ჩივილი ხმლისა


-დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში,
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
-სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიოდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
არას დასდევდა სიკვდილსა,
ოღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ… დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალიან ჩემთვისა,
ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამაგდებენ გირაოდ…
და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს
„არშინის”, „ჩოთქის” გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,
არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა;
მისი ხმა აღარ მსმენია:
„გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო?!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Zura88ხელოვანი7 თვის წინ

ვაჟას ფენომენი დღემდე ამოუცნობია.👍❤️

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი