როცა ვამბობ "ჯანდაბას ყველაფერი".


და თუ რეალობა ცარიელია 
და სავსეა მოწყენილობით 
და ერთი და იმავე გრძნობით, 
რომელიც საშინლად დამქანცველია,
მაშინ ჩემი შეთავაზება იქნება ამ რეალობიდან მოწყვეტა: 
არარეალური კი არის ის, 
რომ შევხვდეთ და ვიაროთ ერთად. 
სკოლის, უნივერსიტეტის და მისგან (იდეაში) მოსული ყოველგვარი სხვა წიაღსვლების გარეშე.
დამიჯერე, მათ უნდათ, რომ დაიკავონ ჩემი ახალგაზრდობის დიდი პროცენტი, მე ეს არ მინდა.

სანამ ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭი ვარ,
და ჩემი ლექსები იბეჭდება სხვადასხვა გაზეთებში, 
(რომლებსაც სიამოვნებით დავასახელებდი, რომ არ მძულდეს.)
მინდა მოგიყვე ყვითელი უცნაურობა:
კაცი, რომელიც კარტოფილს ყიდის, თავად ღორის ხორცს ჭამს.
ხოლო კაცი, რომელიც საკუთარ ლექსებს ყიდის,
მშიერი რჩება.
ჩემი ერთი ლექსი ღირს 4 თეთრი.
2 ლექსი - 6 თეთრი და თუ საერთოდ არ გინდა, ის უფასოა.

და მე არ ვიცი, თუ რატომ უნდა გჯეროდეს ჩემი,
და უფრო მეტად არ ვიცი, გარეული ხარ თუ არა იმაში, რომ მე შენთან მინდა.
არ ყოფილა სისულელე ჯერ ისეთი სასარგებლო,
და სიყვარული ყოველგვარი
განათლების გარეშე.

მე მეყვარები.

მაშინ რა მოხდება თუ 
თეფშზე მხოლოდ შემწვარი კარტოფილი,
ჭიქაში კი ნახევრამდე შევსებული წყალი გვქნება?

მამაჩემი ამბობს, რომ მთავარი სიყვარულია.
ბებიაჩემი ამბობს, რომ მთავარი სწავლაა.
დედა კი ამბობს, რომ უსწავლელს ეყვარება, მაგრამ ცალმხრივად, მაგრამ ტანჯვით.
ჩემი ძმა ახალგაზრდაა, ის არაფერს ამბობს სიყვარულზე.
ჩემი ძმა საერთოდ არაფერს ამბობს.

მე ახლა საშინლად მოწყენილი ვარ, 


და შეთავაზებას ვტოვებ ძალაში:
რომ ეს რეალობა არის და იქნება
მოწყენილი, მონოტონური და სევდიანი,
ბოროტი და უსიყვარულო,
(არ ვიცი, იყო თუ არა ასეთი, იმ დროში, როცა (როგორც ამბობენ), მართლა უყვარდათ)
და რეალობიდან მოწყვეტა ახლა ერთგულებაა
და არარეალური ახლა მართლა სიყვარულია.
და მეყვარები სამ ენაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი