* * * შენ დაგივიწყეს-გამტყდარი სარკე,
შენ დაგივიწყეს-გამტყდარი სარკე, ბროლის ტკივილით დაბლა დაეშვი, როგორც შემთხვევით გაღებულ სარკმელს, მე მოგაფარებ ფარდას კაეშნით. მებმის სარკმელი (ვერაფერს ვარკვევ) როგორც შენობას, მიჯრით ნაშენებს, ხომ აირეკლავს სურვილის სარკე, წელზე რომ ხელებს შემოგაშველებ. გულის ღიობი თუ შეგრჩა ღია, ვიდრე შერისხავს ბოლო ქუხილი, მე დაგივიწყებ, ყველაზე გვიან, ლურჯი სიშორის მწარე წუხილით. ლოდინის ფერიც, უჩვევი ჩვევით, თუ შეერია ბალახს ნაწვიმარს, წვიმის წვეთები, შენი და ჩემი, იმ უჩვენობამ გაინაწილა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი