* * * შემომრჩი ხსოვნად, როგორც სიმწვანე


შემომრჩი ხსოვნად, 
როგორც სიმწვანე
ტყეს შემორჩება, ბოლო მადლივით,
ვინც კი ათასში
ერთხელ ვიწამე,
აღმოჩნდა ცრუზე ოდნავ ნამდვილი.

და გაღმა, როგორც
სიჩუმის ტევრი,
მაღლდება ცამდე ცოდვის აურა,
ვიქცევი, როგორც
იქცევა ბევრი,
ვინც კი შეაკრთო, ოდნავ, ხმაურმა.

იმედად დამრჩა, 
შენი თვალების
ნაცნობი ელვა ხსოვნისთვის ვლექო,
რომ ხმა შევუწყო 
აკანკალებით,
იმ უშენობის უშორეს ექოს.

ჩამომექცევა, ალბათ,
ჭერივით,
რასაც ვმალავდი, მხოლოდ, შენამდე,
სანამ ტყუილში
გამომიჭერენ,
ერთი სიცრუეც გამიფერადე.

და შიშნარევი
დროის მახვილით,
დავდგები, ბარემ, ბოლო აღაპზე,
როცა სიჩუმის 
ამოძახილი,
ნატვრის პეშვებსაც ცრემლით აღავსებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი