ხევსურ გოგოს
ღმერთის სახელი გიხარის ინგა, არ დამიმწიფე განგებ ოზები. ჩემს ხევსურ გოგოს მითხარით ვინ ჰგავს? ღმერთებმა მითხრეს ანგელოზები. უნდა იცოდე გოგოვ გავმწირდი. ჩემს ტონს როდისღა დაეტონები? ახლა წამოვალ როგორც დაგპირდი, პეგასშებმული ფაეტონებით. მომყვება ლექსის მთელი ამალა, რითმები ფლანგზე კავალერიობს. და ბუტკოს რო ცა ღრუბლით დამალავს, ქარს ვთხოვ ამბორით დამამტვერიოს. ვკაფე და ვწმინდე , გზა ტევრიანი, მთებს შორის ერთ დიდ ბანად ვირევით. მოვალ პოეტი სატევრიანი და მომაქვს ლექსი ნანადირევი. წყალს ეზიდები ალბათ თუნგებით, მე , კი ჩემს მხარზე დაგითუნგებდი. რომ გაქვს ოცნება გაბათუმების, არც მაგ ოცნებას დაგიჩლუნგებდი. უკვე გასვლია ვადა უარებს. მედგრად დაუდექ გრიგალს მინებო. შლეგ ქარიშხლებსაც გადაუარეს და გულზე მშვიდად მიგაძინებო. დროა გრძნობები ვატაძრიანოთ, შენ გელოდები ფატით ციდანო. გაგხვევ ნაბადში ტალავრიანო და წამოგიყვან შატილიდანო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი