უილიამ შექსპირი. სონეტი #146
საბრალო სულო, სხეულში ხარ გამოკეტილი და ზეზეულად ჩამომჭკნარა შენი ფურცლები, უკვე გადახმა, რა ხანია, მორჩი კეთილი, შენ კი გარეგან სილამაზეს ეკეკლუცები. ყველა საუნჯე სხეულს რატომ უნდა მიერთვას, როს წარმავლობას გაუშლია ფართოდ აფრები, სხეული-ხრწნადი, განჩინებით ცათამიერთა, ოდენ ჭიების წილხვედრია, სხვა არაფერი. იდიდე, სულო! ზეციური გერგოს დიდება და დაიმონე მიწიერი, უღვთო კრებული, მთელი სიმდიდრე ღვთაებრივი შენი იქნება, ხორციელ ტკბობას თუ არ იქმენ დახარბებული. და მხოლოდ ასე მოიპოვებ თავისუფლებას, როცა სიკვდილსაც დაამარცხებს შენი სუფევა. ინგლისურიდან თარგმნეს ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი