9 აპრილის გმირები


დღეს ყველა სიტყვას ცრემლებით ვხაზავ,
ეს ტრაგედია მოგვიწყო ვინო?!
შენ იქ გმირულად დაეცი, აზა,
სადაც შეაკვდა მრბეველებს ნინო.
აქეთ მოგიწყეს ნიჩბით მიტინგი,
რა სისხლიანი დღეა, თამუნა,
არ იკადრებდა ამას ვიკინგიც-
ვინც ტორი ამათ მოუთათუნა.
ახლა სიმწრისგან ვუკბინე ნეკას,
ეს ცხრა აპრილი ცოდვა მათია-
ვინც მოუსწრაფა სიცოცხლე ეკას,
ვინც არ დაინდო ბავშვი, ნათია.
მაშინ შენ ქრისტეს გქონდა ასაკი,
რომ გაგისტუმრეს ღმერთთან, მანანა.
ხალხი არაა, ბრბო და მასა კი,
ვინც გაპატიათ და არ განანათ-
ვინც გეფერებათ აპრილის ჩამდენს,
მე მათ ჩავაცმევ ლაჩრების შარვალს.
ვერ გაბედავდა იგორი ამდენს,
შიგნითაც ჰყავდა ეშმაკი მტარვალს.
მარად დარჩება თქვენი სახელი,
კავკასიონზე თვალები გალღვა.
ვენაში დუღდა სისხლი კახელის,
რომ ეზვარაკა სამშობლოს შალვა.
ნაავადმყოფარ ქვეყანას კურნავ,
შენი სიცოცხლით ოღონდ, ვენერა.
ქვეყნიერების სანაგვე ურნავ,
ვაცად ვერ აქცევთ მარტო გენერალს.
ზოგი იმსხვერპლა მხუთავ აირმა
და ზოგს უშენდნენ სამხედრო ნიჩაბს.
ებრძოდა ტანკის გრუხუნს ზაირა,
გულზე მუხლუხის კვალები გვიჩანს.
სამოცდაათი წლის მოხუც თინას-
კლავენ- გვაწამეს ამდენი წელი.
მამაო ჩვენო, ცათაო შინას,
რომ ლოცულობდით დაგესხათ მკვლელი.
თავისუფლებას ითხოვდა ნანა,
რა დააშავა ასეთი ნატომ?
დღეს შერიგების პროცესი დგანა,
პასუხს არა სთხოვს არავინ რატომ?!
რა შერიგება?  ვის ურიგდებით,
დათვი რომელიც ჩვენს სისხლში წვანა?!
მტერთან ლაქუცით და ყურისგდებით,
გვაპატიებენ გმირები განა?
რადგან მუცელში აპრილი ვიგრძენ,
იმ დღეს მუცელი ტკიოდა დედას.
აპრილის დღეებს მოაკლეს სიგრძე,
არ ვაპატიებთ ოცდაერთ ცხედარს.
გმირებო: თამარ, მარინა, მზია,
მამუკა, გია, თამუნა, ნოდარ,
მანანა... გვჩუქნით ჩვენ დროშას, მზიანს,
თავისუფლების დამკვიდრდა დრო და...
გადაშენება სურდათ ერისო,
რადგან ორსული მოკლეს ელისო.
ჰოდა,  პოეტი მქვია მე რისო,
არ შეგახსენოთ გესლი გველისო.

/პაატა სურმანიძე/(პოეტ პოეტიშვილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი