროს დაბრუნდა, რომ მოხელე გამახარეს მათრახითა სცემდა. გამახარე კი მარტო თავზე ხელებს იფარებდა. დარეჯანი აენთო, საჩქაროდ ტვირთი მოიგდებინა და „შესტაცა“, დაუჭირა ლაგმისტარი მოხელის ცხენსა.
– ვინა ხარ შენა? – სთქვა დარეჯანმა ათრთოლებულის, აკანკალებულის ხმით: – რაზე მიკლავ შვილსა, შე ურჯულოვ? – მოხელემ იმასაც მოუღერა მათრახი, მაგრამ ისევ მალე ძირს დაუშო, რადგან დარეჯანი უკან გადგა და შუბი გაუსწორა. – ხელი არ მახლო, ჩემის გამახარეს დღეგძელობამა, თორო!.. – მოხელემ მართლა „უკან დაიწია“ და შემდეგ თავისიანებს აცინებდა ხოლმე ამ შემთხვევით: „რას ვიზამდი, ყმაწვილო, ხანში შესული დედაკაცი იყო. Но подобной женщены еще не встречал! სწორედ სულთამხუთავივით დამეცა თავზე, ერთი ახმახი რაღაც იყო; дикарка, дикарка, чистая дикарка!“
– შენ კი არა გსხიანა ხელნი, შე მწერელჩვილო, შე უგერგილოვო, – უთხრა დარეჯანმა გამახარეს, – რას ეთრეინები?..
– დიდი კაცია, მაგას ხელი არ შაებრუნება, დედავ, რა მექნა? – სთქვა გამახარემ და ჯავრი დედის სიტყვების შემდეგღა შეეტყო, უდროვოდ დარწმუნდა, რომ საქმე წააგო. – მაგას რა ნება აქვ, რო ჩემს კარზე მიხდება და მცემს?! – სთქვა გამახარემ წამოწითლებულმა.
– კარგი, სუ, სუ, ბეჩავო! შენი რა იმედი უნდა მქონდეს. რო დავვარდე, მთელი ქვეყანა გადამქელავს! – დაუმატა დარეჯანმა ამოოხვრით.

IV
დარეჯანს თუმცა თავის სოფელშიაც ბევრი სადავიდარაბო და სავაგლახო საქმე ჰქონდა, მაგრამ ის იქით-აქეთაც გადაედ-გადმოედებოდა. აქ უნდა აღვნიშნოთ დარეჯანის ქიზიყს წასვლა და მიზეზიც ამ წასვლისა. მაშინ მე მოსწავლე გახლდით და სოფლად ვსცხოვრებდი. ერთს დღეს, არ კი მახსოვს რა დღე იყო, დარეჯანმა დილაადრიანად დამაფეთიანა:
– ადე, ბიჭო, ადე, – დამძახოდა თამამად დარეჯანი, – გაგონილა ამ დრომდე ძილი?! სკოლაში იმას თუ გასწავლიანთ, შუადღემდი იძინეთო? ადე, მეჩქარება, საქმე მაქვ! – დარეჯანი ისე დარწმუნებულად და გაბედულად მეუბნებოდა ამ სიტყვებს, თითქოს მოვალე ვიყავი, იმისი საქმე გამეკეთებინა. დიაღაც მოვალე ვიყავ, რადგან დარეჯანს უჭირდა.
– რა გინდა, რა ამბავია, დარეჯანო? – ვკითხე.
– ის ამბავია, შენს თვალთ ენაცვალოს დარეჯანი, შენ ერთი ქაღალდი უნდა გამიკეთო, რა ვიცი, ბილეთს ეძახიან, ბიჭო, თუ მილეთსა, ქიზიყს ვაპირობ წასვლასა.
– ეჰ, რადა ხარ დაუსვენარი, მოუსვენარი დედაკაცი, რა გექიზიყება, იქ რა დაგრჩომია, რაღა დროს შენი აქეთ-იქით სიარულია?
– შენ რაღას ამბობ, ბალღო? – მითხრა დარეჯანმა ხმამაღლა: – მოუსვენარი რას მიქვიან! საქმე მაქვ და მივალ. – დარეჯანმა თანდათან ხმა დაიდაბლა, – ქაღალდში ისე უნდა გამაიყვანო, რო მე ბეჟანის დედიდა ვარ და ქიზიყს დისწულის საძებრად მივალ, – სთქვა დარეჯანმა და თან შუბის ტარი მაგრად დაჰკრა დედამიწაზე.
– რომელ ბეჟანის საძებნელად? ბეჟანს შენი ძებნა რად უნდა?
– იქნება შენ არც კი გაგიგავ ჯერა, ბიჭო?!
– რა? არაფერი გამიგონია…
– ბეჟანი ხო დაიკარგა, შე ჩემთავმამკვდარო, – განაგრძო დარეჯანმა ამოოხვრით, – აღარავინ რა ვიცით იმისა: აღარც შინაურმა, და არც გარეულმა, არც იმის ამხანაგებმა წყემსებმა. ძაღთოდენი ბიძა-ბიძაშვილები ჰყვანან და ერთმა ვერ შაიდვა თავსა და ვერ წავიდა და ვერ გაიგო, სად არი ის კაცი, ცოცხალია თუ მკვდარი? მინდორშიით მოსული ყველა იმას ამბობს: ის დუქანში ქიზიყს მოკლესო, აქით ფული გაეყოლა, ჩამაუდნი, თანა. რაკი ფულს შააგულებდენ, რას დაჰზოგავდენ. უპატრონო, ოხერ-ტიალი ვინმე იქნებაო, იფიქრებდენ… ისე გამაგონეს, იქვე დუქნის ახლო სანაგვეში არი ის ჩამარხულიო, მე უნდა ვნახო ის ადგილები ყველა… სადღა არი, დამარხე დარეჯანი, წინანდელი ერთურთის სიყვარული და დანდობა? ძაღ-ღორი ქვეყანა გახდა: ერთი მეორის სახს გაჰხედავს, გავიგო, კიდევ ამოდისა იმის სახლშიით ბოლი თუ არაო; ერთი ოჯახი მეორის დაბუნდუებასა ნატრობს, რომ აგება იმისი მამულები მე დამრჩესო. იმდენი გეშველოს შენცა, შვილო, და აიმ ჩემს ობოლსაც, – დარეჯანი თავის შვილს გამახარეს “ობოლს” ეძახდა, – რამდენიცა ნატრულობდეს, სხვა გაწყდეს და მე კი გავმრავლდეო, სუყველა მე დამრჩესო… რვა თვეა სრული, რაც ბეჟანისა აღარა ვიცით… აბა, რას შნოზე დაეთრევიან ხატებში და ქორწილებში იმის ბიძაშვილები?! ღთის წყალობა გაქვ და მაქვ, მე კარგა ლამაზა გამოგილანძღე ძოღან თირუზანი. რას ამბობ, ბიჭო, გამძღარი, გალოთებული ციხე-გორობით მოსეეს ჩემთან მოიდა ისი და კიდევ სხვა რაიმ ეტანა, ყუნჭივით დაბალა, წვივსქელა, კისერჩაძვრენილა, თავმამწონარა რაიმა, – გაპოხილა, ძველა ქუდის ჩაჩა ეხურა. ერთის სიმღერით, გნიასით, ცხენხეთქით მოცვივდენ ჩვენს კარზედა. არც კი შაჰრცხვა იმ პირბნელს თირუზანსა, დამიძახა: „მძახალო, აბა არაყან არან გიდგანა, შაგვასმიენ ბატარანი, დაგვალოცვინე, აგრემც დამიტირებო!“
– დაითხიე აქითაო, ვუთხარ, – განაგრძო დარეჯანმა, – თორომა თავ-პირს ჩამოგამტვრევ, შე უგერგილოო, შე ბეჩავოო! აბა, რას შნოზე დასდიხართ მზე-ქვეყანაზე, რატუ არ დაჰკვლევთ თავის თავსაო?.. სად დაჰკარგეთ ი კაცი, რატუ არ მოსძებნითო?! – რა ვქნათ, მძახალო, – მითხრა, – ცუდი დროება ჩამოგვივარდა, ცუდიო! – ცუდი დროა, იმით აღარ უნდა გავიგოთა თავის ცოცხალი და მკვდარი? – სთქვა დარეჯანმა ათრთოლებულის სახითა, – განა კი ვინმე შაშჭამდა მაგ ბეჩავებსა, რო მისულიყვნენ და, სადაც ქვეყანა იძახის, იქ მაეძებნა? რა ვიცი, მკითხავსაც ვაკითხვინე და იმანაც ისე მითხრა, როგორც ქვეყანა ამბობს…
დარეჯანმა მეორე დღესვე ცხენით გასწია ქიზიყს, თავისებურად მორთულმა. იგი, როგორც იყო, ჩავიდა და დადიოდა სოფლით-სოფლად, კითხვა-კითხვით, თითქმის ყველა დუქნები და ნადუქნარები გადასინჯა, „გადაჭყვენა“, მაგრამ თავისის მოგზაურობით იმას გახდა, რომ თუ ფშავში, თავის სოფელში, „დევასა“ და „პარახოტას“ ეძახდნენ, ქიზიყში „მგელკაცი“ დაარქვეს… მნახველები ყველა გააკვირვა დარეჯანმა. ბევრს არც კი სჯეროდა, თუ ის დედაკაცი იყო, „მგელკაცი გაჩნდაო“. ეს ხმა ისე გაძლიერდა, რომ თვით თავისის თვალით დარეჯანის მნახველებიც კი ეჭვში შეიყვანა.

V
ყველაფერს გაზაფხულის ფერი დასდებია. არაგვის ნაპირებზე მურყნები „გაბზინებულან“. გუგული იძახის. არაგვი ადიდებული, „ადევებული“ მოდის. პატარა მდინარეებმაც მოიმატა და ვაი-ვაგლახით მოაგორებენ ლოდებსა, კლდეებს, ხეებს ძირიდამ ჰგლეჯენ, ყურთასმენა არ იყო; განურჩეველი და განურკვეველი გრიალი იდგა. პატარა მწყემსები მხიარულად დარბოდენ მურყნიანებში არაგვის პირას; თვითეულს მათგანს ხელში საჭე ეჭირა. წვერებზე საჭეებს “შატივ” ჰქონდა ძუა გაკეთებული. ბალღები მწყრის გუნდს დასდევდენ. მწყერებს თავშესაფარი აღარსადა ჰქონდათ, რადგან ბალახი ჯერ არ იყო კარგად მოსული. აგერ ორი ბალღი ეპარება მწყერს, ერთი ძერას ხმაზე წივის, მეორე საჭეს ამზადებს, მწყერი ინაბება, ეკვრის დედამიწას. საჭეს პატარა ფშაველი მოუტანს ახლოს და გამონასკულს ძუას თავზე ჩამოაცვამს, მეორე გაუქშევს მწყერი აფრთხიალდება და თევზივით დაეკიდება. უფროსი ამ პატარებში მხოლოდ დარეჯანია; იგი თავისთვის ზის მინდორზე, დარეჯანის გარეშემო ბატკნები დახტიან, ნაზამთრი საქონელი გამლაშებული გაუმაძღრად ხოხნის ახლად შემწვანებულს დედამიწას. დარეჯანის გვერდზე იმისი განუშორებელი მეგობრები მოსჩანან – ერთი შუბი, მეორე ალაბეშა. დარეჯანს წინ უდგია ხოკერი, იგი ფარტენას ართავს. გამარჯვებული ბალღი გაექანა დარეჯანისაკენ.
– დიდიავ, აია! – დაიყვირა იმან და თან მწყერი დაანახვა დარეჯანს.
– გაუშვი, გაუშვი, შე დამეხილო, შენა, – ეუბნება დარეჯანი, – თორო არ ვიცი, რას გიზამ. რას გილევენ ეს ბეჩავები, რო დასდევთ და აწიოკებთ. ცოდვა არ იცითა, რა არის?! კარგი იქნება, თქვენც რო ეგრე ლეკებმა დაგიჭირონთ და წაგასხნათ! – დარეჯანი ბალღს დაუტკბა და დაშოშმინებითა სთხოვა, – მაჩვენე, აბა, დიდიაისავ, როგორია? ვაჰმე, ჩამოგიდნი აგრია, შე დამწვარო! – დარეჯანმა მწყერი გაანთავისუფლა და ბავშვი შემდეგის სიტყვებით ანუგეშა: – მადლია, შვილო, დედილმა, სტუმარია. წავა ეხლა ეგე და დაგლოცავს, გაიზარდე, ღმერთმა დედ-მამა გიცოცხლოს, რო გამიშვიო.
მზე გორის პირს „დაეწვერა“. მწყემსებმა საქონელს გარშემო მოუარეს და გამოირეკეს სოფლისაკენ. საქონლის ბღავილი ბავშვების ჟივილ-ხივილთან ერთად საამოდ გაისმოდა.
– ავაჰმეო, – დაიყვირა ერთმა, – ხთისო წყალმა წაიღო, ბატკანი და ის ორივ ერთად მიაქვსო!
მდინარეს კ-ს მწყემსისთვის ბატკანი მოეტაცნა; ღვთისო თან შეჰყვა ბატკანს, მაგრამ ადიდებულმა მდინარემ მწყემსი და ბატკანი ორივე არაგვში მიიტანა. დარეჯანი თავგადაგლეჯილი გაიქცა მწყემსის მისაშველებლად. დარეჯანმა დაინახა, როგორ ატივტივებდა არაგვი ღვთისოსა და ბატკანს. იგი, გიჟივით, მოუფიქრებლად შევარდა წყალში, მამაცურად ებრძოდა ტალღებს, წყალმა მკერდამდის დაჰკრა. რამდენიც წინ მიიწევდა დარეჯანი, იმდენი წყალი მატულობდა და ისიც ერთად ღვთისოსთან მძიმე ნაზოვრის წყალმა მორევში მიიტანა და კლდეზე მიაწყვიტა. დარეჯანს გონება წაერთვა თითქმის, მაგრამ ხელებს კიდევ აფათურებდა და თან ამბობდა: „სადა ხარ, შვილო, სადა?!“ დარეჯანმა რამდენჯერმე კიდევ წამოიწია ასადგომად, მაგრამ ამაოდ. დარეჯანი და ღვთისო ორივენი დაიღუპნენ. დარეჯანი ვეღარ დავინახე. ქვეით, შორს წყალმა ამოაგდო იმისი შავი თავმოსახვევი. დარეჯანი საუკუნოდ გამოეთხოვა წუთისოფელს. ზედაც დაბნელდა. მთებმა შავი ნაბდები წამოისხეს და მაღლიდამ ამაყად გადმოსცქირეს არაგვის ხეობას… არაგვი შეუშფოთრად, უდარდელად მიაქანებდა თავქვე ტალღებს… ხმა არაფრისა ისმოდა, მხოლოდ წყლისჩიტა ნამგლის მსგავსის მხრების თახთახით-კანკალით არაგვის პირ-პირ „წივ-წიო“ – ს გაიძახოდა.
კომენტარები (0)