ფრაგმენტი დღიურიდან


გადაშლილია გულის ზეგანი,
გულის კორტოხი, მზვარე თუ ტევრი
და უნებლიე მოგონებანი,
უნებლიეზე ძალიან ბევრი.

და სადაც ველი ხსოვნის ავსებას,
ტკივილით დიდხანს ვრჩები იქავე,
ხოლო დუმილის ძველი არსება,
საკუთარ თავსაც ვეღარ იკავებს.

ვერ გამაკვირვებ, ახლა, ვერაფრით
(ყველა "არა"-ზე გითხარი: "კი"-თქო)
ისე ეცემა ფანტელი თითქოს,
ჩამოუშვია ფრთები სერაფიმს.

და დღეცისმარე ზრახვას ბიწიერს
ვახშობ, საკუთარ "მე"-ს თუ ვერევი,
არყოფნისაკენ გადავიწიე
და ფერი გამყვა ყოფიერების.

ბოლო ხმიადსაც, ალბათ, მიცხობენ
და ცხვება ჩემთვის ბოლო უარიც
და რა ხანია, მიდის სიცოცხლე,
როგორც ზედმეტი რეპერტუარი.

და დარჩენილიც წლებმა შებინდა,
იქ, სადაც მუქი ცისფერს ერევა,
წვეთავს ყინულის ლოლუებიდან,
ზამთრის შავ-თეთრი მეხსიერება.

... შენ კი, ვინ იცის, აწყობ ჩემოდანს
(მე აქ დარჩენას თუ კვლავ ვუგალობ)
და კარგად იცი, რომ უჩემოდაც,
მატარებელი გავა უბრალოდ.

გავა და თითქოს წარსულს წაიღებს,
სიმუნჯეს რელსის გაღმა-გამოღმა,
მე კი დამრჩება გზა არსაითკენ,
დიდი ხნის წინათ სხვაც რომ გამოჰყვა.

და ღმერთმა იცის, ასე თუ ისე,
სად შეყოვნდება წუთი მრავალი,
რომ ან წარსული მომიგრეხს კისერს,
ან, ბოლო-ბოლო, თვით მომავალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი