ვბორგავ დავიწყების ზღვაში ..


ვბორგავ დავიწყების ზღვაში,
ზღვა ჩემშიც ხმაურობს იქვე,
ერთხელ კამარას რომ გავშლი,
ასჯერ ჩავემხობი პირქვე.

ვსინჯავ მოწოდებულ სასმურს,
როგორც ადუღებულ ტყვიას,
მას, რაც გადაურჩა წარსულს,
უკვე მომავალი ჰქვია.

პწკარებს შეშრობია ერთ დროს,
ცრემლი რამდენიმე ოყა,
ზეცის ჩამოქცეულ ერდოს,
ბევრი ნანგრევებში მოჰყვა.

წასვლის მაუწყებელ ბუკებს,
სულ სხვა მიუღიათ წონა,
ბოლო სურათიდან უკვე,
ორჯერ ათი წელი ჟონავს.

ვეღარც ამ რუტინას ვიტან,
"ბითლზის" მობეზრებულ ჰიტებს,
ახლა გაწყვეტილი სიტყვა,
თავად უთქმელობას იტევს.

შენგან მოწოდებულ სასმურს,
ვხაპავ ადუღებულ ტყვიას,
მას,რაც გადაურჩა წარსულს,
უკვე მომავალი ჰქვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი