ბებია
სკოლიდან მისული ბებიამ შემიცხადა: ,,რავა დაბორბლილხარ და დასვისრულხარ,ბებია“ ...ლოყები გამიხურდა ბებიას შეშინებული სახის დანახვაზე .გავიქეცი და კედელზე ჩამოკიდებულ პატარა სარკეს ჩავაჩერდი. სულ ერთიანად მქონდა სახე დაფარული წითელი წინწკლებით. ,,ვენაცვალეე, ვენაცვალეე, კაი ბატონებსაოო ’’– წაიმღერასავით და ხელი ჩირივით გამჭკნარ ლოყებზე მიიდო. აკანკალებული ხელი ფრთხილად მომხვია და ოთახში მდგარი მაგიდისკენ მიბიძგა,რეზეც დაბრაწული ,ცხელი ხაჭაპურები ჩაემწკრივებინა. ,, ჭამე შენ გენაცვალოს შენი ბებია“ – ხვეწნა– მუდარით შემომხედა მაგრამ ჭამის სურვილი საერთოდ აღარ მქონდა, ლოყები და მთელი სხეული მიხურდა. სიცხისაგან მოთენთილს არ მიგვრძნია,როგორ გამხადა ტანთ და ჩამაწვინა ლოგინში.როცა გამოვფხიზლდი, ჩემი ოთახი ვეღარ ვიცანი, ყველგან წითელი ბუშტები და მატერია ჩამოეკიდ–ჩამოეფარებინა. ოთახის მეორე მხარეს ჩვენი მეზობლის ქალები ჩაცუცქულიყვნენ და ძალიან ჩუმად და ტკბილად მღეროდნენ: ,, მოუოხეთ , მოუოხეთ ბატონეეებო. ლამაზი ბატონებია ია და ვაარდი ფენიიია“. მე რომ შემომხედეს,სიმღერას უკლეს და აჩურჩულდნენ, მგონი იღვიძებსო. მე ისე მესიამოვნა მათი სიმღერა,რომ ისევ დავხუჭე თვალები და დაველოდე მათ ამღერებას. ,, დატკბით, დაშაქრდით,დაამდით, იიავნანინაო“– ,,ეს ბებიაჩემი მღერის, ნამდვილად“– გავიფიქრე, ბებიას სმენა არ ქონდა და მომღერლების მერე მისი სიმღერა აღარ მომეწონა. გადავბრუნდი მეორე გვერდზე და ახლა ისევ ტკბილად ჩამესმა ყურში ,,მოუოხეთ,ბატონებოო“. თვალები გავახილე, წამოვჯექი და ვიგრძენი ყველამ ერთად როგორ აწია თავი და გამიღიმა. ,, კაი ბატონებს ვენაცვალე, როგორ ხარ ,შვილო?“ – მკითხა ბებიამ და ახლაღა შევნიშნე მის სახეზე ჩამომრგვალებული ცრემლები. ,,კარგად, ბებია, კარგად“ –ვუპასუხე და ,,ჰოპ“ ბებიას ჩამოვეკიდე კისერზე მათზე უფრო ომახიანად წამოვიწყე: ,, დაატკბით,დაშააქრდით,დააამდით, იავნანინაოო“ ... ოთახი სიცილ–ხარხარით აივსო, მომეჩვენა რომ იცინოდა იატაკი,ჭერი, კედელი და ზედ დაკიდებული ბაბუაჩემის გადიდებული სურათიც,რომელიც თითქოს მეუბნებოდა,ბებია შეიცოდე, ეყოფა დარდიო.ჰოდა, ჩვენც ვიცინოდით და ვიცინოდით ,,ბატონებთან“ ერთად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი