მამა, მე მინდა მოკვდე.
არ მაგონდებიან ის დღენი, დაუვიწყარია. დგებოდი დილით საწოლში და კილომოქცევით ყვიროდი: „-შვილო! ...“; მერე მკლავებს აწყობდი, ჩემს ხელზე აწყობდი, და ბედნიერებას სიყვარულივით უშვებდი ვენებში. მინდა ახლა სასწრაფოდ გამოვიქცე, და ქურქი ჩაგაცვა ტანზე სიჩქარით. მერე სახლის კარები ერთად მოვკეტოთ, თბილი პირჯვარი გადავსახოთ გარედან და გარეთ გავიდეთ. თოვლს თბილი ფეხსაცმლის ძირით შევეხოთ, ხელები მოვხვიოთ ერთმანეთს და დროები გავცვალოთ. მაგრამ არა თოვს, როცა თოვდა შენ მუშაობდი. ახლა სიცხეა, უკალაპოტოდ გდიან წვეთები, და საწოლში ბორგავ. მერე დავბრუნდეთ შინ და დედას ვუამბოთ სქელი ფიფქები, ჯიბიდან ამოვიღოთ ფანტელები და კედელზე გავკიდოთ, და უკნიდან მივაწეროთ „სახსოვრად და მოსაგონრად“, 2004; მაგრამ ახლა რომ გიყურებ... ზემოდან რომ გიყურებ... ყალბია ყველა გძნობა, რომელიც აღწერს... ყველა სიტყვა ყალბია დასახტავად, შავფერ პალიტრას.. დიდხან რომ გიყურებ, მე მინდა, მოკვდე. და ჰაერი მიმაქვს შენი ოთახიდან და, მა, შენ ფილტვებს ხუჭავ, უნდა დახუჭო... ფანჯრები უჩვენოდ გაიღებიან, მიდი, გაცვალე ეს დედამიწა სხვა პლანეტაში, შენს ტკივილს ჩვენ მოვიპარავთ. მამა, მე მინდა მოკვდე, თეთრი საბანი გადაგახურო, ბებერ შუბლზე გაკოცო სველი თვალებით და განუგეშო, შენ მიწაში სხვა სახლით ჩახვალ, სხვა ოჯახით ჩახვალ, მე თვალებს შენს ბებერ კანზე შევიშრობ წინასწარ, და თუ მოგწყურდეს, ჩემი ცრემლები მოსვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი