ფრაგმენტები დღიურიდან
(20. 07. 2016წ) დღეთა სითეთრე, ფურცლის სუნთქვა გამაჩნდა გვერდით და შხამნადუღი სიმარტოვის მწარე აურა, შენ მოგონების ფერად ნოტებს სიფითრით წერდი, დრომ რომ მომაგო, იმ სიშორის ყრუ საზღაურად. უსაყვარლესო! დღეს დუმილი, შენსავით მძაფრი, ბაგიდან ჩუმად დაიღვრება, შავ-თეთრ გამებად, თუ ვინმე იყო, შენ იყავი ის ბოლო ძაფი და ბოლო ლექსის სევდიანი აკამკამება. გმადლობ ათასწილ! თუ ამაზე მადლობა ითქმის, როცა მზისაკენ მიირწევა ბნელი ამალა, სიშორის ფერიც ჩაინავლა მზერაში თითქმის და ცისკიდურზე ერთხელაც ვერ შეიფრთამალა. ტკივილს, იმედის ხელებამდე პეშვით ატანილს, კარგა ხანია, დაქანცული, შევყურებ ცერად, ჟამიდან ჟამზე ისე მხატავს ჩუმი მხატვარი, როგორც პორტრეტზე უსიცოცხლოდ დალექილ მზერას. წერილს გუშინდელს შენი თავი დააკლდა თუნდაც, ბოლო სიტყვებიც უსიცოცხლო თარიღს მიება, ესენინივით საკუთარ თავს შევპირდე უნდა, რომ ზამთრის ბაღში არ დავიწყებ ვარდის ძიებას. "Коль нет цветов среди зимы, Так и грустить о них не надо.".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი