ჩვენი აღმოსავლეთი


შენ, შენ მეათასე ღამის
ბოლო ზმანება ხარ.
ათასმეერთე აისის მოლოდინში გარინდებული,
შეჰერაზადას სიტყვებივით უსასრულო,
ყარაყორუმის უდაბნოთა სიღრმეში
ჩაკარგული ალაჰის ექო.
და დღეცისმარე, რეალობას გარიდებული,
კვლავ მიიქცევი იმ წიაღთა უსამანო ნაპირებზე.
მითხარი, ეს სივრცეა უსაზღვრო
თუ საზღვარი უსივრცო.
მითხარი, ნუთუ აღმოსავლეთშია
ჩვენი იდუმალი ნოტა.
შენმა და ჩემმა აღმოსავლეთმა, კარგა ხანია,
საღათას ძილს თავი დააღწია
და იმ ფანტასმაგორიულ რეალობას დაუბრუნდა,
დილა რომ შენი დილისფერი თვალებით
და ჩემი მოზღვავებული მაჯისცემით იწყება.

იქნებ, ამ სამყარომ ჩვენი სახელები,
შენი და ჩემი,
ჩემი და შენი,
მრავალბეითიანი ყაზალის რედიფივით უსასრულოდ იმეოროს
და ამ მონორიმულად გარითმულ
სტრიქონთა შორის
ვეძიოთ სიყვარულის მარცვლები.
და ნალღობი ყინულის გემოსავით კი არა,
სიცხის გავარვარებული შემოტევის
მსგავსი იყოს შენი არსებობა!

ჩვენი აღმოსავლეთი
სამყაროს უდიდესი ნაწილი კი არა,
მიწის ერთი,
სულ უბრალო მტკაველია,
შენი თმის ტალღოვანი ჩქერივით მონანავე ტიგროს-ევფრატით,
ხსოვნის უშრობი ჭიდან ამოყვანილი
იოსებ მშვენიერით
და დერვიშთა ყოფაზე ნათქვამი
იმ უცნაური არაბული ლექსით,
ფარსმან სპარსმა რომ ამოიკითხა ოდესღაც ხეოფსის პირამიდაზე:
"გახდი დერვიში, უსამშობლო გლახაკთაგანი".

... და მემატიანე მოგვითხრობს:
მკვლელმა რომ შამსე თაბრიზის ცხედარი ჭაში ჩაუშვა,
წყლის საშოში ჩაეფლოო გვამი
და გაწყალდაო, ანაზდეულად, ჟამთასრბოლა.
ხოლო მკვლელს წყლის ჩქამი არ გაუგია
და გახდა იგი ერთი
დერვიშთაგანი,
მონანულთაგანი,
გლახკთაგანი.


და დღემდე
ციბრუტივით ტრიალებენ,
შეჰღაღადებენ,
განსჯიან,
განისჯებიან,
მღერიან,
უმღერიან
და მარადმედინი დრო ჩვენსავით ერთ ადგილს კი არ ტკეპნის,
მიედინება!

ჩვენი აღმოსავლეთი,
შენი და ჩემი,
ჩემი და შენი!
არ იცვლება!

პირველყოფილ სიამოვნებასთნ გაუცხოების 
მწკლარტე გემო ჯერ არ მიუღია,
ჯერაც ახლადფეხადგმული ბავშვის ღიმილივით
მარადისობას ელაციცება.
ჯერაც!
მაგრამ უკვე მოახლოებული სიგნალი იუწყება, რომ
იმ უბედურ სამყაროს თუ უსამყაროობას ვუახლოვდებით,
სადაც მოზღავებული
აღტინების ფონზე,
ისლამური რევოლუციის წლებში,
შირაზის მოკრიალე ციდან
მიწაზე ჩამოვარდნილი 
სავსე მთვარე,
სოფლის ბიჭებმა 
ნახევარმთვარედ გამოჩორკნეს.
... და მე მეშინია და მგონია,
რომ იმ გულშეღონებული მთვარის კრატერში
შიშის დიდი ლავა თუხთუხებს!
ვაითუ, ეს ლავა მოედოს, ახლა, აღმოსავლეთს!

ალაჰმა დაიფაროს!

...მე კი პირველყოფილ იდილიას დავუბრუნდები,
სადაც, ჩეროში, დავიწყების შავ_თეთრი
ჰამაკით ირწევი
და სხვათა შორის გეტყვი, 
რომ მავანთათვის
არაფრისმთქმელი სახელები,
ჩვენთვის იდუმალი ნიშნითაა დაღდასმული,
რომ ასე უმღერია სიყვარულისთვის
ომარ ხაიამს:
"ვისაც ამ ქვეყნად უცხოვრია უსიყვარულოდ,
მე ვცხოვრობდიო, მას ამის თქმის არა აქვს ნება".
...და ასე ჩაიფურცლება
დროისა და ხსოვნის კრიალოსანში
ღამე ათასმეერთე.
ჩვენი აღმოსავლეთი,
შენი და ჩემი,
ჩემი და შენი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი